"წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ქართველობას ვერავინ ჩამომართმევს" - რას პასუხობს სააკაშვილი მარგველაშვილს
"ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ამით ყოფილმა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ჩვენს ქვეყანას"
"ეს გადაწყვეტილება მიღებულია რუსი ოლიგარქი ივანიშვილის დაშინებული, ხავსმოჭიდებული, უუნარო ხელისუფლების მიერ"
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, უკვე მოქალაქეობაჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილი ამ ფაქტს გამოეხმაურა და მოქმედი პრეზიდენტიც გააკრიტიკა. თუმცა, მარგველაშილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ისე ქვეყანას.
"მიხეილ სააკაშვილს დღეს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და სამართლებრივად ეს არის ერთადერთი პროცედურა, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა იცნობს. პოლიტიკურად კი - ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს, იმიტომ, რომ ამით ყოფილმა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ჩვენს ქვეყანას".
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის "დაშინებული, უუნარო ხელისუფლების" მიერაა მიღებული.
"როგორც მითხრეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩამომართვა საქართველოს მოქალაქეობა. თავი დავანებოთ იმას, რომ ალბათ ეს კაცი მხოლოდ ამ იურიდიული აქტით შერჩება საქართველოს ისტორიას, თუკი საერთოდ შერჩება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია რუსი ოლიგარქი ივანიშვილის დაშინებული, ხავსმოჭიდებული, უუნარო ხელისუფლების მიერ და ემსახურება ერთადერთ მიზეზს, რომ გზა დამიკეტოს საქართველოს არჩევნებში კენჭისყრისკენ.
მინდა ყველას შევახსენო, ვინც პარალელს ავლებს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და დღევანდელ გადაწყვეტილებას შორის. ივანიშვილს, მას შემდეგ, რაც მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ეგრევე შევთავაზეთ ორმაგი მოქალაქეობა. როცა ამაზეც უარი თქვა, კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, რომ არავის არ ეთქვა, თითქოს ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს არჩევნებზე არ ვუშვებთ და ევროკავშირის მოქალაქეებს არევნებში მონაწილეობის უფლება მივეცით.
ჩემი სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო. მათ თავიდანვე თქვეს, რომ დამაპატიმრებდნენ. ეს თქვა მათმა სპონსორმა მედვედევმა, პუტინმა და ეს არაერთხელ თქვა მათ მიერ დაფინანსებულმა და წახალისებულმა ივანიშვილმა. ამ ფონზე იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს, წავედი უკრაინაში, სადაც იგივე ბრძოლა მიდის, რაც სააქართველოში - ბრძოლა ჩვენი საერთო მომავლისთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის. უკრაინის გადარჩენა და წარმატება დღეს საქართველოს მომავალი და წარმატებაა. დღეს მე და ჩემი მეგობრები აქ ქართულ საქმეს ვაკეთებთ, ვემსახურებით საქართველოს მომავალს, ამიტომ მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ქართველობას ვერავინ ჩამომართმევს, ვერავინ დამაკარგვინებს საქართველოს უკიდეგანო სიყვარულს. ჩვენ აუცილებლად დაბვრუნდებით და ყველანი ერთად გავიმარჯვებთ".