რას ჰყვება "აფრიკული მისიის" ქართველი ჯარისკაცი (ექსკლუზივი)
"ქალმა მადლობის ნაცვლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მომცემთ, ვიტყვი, რომ გამაუპატიურეთო"
გენშტაბის უფროსის მოადგილე: "სამწუხაროდ, ცნობილია, რომ საჭმლის ან წყლის სანაცვლოდ, იქ სექსმომსახურების შეთავაზება ხშირია. ახლა მიმდინარეობს ჩვენი ჯარისკაცების დაკითხვა. თუ დამნაშავე რეალურად არსებობს, გამოვლინდება კიდეც და შესაბამისად დაისჯება, თუ არა, გაეროს ექნება ზუსტი დასკვნა, რომ ჩვენი ჯარისკაცები უდანაშაულონი არიან"
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ სამხედრო პირებს უკვე მეორედ ადანაშაულებენ მცირეწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში. აღსანიშნავია, რომ პირველი ბრალდება, რომელიც უცხოურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, არ დადასტურდა. მეტიც, იმ დროისთვის, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე, როდესაც ქართული სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს თითქოსდა დანაშაული უნდა ჩაედინათ, ჩვენი სამხედრო დანაყოფი აფრიკაში არ იმყოფებოდა. ახლაც, გაეროს კომისარი სამშვიდობო მისიის კვლავ პირველი ქართული კონტინგენტის ჯარისკაცებისკენ მიუთითებს. თითქოს მათ 2014 წლის ნოემბერში გოგონებზე იძალადეს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, გაეროს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გოგონებთან გასაუბრების დროს გაარკვიეს, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არიან. თუმცა, კომისარი ვერ აკონკრეტებს, რამდენი ან რომელი ქვეყნის ჯარისკაცები ძალადობდნენ. მხოლოდ რესპონდენტთა ნაამბობის საფუძველზე გამოთქვამს ეჭვს, რომ დანაშაულებრივ ქმედებებში არა მხოლოდ ფრანგები, სხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველი ჯარისკაცებიც არიან შემჩნეული. გაეროს კომისრის განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს მხრიდან.
თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი:
"ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რაიმე დადასტურდა თუ არა... ყველას გვინახავს უამრავი სამადლობელი წერილი, შეფასების ანგარიშები, რომლებიც ქართული კონტინგენტის ცენტრალურ აფრიკაში საქმიანობას შეეხებოდა. გაეროდან ინფორმაცია გასულ კვირას მივიღე და სამხედრო პოლიციას იმ დღესვე ვუბრძანე გამოძიების დაწყება. გადავწყვიტეთ, რომ პირები, რომლებიც 2014 წელს ამ თემებს კურირებდნენ, მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, დროებით ჩამოვაშოროთ თანამდებობიდან. ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა და რომლითაც ყველანი ვამაყობთ, შენარჩუნდეს. თუკი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა რაიმე მიახლოებული დანაშაულიც კი, კანონის უმკაცრესი ზომებით დაისჯება სწორედ იმისთვის, რომ ერთი ადამიანის ქმედებით დანარჩენ შეიარაღებულ ძალებს ჩრდილი არ მიადგეს. ის 160 სამხედრო პირი, ვინც იმ კონტინგენტში იყო, ერთგვარად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მათ მეგობრები, ოჯახები ჰყავთ და არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე ოდესმე გაბედავს, მათ რაიმეში კოლექტიურად დასდონ ბრალი. ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაირკვეს სიმართლე".
"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიაში გაეროს კომისრის მიერ დასახელებულ დროს (2014 წლის ნოემბერი) მსახურობდა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება მიმდინარეობს, რესპონდენტის ვინაობის გამჟღავნებისგან თავს შევიკავებთ. აი, რას ჰყვება ქართველი ჯარისკაცი:
"ბანგიში, ქართული კონტინგენტის დისლოკაციის ადგილს ლტოლვილთა ბანაკი ესაზღვრება, სადაც ადგილობრივი ბანდიტური დაჯგუფებებისგან გაღატაკებულ-დაბეჩავებული ხალხი ბარაკებში ცხოვრობს. იმდენად უჭირთ, რომ ფულის საშოვნელად ყველაფერს კადრულობენ. მაგალითად, ბანაკის და ქალაქის დამაკავშირებელ გზაზე მიმავალმა მძღოლებმა იციან, თუ ფრთხილად არ იქნებიან, შესაძლოა მათი მანქანის საბურავქვეშ ლტოლვილი აღმოჩნდეს - გაჭირვებულები რისკზე მიდიან და გამიზნულად უვარდებიან ავტომობილს იმ იმედით, რომ მცირედ დაზიანებას და სანაცვლოდ დიდ ფულს მიიღებენ. ხშირია წყლისა და საკვების ნაცვლად სექსმომსახურების შეთავაზებაც. მშიერ-მწყურვალი და უკიდურესად მძიმე პირობებში მყოფი ხალხი გროშების სანაცვლოდ, მზად არის უკადრებელი იკადროს... ერთხელ, სწორედ ჩვენ თვალწინ ერთ ქალს ვითომ გული შეუწუხდა. მაშინვე დასახმარებლად მივცვივდით. ქალმა კი მადლობის ნაცვლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მომცემთ, ვიტყვი, რომ გამაუპატიურეთო. არაფერიც არ მივეცით. ქალი წამოხტა და გაიქცა, მალე კი პოლიციასთან ერთად დაბრუნდა... აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო პოლიცია უკან გაბრუნდა... ამ შემთხვევის შემდეგ კატეგორიულად აგვიკრძალეს ადგილობრივებთან ურთიერთობა - რაც არ უნდა მოიმოქმედონ, ახლოს არ გაეკაროთო. თუმცა, ბავშვების თხოვნას ვერ ვუყრუებდით, სასმელსა და საჭმელს მაინც ვუნაწილებდით. ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით უხაროდა ჩვენი დანახვა, გვეძახდნენ - "გუდ ჯორჯიან"."არადა, წარმოდგენაც კი არ აქვთ, სად მდებარეობს საქართველო".
"კვირის პალიტრა" გენშტაბის უფროსის პირველ მოადგილეს ომარ ბეგოიძეს ესაუბრა.
- იმას, რაც გაეროს კომისრის განცხადებაშია ნათქვამი, ფაქტებს ვერ დავარქმევ, რადგან მტკიცებულებები და ეჭვმიტანილები არ არსებობს. ერთი კვირის წინ, როდესაც წინასწარი შეტყობინება მივიღეთ, მოვითხოვეთ გამოძიების მასალების გაცნობა, თუმცა, აქამდე პასუხი არ მიგვიღია...
- კომისრის განცხადებით, ქართველებზე მხოლოდ ეჭვი არსებობს, რას ეყრდნობა, არ გიპასუხათ?
- იმ გოგონების ინტერვიუებს, რომლებიც ამბობენ, რომ სექსმომსახურება გასწიეს, ან მათზე იძალადეს. მეტი არაფერია ცნობილი. ამიტომაც დეტალების გარეშე ვერაფერს დავასკვნით და დავიწყეთ გამოძიება...
- გამოძიების დროს ხომ პირველ რიგში დაზარალებული უნდა დაიკითხოს. მიიღეთ თანხმობა, რომ აფრიკაში ჩახვიდეთ და იქ აწარმოოთ გამოძიება?
- ეს არ შემოუთავაზებიათ, მაგრამ გაეროს და ევროკავშირს ვთხოვეთ, გამოძიების პროცესში დაგვეხმარონ. ალბათ მოვითხოვთ ე.წ. დაზარალებულებთან შეხვედრასაც.
- ჩვენი ინფორმაციით, იქ ხალხს ისე უჭირს, რომ ერთი ბოთლი წყლის გამოც კი შეიძლება ბევრ რამეზე მოაწერონ ხელი...
- სამწუხაროდ, ცნობილია, რომ საჭმლის ან წყლის სანაცვლოდ, იქ სექსმომსახურების შეთავაზება ხშირია. ახლა მიმდინარეობს ჩვენი ჯარისკაცების დაკითხვა. თუ დამნაშავე რეალურად არსებობს, გამოვლინდება კიდეც და შესაბამისად დაისჯება, თუ არა, გაეროს ექნება ზუსტი დასკვნა, რომ ჩვენი ჯარისკაცები უდანაშაულონი არიან.
- ერთხელაც იყო მცდელობა, რომ ქართველი ჯარისკაცები ბინძურ ბრალდებაში გაეხვიათ. შეიძლება ვინმე იყოს დაინტერესებული, რომ მისიაში მონაწილე ქართველებს დანაშაული დააბრალოს?
- პირველად მართლაც დადასტურდა, რომ ცილი დასწამეს ქართველებს. სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება იმიტომაც გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ცილისწამებასა და პროვოკაციას.