"თავისუფალი ზონის" ამოცანა იყო, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, მეორე ჯგუფის დავალება, სავარაუდოდ, ასეთი დივერსიები იყო" - კვირის პალიტრა

"თავისუფალი ზონის" ამოცანა იყო, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, მეორე ჯგუფის დავალება, სავარაუდოდ, ასეთი დივერსიები იყო"

"სააკაშვილმა კარგად იცის, რომ არჩევნებში დამარცხდება და ერთადერთი შანსად დესტაბილიზაცია და არეულობის მოწყობა მიაჩნია"

"ნაციონალურ მოძრაობაში" ძალიან ბევრი ადამიანია ისეთიც, ვისაც არც რევოლუცია სურს ქვეყანაში და არც რაიმე ტიპის დესტაბილიზაცია"

4 ოქტომბერს, კოლმეურნეობის მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. ამან ბუნებრივია ბევრს გაახსენა, რომ ცოტა ხნის წინ "თავისუფალი ზონიდან" წამოსული პირები ინტერვიუებში ხაზგასმით ამბობდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ეცდებოდა დესტაბილიზაციის მოწყობას, რომლის შემადგენელი ნაწილიც იყო საკუთარი წევრების დაზიანებაც, მათ დაგეგმილ არეულობას კი ხელს შეუწყობდა კომპანია GFK-ს კვლევაც, რომელიც "რუსთავი2"-ზე გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრის, ბესო კალაძის განცხადებით ეს კვლევა გაყალბებულია. სწორედ ამ ფაქტით დავიწყეთ მასთან საუბარი.

- 2010 წლიდან ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, "თავისუფალი ზონის" წევრი და ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი მისი დაარსებიდან ვარ. ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატობის კანდიდატი პროპორციულ სიაში და შესაბამისად, დღესაც მყავს მეგობრები, რომლებიც ისევ პარტიის წევრები არიან. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც პარტიულ სტრუქტურაში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა და გავლენიანი პერსონაა (სამწუხაროდ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მის სახელს და გვარს ჯერ ვერ ვამბობ, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერზე წამსვლელია), 28 სექტემბერს მომაწოდა ეს ინფორმაცია და კონკრეტული დოკუმენტაცია. მე მაშინვე დავუკავშირდი შალვა რამიშვილს და ვაპირებდი ამის გახმაურებას გადაცემაში "აკრედიტაციის გარეშე", მაგრამ შალვამ მირჩია მიმეტანა ეს დოკუმენტები ნოტარიუსთან და ოფიციალურად დამელუქა. მეც ასე მოვიქეცი, ორ ნოტარიუსთან მივედი და ოფიციალურად დავლუქე დოკუმენტაცია. იყო ორიგინალი ვარიანტი, სადაც ეწერა GFK-ს კვლევის რეალური შედეგი, რომლის მიხედვითაც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა 12,5% და მეორე გაყალბებული ვარიანტი, რომლის გაშუქებასაც აპირებდა "რუსთავი 2" და გააშუქეს კიდეც. ამ ვარიანტით "ნაცმოძრაობას" 35.6%-იანი მხარდაჭერა აქვს და მას "ქართული ოცნება" მხოლოდ 2,5%-ით უსწრებს.

იმ ადამიანს, ვინც ეს ინფორმაცია მომცა, თავადაც სურს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება და დარწუნებული ვარ არჩევნებამდე, თუ არა, არჩევნების მერე აუცილებლად დატოვებს კიდეც. "ნაციონალურ მოძრაობაში" ძალიან ბევრი ადამიანია ისეთიც, ვისაც არც რევოლუცია სურს ქვეყანაში და არც რაიმე ტიპის დესტაბილიზაცია.

- თუმცა დღემდე ლაპარაკობენ მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე, რომლის საშიშროებაც სწორედ "ნაციონალური მოძრაობიდან" მოდის...

- ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავს ხალხი, ელემენტარულად მხარდამჭერებიც კი არ ჰყავთ.

- ბესო, თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა სუს -ის პროექტი გიწოდეს...

- 2010 წლიდან "ნაციონალური მოძრაობის" წვერი ვარ და ის ადამიანები, ვინც ჩემთან ერთად წამოვიდა "თავისუფალი ზონიდან" (ირაკლი ქომეთიანი, გიორგი ჭინჭარაული, გიორგი არჩვაძე და სხვ.) ამავე დროიდან არიან პარტიის წევრები და ამ ბრალდებას ჩვენ გვიყენებენ ნიკა მელია და მსგავსი პოლიტიკური გვამები, რომელთაც არ აქვთ პოლიტიკური მომავალი. მე ვიყავი "ნაციონალურ მოძრაობის" პროპორციულ სიაში და სასაცილოა, როგორ შეიძლება სიაში მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც პარტიის პირველი პირები არ ენდობიან, შესაბამისად, სუს-ის თემა დიდი სისულელეა.

ეგენი იმიტომ აზროვნებენ ამ ლოგიკით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლოგიკა 9 წლის მანძილზე იყო დაშინება, ჩანერგვა, დაშანტაჟება, მოსყიდვა და სხვ. მათ სხვანაირად აზროვნება არ შეუძლიათ. ნამდვილად ვიცი, რომ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ არჩევნებში დამარცხდება და ერთადერთ შანსად დესტაბილიზაცია და არეულობის მოწყობა მიაჩნია, რაც გამორიცხულია, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებაც და მოსახლეობაც საქმის კურსშია, რაც მთავარია მათ ბინძურ კამპანიაში ქართველი ხალხი არ ჩაერევა.

- რამდენად შესაძლებელია რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება იმ დესტაბილიზაციის ნაწილი იყოს, რაზეც საუბრობთ?

- გუშინდელ ფაქტზე გამიჭირდება რაიმეს თქმა. უბრალოდ, გავიხსენებ "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრის, ნუგზარ ჭიაბერაშვილის ბრიფინგს, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ჩაატარა და თქვა, რომ მისი ჯგუფის დავალება იყო ავტომობილების და საბურავების დაწვა და მსგავსი ტიპის პროვოკაციები. შესაძლოა ეს განცხადება და გუშინდელი ფაქტი ერთმანეთთან რაიმე კავშირში იყოს.

(იხილეთ: "დაგვავალეს, კანცელარიასთან მანქანები დაწვითო")

- როდესაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდით უკრაინაში და გაიგეთ რომ გეგმავდა დესტაბილიზაციას, მსგავსი ტიპის პროვოკაციებზე თუ იყო საუბარი?

- სააკაშვილთან "თავისუფალ ზონასთან" ერთად იყო ორგანიზაცია "საქართველოს ერთგულების სახელით". ჩვენი, ანუ "თავისუფალი ზონის" ამოცანა იყო, რომ მოგვეხდინა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, პრიორიტეტი იყო ძალოვანი უწყებები, რაც შეეხება მეორე ორგანიზაციის დავალებას, ამაზე როგორც მოგახსენეთ, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა ბრიფინგზე და მათი დავალება, სავარაუდოდ, ასეთი დივერსიები იყო.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)