"პრეზიდენტს არ შეეფერება მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი! ვალდებულია ღიად თქვას, ვინ ახდენდა ზეწოლას მისი ოჯახის წევრზე და რა მიზნით"?!
"მე ამ ფაქტის თაობაზე საზოგადოება არ შევაწუხე. ჩემთვის ასეთი ტიპის ზეწოლა სასაცილოა"
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. როგორც პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე ბრძანა, სწორედ ამიტომ არ გაკვირვებია საკონტისტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით.
"ეს ტენდენცია ახალი არ არის. ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. ეს იყო იმიტაცია რეალურად და გამომდინარე იქიდან, რაც პაპუაშვილმა მითხრა, ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის გარკვეულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლო დადგენილების გარეშე "რაღაცის" იმედით.
"ეს იყო ზეწოლა ჩემ ოჯახის წევრზე. ის გააჩერეს ქუჩაში, შემდეგ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე, "რაღაცის" იმედით, რომ ამას რაიმე მოყვებოდა. სუფთა იყო ყველაფერი, არანაირი სამართალდარღვევა იქ არ ყოფილა, მაგრამ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"მე ამ ფაქტის თაობაზე საზოგადოება არ შევაწუხე. ჩემთვის ასეთი ტიპის ზეწოლა სასაცილოა. სააკაშვილის პერიოდი მაქვს გამოვლილი და ეს ვერანაირად ვერ შემეხებოდა. როდესაც ვნახე, რომ ღრმავდება ასეთი ტიპის ტენდენციები, ეს თემა გამოვიტანე...
გიორგი პაპუაშვილის განცხადების შემდეგ ყველას ერთი რეაქცია უნდა გვქონდეს, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ამის მაგივრად ჩვენ ვნახეთ განცხადებების მთელი კასკადი, რომ ეს ტყუილია", - განაცხადა მარგველაშვილმა
”ეს იყო მართლაც უცნაური შემთხვევა. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებას, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა, შეიძლება გაჩნდეს კითხვა - რომ ეს შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, ეს შეიძლება იყოს კრიმინალი. ბუნებრივია, რომ ყველას ერთი რეაქცია უნდა გვქონდეს, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, დავიცვათ მოსამართლეები. ამის მაგივრად ჩვენ ვნახეთ განცხადებების მთელი კასკადი, რომ ეს ტყუილია. რაღაც უცნაური ტენდენცია იყო, რომ ტყუილია და საიდან იცით, რომ ტყუილია?!” - განაცხადა მარგველაშვილმა.
მის ნათქვამს გამოხმაურება მოჰყვა, თემა განსაკუთრებულად აქტუალური სოციალურ ქსელებში გახდა.
ჟურალისტი ვასილ მაღლაფერიძე "ფესიბუკის" პირად გვერდზე წერს:
"პრეზიდენტს არ შეეფერება მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი! რადგან დაიწყო ლაპარაკი, ვალდებულია ღიად თქვას, ვინ ახდენდა ზეწოლას მისი ოჯახის წევრზე (თანაც სამართალდამცავების ჩართვით) და რა მიზნით?! რატომ იყო ამდენ ხანს ჩუმად?!
იმის მაგივრად, რომ ფაქტი გაასაჯაროოს და დამნაშავე დააჭერინოს, პრეზიდენტი მოქალაქეებს შესჩივის, დანაშაული მოხდა, მაგრამ, თქვენ ვერ გეტყვით, ვინ ჩაიდინა და მხოლოდ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს გავუმხელო.
თუმცა, იმას აღარ ამბობს, მათ რომ გაუმხელს, მერე რა მოხდება, მხოლოდ ამ სამს შორის დარჩება ეს საქვეყნოდ გამოფენილი საიდუმლო, თუ კიდევ ვინმეს გაანდობენ?!
ასეთი საუბარი დიდი ბიჭებისგან გალახულმა პატარა ბავშვებმა იცოდნენ ("ყურში გეტყვით მასტავლებელოო!"), პრეზიდენტს კი ასეთ შემთხვევებში სათანადო ზომების მიღება ევალება!
პრეზიდენტს ხომ ჰყავს ექსპერტები და იურისტები და აბა, გაიკითხონ ევროპაში და ამერიკაში, რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, შემდეგ როგორ განვითარდებოდა მოვლენები"?! (წყარო)