"აფხაზეთში სომხების აქტიურობა ყველანაირ ზღვარს სცდება" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთში სომხების აქტიურობა ყველანაირ ზღვარს სცდება"

"ცოტაც და სომხები კრემლის "მეხუთე კოლონად" მოგვევლინებიან" - ზაფხულის სეზონის დასაწყისში აფხაზურ-სომხური დაპირისპირება მწვავდება

"აფხაზები ამაში ფულს ვერც თვითონ დებენ და ამის უფლებას არც სომხებს აძლევენ და ყველა პროექტს ბლოკავენ, მათ ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ სომხების ინტერესში შედის"

უკვე წლებია აფხაზეთში სომხური მოსახლეობის მიმართ აფხაზების უარყოფითი დამოკიდებულება ჩუმი ჭიდილის ფარგლებს გასცდა. ეს განსაკუთრებით ზღვის სეზონის დასაწაყისში იგრძნობა, რადგან სომხური დიასპორა ცდილობს ეს ბიზნესი გააკონტროლოს. აფხაზების თქმით, ადგილობრივ სომხებს ამ საქმეში, უცხოეთში მყოფი სომხური დიასპორა და მოსკოვიც მხარს უჭერს...

აფხაზების უკმაყოფილებას აძლიერებს ისიც, რომ სომხური დიასპორა ყველაზე მრავალრიცხოვანი თემია აფხაზეთში - ისინი სოხუმის რაიონში, გაგრასა და გულრიფშში უმრავლესობას წარმოადგენენ. სომხები ირწმუნებიან, რომ სტატისტიკურ მონაცემებს აფხაზები განგებ ცვლიან და მათ რეალურ რაოდენობას ამცირებენ. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 2003 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, აფხაზები საერთო მსოახლეობის 43, 8%-ს შეადგენენ, სომხები კი - 20,8%-ს, თუმცა ადგილობრივი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, სომხების ოდენობა მოსახლეობის 45%-ია და აღწერის შედეგები დამახინჯებულია.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, "აფხაზეთის ინვესტიციური სტრატეგიების" წევრის გარიკ პეტროსიანის თქმით, მსოფლიოს სომხური დიასპორის მიერ გამოყოფილი ფული, აფხაზეთში სომხური ბინზესის განვითარებისთვის გამოიყენება.

- აფხაზები ძალიან ჭკვიანი, მაგრამ ზედმეტად ამაყი ხალხია. მათ ჯერ არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარღვევების გაკეთება ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ამისთვის საჭიროა ფული, რაც აფხაზებს არ აქვთ. ჩემი აზრით, გამოსავალი აფხაზეთის მეგობარი ეთნიკური დიასპორების სახსრების მოძიებაა. აქ კი, პირველ რიგში მახსენდება აფხაზ და სომეხ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია და მეგობრობა. ამ დროისთვის აუთვისებელია ბიზესისთვის ისეთი სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც აფხაზეთისთვის ძალიან დიდი მოგების მოტანა შეუძლია. მაგალითად, თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეა, პორტების აღდგენა და მოდერნიზაცია, ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის განვითარება, მსხვილი აგრარული კომპლექსის მთელი ციკლის შექმნა და ა.შ. წინ ბევრი სამუშაოა და ის წარმატებულად ჩაივლის... თუმცა, საქმე ის არის, აფხაზები ამაში ფულს ვერც თვითონ დებენ და ამის უფლებას არც სომხებს აძლევენ და ყველა პროექტს ბლოკავენ, მათ ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ სომხების ინტერესში შედის, სინამდვილეში კი, ეს აფხაზეთის განვითარებასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას უკავშირდება...

ადგილობრივები აფხაზები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აფხაზეთში სომეხი ბიზნესმენების მიერ ინვესტიციების ჩადებას.

თემურ აგრბა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი:

- ყველამ კარგად ვიცით, რას ცდილობს სომხური დიასპორა. უნდათ აფხაზეთში შექმნილი ვითარება სათავისოდ გამოიყენონ და რაც შეიძლება მეტი ბიზნესმიმართულება ჩაიგდონ ხელში. ამით სარგებელს ნახავს მხოლოდ აფხაზეთის სომხური დიასპორა და სომხეთი, ხოლო მოსკოვის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება... ისინი მუდმივად გვაყვედრიან, იმას საქართველოსთან აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ომში სისხლი დაღვარეს, ახლა კი დაჩაგრულები არიან. თუმცა, რაში გამოიხატება ეს, ვერ აკონკრეტებენ. უკვე დასამალი არავისთვისაა, რომ აფხაზეთში სომხური თემის აქტიურობა ყველანაირ ზღვარს სცდება. ცოტაც და სომხები კრემლის "მეხუთე კოლონად" მოგვევლინებიან... ყველა ნიშანი არსებობს იმისთვის, რომ სომხებს აფხაზეთში ბიზნესი ხელში თუ ჩაუვარდათ, აქაურობა მალე მთლიანად გაიყიდება. ადგილობრივი ხელმძღვანელობა უნდა გვყავდეს კოტროლის ქვეშ, რათა ოფიციალური მოსკოვის ზეწოლით სომხებმა შედეგს არ მიაღწიონ...

სომხებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი2014 წელს გაჩნდა, როდესაც  სოხუმის მილიციის აკადემიის ყოფილმა კურსანტმა გარიკ კალაიჯიანმა თანაკურსელი მერაბ გერგედავა გუდაუთის რაიონის სოფელ ცაბალში მოკლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ეროვნებით სომეხი ყოფილი კურსანტი, სასჯელს დრანდის ციხეში იხდის. მისი ნათესავების თქმით, ის აფხაზებმა აიძულეს მკვლელობა ჩაედინა, რადგან სასწავლებელში ეთნიკური წარმომავლობის გამო მუდმივად ამცირებდნენ და წნეხის ქვეშ ამყოფებდნენ... კალაიჯიანის ძმის თქმით, ბრალდებული ძალიან ცუდ დღეში იყო, რადგან აფხაზები მას სომხობის გამო მუდმივად დასცინოდნენ და ამცირებდნენ. "სხვა კურსანტებს სემინარიის მედდა აქეზებდა, რომელიც ეროვნებით აფხაზია. სწორედ იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა, მედდამ წააქეზა მერაბ გერგედავა. შედეგად კი ჩემმა ძმამ აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა მკვლელობა. ჩვენ, მისი ოჯახის წევრები კი, უსახლკაროდ დავრჩით, რადგან საცხოვრებელი სახლი გერგედავებმა გადაგვიწვეს",- აცხადებს გარიკ კალაიჯიანის ძმა. მისივე თქმით, ისინი დახმარებას რუსეთის პრეზიდენტს სთხოვენ, რადგან უკვე წლებია, რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული. მომხდარს დღემდე ხშირად იხენებენ, როგორც აფხაზები, ისე სომხები და ერთმანეთს გამუდმებით ადანაშაულებენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

.