"ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს" - პირველი პირების არჩევანი - კვირის პალიტრა

"ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს" - პირველი პირების არჩევანი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. მოსახლეობა მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს ქვეყნის პირველმა პირებმა და არჩევნებში მონაწილე პარტიის ლიდერებმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა არჩევანი საბურთალოს მე-4 ოლქის 24-ე უბანზე გააკეთა. მთავრობის მეთაური საარჩევნო უბანზე მეუღლესა და შვილებთან ერთად მივიდა.

"მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს. მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას, მხარი დავუჭირე კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და უკეთეს განათლებას. მე ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, როდესაც ისინი დარჩებიან საკუთარი თავის და საკუთარი სინდისის წინაშე, გააკეთებენ არჩევანს კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის” - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთაწმინდის ოლქის მე-6 საარჩევნო ხმის მისაცემად მშობლებთან და ქალიშვილთან ერთად მივიდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას დღევანდელი დღე და მოვუწოდო აქტიურობისაკენ. დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს სიძლიერისკენ და დემოკრატიულობისკენ. მე მიხარია, რომ ჩემს საარჩევნო უბანზე არის ხალხმრავლობა და სიმშვიდე. მე მივეცი ხმა მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ძალადობა, ისეთი ხელისუფლება, რომელიც შელახავს ადამიანის ღირსებას. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ისე რომ, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც. მან ხმა გორში 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

დღეს ისტორიული შანსი გვაქვს, მომავალი 4 წლის განმავლობაში გვყავდეს ღირსეული ხალხი პარლამენტში... დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანად ჩაივლის არჩევნები. მე გორში მივეცი ხმა, იმიტომ რომ გორელი ვარ და გორში ვარ ჩაწერილი. ხმა მივეცი უკეთეს მომავალს, უკეთეს სასამართლოს და უკეთეს ეკონომიკას”, - განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ”რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ხმის მისაცემად ”რესბუბლიკური პარტიის” ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თინა ხიდაშელთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

”2016 წელს არჩევანი გასაკეთებელია უფრო იმის შესახებ, რა გვინდა და ვინ გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებს საქართველო შეხვდა მეტი პოლიტიკური თავისუფლებებით, ამომრჩეველს აქვს მეტი საშუალება თავისი პირადი არჩევანი გააკეთოს ქვეყნის მომავლისთვის. რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლება ყველას გვაკისრებს მეტ პასუხისმგებლობას”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

”ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერმა, სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ყოფილმა პირველმა ლედიმ ხმა ნომერ მე-18 საარჩევენო უბანზე მისცა. რულოვსი საარჩევნო უბანზე შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა.

როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, დღეს გადაწყდება, გადარჩება თუ არა საქართველო.

”მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ სწორ არჩევანს გააკეთებს”, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით