"მდიდარა" გახდა პრემიერი - დაგვტოვა, "ღარიბა" გახდა პრემიერი - დაგვტოვა... - ვინ როგორ აფასებს ღარიბაშვილის წასვლას?
"საკუთარი "თავისუფალი არჩევანით" მოგვიხსნა ბატონმა ბიძინიმ ირაკლი პრემიერი?"
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. შესაბამისი განცხადება თავად ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები "ფეისბუკში". გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
ოთარ ჩრდილელი, პარლამენტარი:
"Veni, vidi, vici!
ირაკლის დღეს, გადადგმული ნაბიჯი, კარგად თუ ავწონ-დავწონით დასაფასებელია. ადამიანი, მით უმეტეს ახალგაზრდა კაცი, როდესაც არ არის (თან როგორ) სკამზე ჩაბღაუჭებული, ეს გასათვალისწინებელია.
ის, ყოველთვის გამოირჩევა მრავალ წახნაგოვანი, ანალიტიკური, სხარტი აზროვნებით, პიროვნულად არის ლიდერი, მასთან მეგობრობა, თანამშრომლობა, თანამებრძოლობა არის უდიდესი პატივი და შინაგანი კომფორტი, რომ გყავს ლიდერი, რომელმაც იცის თუ როგორ სწრაფად აუღოს ალღო, შექმნილ ვითარებას. ბევრჯერ ყოფილა სტრესული სიტუაცია, როდესაც მის მიერ სწორად გადადგმულ ნაბიჯს თუ გამოსვლას, მდგომარეობა განუმუხტავს. მას შეუძლია-პოლიტიკურ, წყალქვეშა რიფებს შორის ისე გაცუროს, რომ ნაკაწრიც კი არ ჰქონდეს გემს. მე მგონი, ყველა დარწმუნდა ამაში, განსაკუთრებით, ბოლო თვეებში, როდესაც ირაკლის და მისი გუნდის, ყოველდღიურმა რუტინულმა მუშაობამ, შედეგი გამოიღო.
ირაკლიმ დაუბრუნა, რწმენა მომავლისა-სამშობლოსა თუ ემიგრაციაში მცხოვრებ, მილიონობით ადამიანს.
წლების მანძილზე, მას თავს დაატყდა, ოპონენტების მიერ ხელოვნურად შექმნილი-ცილისწამების ვეზუვი, არა მარტო პიროვნულად, არამედ მისი ოჯახის წევრებისადმი, იფრქვეოდა ტყუილების ამაზრზენი ჩანჩქერი, მაგრამ... ირაკლი არ დაბოღმილა, არ ქცეულა შურისმაძიებელ ურჩხულად, მან შეინარჩუნა ადამიანის, კაცის, ლიდერის სახე...
ჩვენი, მრავალფეროვანი კოალიციის გაძღოლა, არაა მთლად ადვილი საქმე, მაგრამ ირაკლიმ ესეც ღირსეულად შეძლო...
ვთვლი, რომ ის უკვე ღირსეულად შევიდა-საქართველოს, უახლეს ისტორიაში... მჯერა, რომ ადრე თუ გვიან მაინც დაუბრუნდება, ქართულ პოლიტიკას...
ირაკლი, უდიდესი მადლობა!
ჩვენს გუნდს, თქვენი გვჯერა, გვწამს, გვეიმედება!"
არჩილ გამზარდია, ექსპერტი:
"იშვიათად, მგონი, არც მინახავს ისე ღირსეულად დაეტოვებინოს და შელეოდეს თანამდებობას პირველი პირები საქართველოში, როგორც თავის დროზე ივანიშვილმა და ახლა ღარიბაშვილმა გააკეთა."
ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:
"ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი შვილებთან ერთად გისურვებთ ბედნიერებას,სიხარულს და წინსვლას!
არ დაუჯეროთ მეგობრად შეფერილ მტრებს და მხდალ ოპონენტებს... სულ ესაა."
გოგა ხაჩიძე, პოლიტიკური ცენტრი "გირჩი":
"მდიდარა" გახდა პრემიერი - დაგვტოვა;
"ღარიბა" გახდა პრემიერი - დაგვტოვა.
ვინმე გვინდა ახლა საშუალო ფენიდან.
ზაალ ანჯაფარიძე, დამოუკიდებელი ექსპერტი:
"ადამიანურად ძალიან შემეცოდა ირაკლი ღარიბაშვილი, ეს ფაქტიურად იყო მისი თანამდებობიდან საკმაოდ არადელიკატური გაშვება. ჯერჯერობით ამით შემოვიფარგლები."
ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:
"საკუთარი "თავისუფალი არჩევანით" მოგვიხსნა ბატონმა ბიძინიმ ირაკლი პრემიერი?
და სუფლიორზე კითხვით გადადგომა არაა ორიგინალური და დასაფასებელი? "ზატო", ოსკარებივით დაამთავრა".
ელენე ხოშტარია, "საქართველოს რეფორმების ასოციაცია":
"არაფორმალური მმართველობის პრობლემა სხვა საკითხებთან ერთად ისიც არის, რომ ღარიბაშვილის გადაყენებით უკეთესის მოლოდინის ილუზია შეიქმნება. არადა, გადაწყვეტილებებს ხომ ისევ ივანიშვილი მიიღებს. და აი ჩვენც ყველამ ამ ფიქციაში უნდა ვიცხოვროთ."
იხილეთ: ღარიბაშვილი წავიდა - მისი გადადგომის მიზეზი მოსამართლე მურუსიძის ლობირება გახდა?!