"თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ხართ ხალიფატისგან და საქართველოში ვერ მოვაღწევთ" - ISIS-ის გზავნილი ქართველ ხალხს?! - კვირის პალიტრა

"თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ხართ ხალიფატისგან და საქართველოში ვერ მოვაღწევთ" - ISIS-ის გზავნილი ქართველ ხალხს?!

"იმ პერიოდის ქართველები გაცილებით მეტი ვაჟკაცები იყვნენ, ვიდრე დღევანდელი საქართველოს მაცხოვრებელი ისლამის მტრები, ვინც მართავს სახელმწიფოს და მუსლიმანებს"

ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით თითქოსდა მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი "ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან.

იხილეთ ვიდეო: გზავნილი ქართველ ხალხს ISIS-ის სახელით: "ჩვენ თქვენ გვერდში ვიყავით, ალაჰმა ინება და აქ მოგვიყვანა"

"მივმართავ საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძვიან ისლამს, ვისაც დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ - ეს იქნება ერაყში, ეს იქნება ავღანეთში. ყველა თქვენი ცუდი ნამოქმედარის გამო განისჯებით ღმერთის კანონით. ღმერთი ძალიან მკაცრია, აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ გონს მოუხმოთ და შეეშვათ მუსულმანების დევნას. ყველა თქვენი ნამოქმედარი, რომელიც მიმართული იქნება ისლამის წინააღმდეგ, უპასუხოდ არ დარჩება. ყველა არასწორი ადამიანი, ყველა ბოროტმოქმედი, ვინც ისლამის საწინააღმდეგო საქმე ჩაიდინა, ყველა ადამიანი აგებს პასუხს. დადგება სულ მალე თქვენი თავების მოჭრის დროც. თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ხართ ხალიფატისგან და საქართველოში ვერ მოვაღწევთ, თუმცა შეგახსენებთ იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში იყო ხალიფატი. იმ პერიოდის ქართველები გაცილებით მეტი ვაჟკაცები იყვნენ, ვიდრე დღევანდელი საქართველოს მაცხოვრებელი ისლამის მტრები, ვინც მართავს სახელმწიფოს და მუსლიმანებს. ეს დრო ძალიან მალე მოვა ღმერთის კანონით, ღმერთის წყალობით", - აცხადებს ერთ-ერთი მებრძოლი.

კიდევ ერთი მებრძოლი კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო წინამძღოლებს ემუქრება.

"დღეს აჭარაში არიან ისლამის წინამძღოლი ე.წ. ხოჯები და მუფთები. თქვენ, დიდი ცოდვა გადევთ კისერზე, რადგან მაგ უბრალო ადამიანებს, რომლებმაც ისლამი არ იციან, თქვენი ლამაზი სიტყვებით უბნევთ გზას, ცდომილებას აჩვენებთ ჭეშმარიტებად, ჭეშმარიტებას კი აჩვენებთ ცდომილებად. თქვენ თვითონ არ ხართ მუსლიმანები, თქვენ თვითონ ხართ ტაგუტის თაყვანისმცემლები და ეგ ხალხი თქვენ ნაკვალევს მიყვება. ნუთუ არ შეგეშინდებათ ალაჰის, რომელმაც ერთი წვეთი სისხლისგან გაგაჩინათ. მოკვდებით და წარდგებით მის წინაშე. ყოველი თქვენი ნამოქმედარის გამო პასუხისგება მოგიწევთ ალაჰის წინაშე. გეშინოდეთ ალაჰის, ნუ გეშინიათ ბინძური წინამძღოლების, ნუ გეშინიათ მათი ბრძანებების, რომლებსაც თქვენ უყოყმანოდ ასრულებთ", - აცხადებენ მებრძოლები.

ვიდეომიმართვაში ერთ-ერთი მებრძოლი ხვიჩა გობაძეა. "ინტერპრესნიუსი" ხვიჩა გობაძის მამას, ილია გობაძეს დაუკავშირდა.

ილია გობაძის ინფორმაციით, მას აღნიშნული ვიდეომიმართვა არ უნახავს, თუმცა აცხადებს, რომ მისი შვილი საქართველოში არ იმყოფება.

"ჩემი შვილი დაახლოებით ორი თვის წინ მეგობრებთან ერთად წავიდა თურქეთში სამუშაოდ. მას შემდეგ რამდენჯერმე მქონდა კონტაქტი, თუმცა საქართველოში არც ერთხელ არ ჩამოსულა.

მე არ ვიცი ამჟამად სად იმყოფება. არ ვიცი რა მუქარის გზავნილებია, ინტერნეტი არ მაქვს და არაფერი მინახავს, მაგრამ აქ რომ არ არის ჩემი შვილი, ეგ ვიცი", - განაცხადა ილია გობაძემ.

"ინტერპრესნიუსი"