"ნაძირალა ხარ, შენნაირი არაკაცები ციხეში უნდა ისხდნენ" - ლანძღვა-გინება საკრებულოში - კვირის პალიტრა

"ნაძირალა ხარ, შენნაირი არაკაცები ციხეში უნდა ისხდნენ" - ლანძღვა-გინება საკრებულოში

საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილსა და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს, დიმიტრი მოსულიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

მერიაში გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი მოსულიშვილმა ალეკო ელისაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა.

როგორც მოსულიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება ელისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს მერიის არქიტექტურული სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ. მოსულიშვილის თქმით, ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში დღეს ან ხვალ შეიტანს.

"ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" ეთერში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულა, რითიც შელახა მათი საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს მსგავს უაპელაციო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მერიის თანამშრომელთა დისკრედიტაციას ემსახურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ალექსანდრე ელისაშვილს წარმოადგინოს სამსახურის სისტემაში კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ან უარყოს ცრუ ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური სარჩელით სასამართლოს მიმართავს", - განაცხადა მოსულიშვილმა.

მოგვიანებით კი, ელისაშვილმა და მოსულიშვილმა ერთმანეთი სიტყვიერად შეურაცხყვეს.

"გაქანებული მექრთამე ხარ, იყავი და ხარ" - ასე მიმართა ელისაშვილმა მოსულიშვილს.

"ნაძირალა ხარ, ნაძირალა და შენთვის ყველაფერი სულერთია, საზოგადოების მტერი ხარ", - უპასუხა დიმიტრი მოსულიშვილმა საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს.

"არაკაცი ხარ, ნაძირალა, ქალაქის მტერი, შენნაირი არაკაცები ციხეში უნდა ისხდნენ, რეებს აწერ ხელს შე მექრთამე, წამომყევი ნუცუბიძის 26-ში და საბურთალოს ქუცჩზე, განახო მოსახლეობა როგორ მოგიხსენიებს", - უპასუხა ელისაშვილმა მოსულიშვილს.

ვიდეო