"რუსები ველურ მაიმუნებს გვეძახიან" - ნაცემი ტურისტები და რუსებსა და აფხაზებს შორის სულ უფრო და უფრო გართულებული ურთიერთობა - კვირის პალიტრა

"რუსები ველურ მაიმუნებს გვეძახიან" - ნაცემი ტურისტები და რუსებსა და აფხაზებს შორის სულ უფრო და უფრო გართულებული ურთიერთობა

"ჩემ ქმარს 8 კაცი ურტყამდა"

გასულ კვირას რუსული და ქართული საინფორმაციო სივრცე შეიძლება ითქვას, რომ დაიპყრო ვიდეოჩანაწერმა, რომელშიც აფხაზების მიერ რუსი ტურისტების ცემის კადრებია ასახული.

სანკტ-პეტერბურგიდან ბიჭვინთაში დასასვენებლად ჩასულმა წყვილმა, სასტუმროს მოუწესრიგებელი სერვისი გააპროტესტა, რაზეც მეპატრონის შვილისგან შეურაცხმყოფელი მიმართვა და მუქარა მიიღო. ამის შემდეგ მათ სასტუმროს დატოვება გადაწყვიტეს. რუს ტურისტებს, სასტუმროს მეპატრონის შვილი და მისი მეგობრები ფსოუსკენ მიმავალ გზაზე დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ნაცემ ტურისტს ტვინის შერყევა, თავისა და ცხვირის ტრავმები აქვს....

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურები აღნიშნულ ფაქტზე კომენტარსა და განცხადებას გარკვეული დროის განმავლობაში არ ავრცელებდნენ. ტურისტების ცემის ფაქტზე არც აფხაზური მედია საუბრობდა.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრის რაიონში რუსი ტურისტის ცემის ბრალდებით, 21 წლის ოსმან ვოზბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ამ ნეგატიური ამბით სრულდება აფხაზეთში ტურისტული სეზონი. დამსვენებლების მხრიდან უკმაყოფილების შესახებ ადგილობრივებიც ლაპარაკობენ, თუმცა, ამბობენ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის სიტუაციის დაძაბვის ფონზე, აფხაზეთს ძალიან დიდი რაოდენობით დამსვენებელი მიაწყდა, რამაც პრობლემები შექმნა.

"ჩვენთვის მოულოდნელი იყო ამხელა ნაკადი, რამაც ხარვეზები გამოიწვია. თუმცა ეს ყველაფერი მოგვარებადია. რაც შეეხება იმ ინციდენტს, ასეთი გაუგებრობები, ცალკეულ პიროვნებებს შორის, ყველა ქვეყანაში ხდება", - ამბობენ აფხაზები.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზი საზოგადოების აქტიური წევრები, რომლებიც აფხაზეთში, საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, ასეთ ფაქტებზე დუმილს ამჯობინებენ და ცდილობენ, ვითარების გასანეიტრალებლად, აქცენტი პოზიტივზე გააკეთონ, დაძაბულობა დღითიდღე მატულობს.

ამის დასტურია კომენტარები, რომელიც რუსეთის მოქალაქის ცემის ფაქტს მოჰყვა. ისინი ცალსახად ლაპარაკობენ იმაზე, რომ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც აფხაზსა და რუსს შორის კონფლიქტი ხდება, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ყოველთვის დაგვიანებით მიდიან.

აფხაზების ერთი ნაწილის თქმით, ტურისტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია, თუმცა "მათაც უნდა გაითვალისწინონ აფხაზური ტრადიციები".

დაზარალებულმა რუსმა ტურისტმა ინტერნეტში ატვირთული ვიდეოს შემდეგ, ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც მომხდარზე დეტალურად ლაპარაკობს.

ეკატერინა იანკოვა, სანკტ-პეტერბურგიდან:

- ყველას მივმართავ წაიკითხოს ჩემი პოსტი, რადგან იგივე პრობლემები არ შეგექმნათ - სამწუხაროდ, ვერ შევძელი დაპირისირება სრულად ჩამეწერა, რადგან ისინი მემუქრებოდნენ. ამ უსაქმურის, ოსმან ვოზბანის დედა სკოლის მასწავლებელია. ეს ე.წ. სასტუმრო, "ლერესი", სადაც სერვისი, ფაქტობრივად, არ არ არსებობს, მდებარეობს ბიჭვინთაში, ციტრუსის მეურნეობის დასახლებაში...

როდესაც ჩვენ ეს პრობლემა გავაპროტესტეთ, სასტუმროს მეპატრონის შვილმა, მე და ჩემს ქმარს უწმაწური სიტყვებით მოგვმართა. ჩემი მეუღლე ქუჩაში გაიყვანა, უნდოდა "საქმე გაერჩია". სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, დაუკავშირდა თავის მეგობრებს, უნდოდა ჩემი ქმარი "რაზბორკაზე" წაეყვანა. იძულებული გავხდით, დაუყოვნებლივ დაგვეტოვებინა სასტუმრო. ჩვენთან ერთად წამოსვლა გადაწყვტეს ტოლიატიდან ჩამოსულმა დამსვენებლებმაც...

წამოსვლა მოვასწარით, თუმცა, სასტუმროს მეპატრონის შვილი მანქანით გამოგვეკიდა. ფსოუს საზღვრამდე გვდია... საზღვარზე საცობი იყო იძულებული გავხდით, გავჩერებულიყავით... აი მაშინ დაიწყო საშინელება, - სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის გადმოსაცემად, თუ როგორ ურტყამდა ოთხი კაცი ერთს. ის აფხაზური და რუსულ ენებზე მოუწოდებდა თავის თანამემამულეებს ძალადობისკენ. მალე მათ სხვებიც შუერთდნენ, ჩემ ქმარს 8 კაცი ურტყამდა, რომელიც მათ შეძლებისდაგვარად უწევდა წინააღმდეგობას. მხოლოდ იმან უშველა, რომ ადრე მოკრივე იყო. სხვა შემთხვევაში, უეჭველი მოკლავდნენ...

ეს ყველაფერი საშინელება იყო, მაგრამ ჩემი უსუსურობა უარესად მაშინ ვიგრძენი, როდესაც ვუყურებდი ჩემს მეუღლეს როგორ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ და ვერაფერს ვაკეთებდი... საქმე უკვე აღძრულია, მაგრამ ვიცი, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება. ვოზბანისა არც მისი მგობრების დასჯის იმედი არ მაქვს. ისინი ხომ ყველა ერთმანეთის ნაცნობები, ნათესავები, მეგობრები და ახლობლები არიან და ყველას კავშირი აქვს მილიციასთან. ყველა ერთმანეთთნ შეკრულია. არავითარი კულტურა, ზრდილობა და პატივისცემა არ გააჩნიათ, სხვა დანარჩენზე არც კი ვლაპარაკობ. ისინი ადამიანები კი არა, უბრალოდ არსებები არიან... ჩვენთან ერთად, მანქანაში იმყოფებოდა ქალი, სამი წლის ბავშვთან ერთად, რომელიც ამ ყველაფერს უყურებდა და ბოლო ხმაზე კიოდა, მაგრამ მათ ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ... მესმის, რომ ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანში მოხდეს, რადგან ნაძირლები ყველგან არიან, მაგრამ იქ ყოფნის 2 დღე-ღამის განმავლობაში, გაგრაში რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კარგ ქალაქად მიიჩნევა, ისეთები მოვისმინე და ვნახე, ამ ხალხზე და მათ ტრადიციებზე მიღებული შთაბეჭდილება ვერაფრით აბალანსებს აფხაზეთის სილამაზეს... "

გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას სოციალური ქსელიდან:

ალექსი, რუსეთის მოქალაქე:

- აფხაზეთის საზღვართან ვცხოვრობ და ძალიან ბევრს ვიცნობ იქიდან. სამწუხაროდ, არცერთი მათგანი, მცირე გამონაკლისის გარდა, ადეკვატური არ არის. იმ ნორმალურებს კი იქ თავის დამკვიდრება ძალიან უჭირთ... იქ ხომ ძარცვა, ყაჩაღობა და მკვლელობა ჩვეულებრივი რამ არის. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება მაინც თავს გვახვევს, რომ თურმე მეგობრები და მოძმეები ვართ...

ლენა, რუსეთის მოქალაქე:

- ამას წინათ ვიყავი გაგრასა და სოხუმში. ჩასვლიდან ნახევარ საათში მივხვდი, სადაც ამოვყავი თავი, ფასები ევროპული ჰქონდათ, სერვისი - 0. გამვლელთა დიდი ნაწილი ჩვენში შიშს იწვევდა. აფხაზებს კანონი არ აქვთ, სამაგიეროდ აქვთ "გაგება". ადგილობრივ საგზაო მილიციაზე, ქურდობასა და ყაჩაღობაზე არაფერს ვამბობ. აქამდე მეგონა, რომ აფხაზები პატარა, კეთილგანწყობილი ერია, რომელსაც საქართველო ცუდად მოექცა, ვცდებოდი... ახლა ცივილურ საქართველოში დასვენება ბევრად მირჩევნია.

როზა, აფხაზი:

- რუსები, როდესაც ჩვენთან არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობენ, საკუთარი უტაქტობა ავიწყდებათ, - რუსები ველურ მაიმუნებს გვეძახიან. ძნელია, ახალგაზრდას აუხსნა, რომ მათგან აგდებული ტონი მხოლოდ იმიტომ უნდა აიტანონ, რომ ისინი დიად რუსეთში დაიბადნენ, ჩვენ კი - პატარა აფხაზეთში... ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ რუსეთის, მაგრამ კარგი იქნება, ტურისტულმა კომპანიებმა ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული რჩევები მისცენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)