"თარგამაძემ მოღალატეები თავისთან მოიკითხოს" - რატომ შეხვდა ვაშაძე ჯანყარაშვილს და ხადურს?! - კვირის პალიტრა

"თარგამაძემ მოღალატეები თავისთან მოიკითხოს" - რატომ შეხვდა ვაშაძე ჯანყარაშვილს და ხადურს?!

"გაშალა ფრთები ბიჭმა - აქეთ ჯანყარაშვილი, იქეთ ხადური, სიტკბო სუფევდა გუშინ გადაპორტირებური ბუკიას სასტუმროში ჩაქვში. პარტიის ანგარიშიც ყვავის - უკვე 900 ათასი აქვს შემოწირულობა "გულშემატკივრებისგან". ამას ფარცხალაძესთან ერთადაც ექნება უეჭველი სიგრილეში საზამთროზე კბილი გაკრული, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახური გვერდში დგომით. ჰოდა, აბა, ტარიელ ონიანის ბავშვის ნათლობაში პაატა ბურჭულაძე გაუკვირდებოდა? ან პაატას გაუკვირდება ეს სიტკბო? თუ ზურა ჯაფარიძე შეშფოთდება? ან პალიკო კუბლაშვილი, გოგი მელაძე, გოგა ხაჩიძე? როცა პირველადაც არაა ძნელი ღალატი, მერე მიდის შხუილშხუილით. ერთმანეთსაც რომ გაყიდით, არ გამომაპაროთ, პერსპექტიულებო", - ამ მინაწერით გამოაქვეყნა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ "ფეისბუკის" პირად გვერდზე ყოფილი თანაგუნდელის, პოლიტიკური მოძრაობა "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ზვიად ჯანყარაშვილთან (შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი და "ქართული ოცნების" ექს-აღმასრულებელი მდივანი) და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ერთად გადაღებული ფოტოები. ჩვენ დავუკავშირდით გიორგი ვაშაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ჩაქვში ჩავაკითხე ჩემს მეუღლეს და შვილებს და სრულიად შემთხვევით შევხვდი ამ ადამიანებს. სასაცილოა, როცა ამბობენ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან მაქვს შეხმატკბილებული ურთიერთობა. თავპირს ხომ არ დავამტვრევ როცა შევხვდები?! ვუყურებდით ბავშვების სიმღერას და წარმოდგენას და იქ უნდა მეჩხუბა?! თანაც რა პოლიტიკური ოპონენტი ზვიად ჯანყარაშვილია, თუ არ ვცდები 2 წელია ადამიანი პოლიტიკაში აღარაა.

- ანუ ეს შეხვდერა იყო სრულიად შემთხვევით?

- დიახ, აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები მაქვს და როგორც გითხარით მეუღლე და შვილები ისვენებენ ჩაქვში და მათაც ჩავაკითხე, იქ შევხვდი ამ ადამიანებს.

- პოლიტიკურ თემებზე, თუ ისაუბრეთ ზვიად ჯანყარაშვილთან და ნოდარ ხადურთან?

- ჯანყარაშვილთან რა პოლიტიკურ თემებზე უნდა მესაუბრა, ადამიანი დიდი ხანია პოლიტიკაში აღარაა. ხადურთან როგორც მინისტრთან სურათი გადავიღე, რადგან ძალიან მალე ის აღარ იქნება მინისტრი.

- ანუ მოასწარით და გადაიღეთ? სხვათა შორის, 29 აგვისტოს ბატონი ნოდარის იუბილეა და თუ მიულოცეთ?

- არ ვიცოდი და არ მიმილოცავს ნამდვილად.

- ზოგადად რამდენად მისაღებია, ოპონენტებთან, რომლებსაც მუდამ აკრიტიკებთ სურათების გადაღება...

- კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არ იყო წვეულება. ბავშვების წარმოდგენა იყო და იქ სრულიად შემთხვევით შევხვდი და მართლა დებოშს ხომ არ ავუტეხავდი?! პოლიტიკა, პოლიტიკაა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ერთმანეთს სადაც შევხვდებით, თავ-პირი დავამტვრიოთ. ყველას ჰქონია შემთხვევა როცა პოლიტიკურ ოპონენტს შეხვედრიან, ძალიან პატარაა საქართველო და სადმე აუცილებლად შეხვდები იმ ადამიანებს ვისაც აკრიტიკებ და ცემა-ტყეპას ხომ არ დაუწყებ?!

- ეს სურათები, თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა გივი თარგამაძემ გაავრცელა და თქვენ მოღალატე გიწოდათ...

- თარგამაძემ მოღალატეები თავისთან მოიკითხოს. მე ვაკეთებ იმას, რისიც მჯერა, ვაკეთებ ქართულ და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს და მომავალშიც ბოლომდე დავიხარჯები ჩემი ქვეყნისთვის.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)