"ირაკლიმ პარტიის ყველა შეცდომა და მარცხი საკუთარ თავზე აიღო" - ალასანიას "პოლიტიკური ჰარაკირი" - კვირის პალიტრა

"ირაკლიმ პარტიის ყველა შეცდომა და მარცხი საკუთარ თავზე აიღო" - ალასანიას "პოლიტიკური ჰარაკირი"

"ირაკლი ალასანიასთან ყოველდღიური კავშირი გვაქვს"

რამდენიმე დღეა არ წყდება კამათი იმის გარშემო თუ რამ განაპირობა "თავისუფალი დემოკრატების" მარცხი 2016 წლის არჩევნებში. საზოგადოების ერთი ნაწილის თქმით, ამის მიზეზი იყო მწირი ფინანსები, სხვანი მიიჩნევენ, რომ ეს არასწორად დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია და ძლიერი კონკურენცია იყო... ასეა თუ ისე, მოულოდნელი თუ მოსალოდნელი წაგების შემდეგ, პარტია თითქმის ლიდერების გარეშე დარჩა...

ჯერ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ იყო ჩამცხრალი, როდესაც მისი პარტია კიდევ რამდენიმე გავლენიანმა ფიგურამ დატოვა.

"თავისუფალი დემოკრატებიდან" წასვლის შესახებ განცხადება ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, გია ცაგარეიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა და დავით ონოფრიშვილმა გააკეთეს. ალასანიას წასვლამდე კი, პარტიიდან წასვლა ალექსი პეტრიაშვილმა პირდაპირ "ფეისბუკიდან" ამცნო.

პარტიის უკვე ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" განახლებას და რეორგანიზაციას იწყებს.

ამ დროისთვის პარტიის სხვა წევრებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტიკოსებიდან იქ დარჩნენ: ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე.

ნინო გოგუაძე, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი:

- არჩევნების შემდეგ, პარტიაში შეიქმნა კრიზისი. ირაკლი ალასანიამ, როგორც საუკეთესო თავმჯდომარემ და ლიდერმა პარტიის ყველა შეცდომა და მარცხი საკუთარ თავზე აიღო და პოლიტიკიდან წავიდა. ასე რომ, ეს არავისთვის გამართლება არ არის. საინტერესო იყო სხვები რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ამ კრიზისულ ვითარებაში და ისინი მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცნენ. ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ მე მივიღე სხვა გადაწყვეტილება. ვრჩები პარტიაში, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ცხოვრებაში... მის რეორგანიზაციას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება და იმედია, შევძლებთ, არსებული კრიზისის დაძლევას. უახლოეს დღეებში წარვდგებით საზოგადოების წინაშე და ჩვენს გეგმებსაც გავაცნობთ. მართალია, საკმაოდ გავლენიანმა ადამიანებმა დატოვეს პარტია, მაგრამ სხვები ვრჩებით, ჩვენს პარტიაში არის შალვა შავგულიძე, ლევან სამუშია, კოკა ფრუიძე, ვალერი ჩეჩელაშვილი და სხვები.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია, რომ თქვენი პარტიის წევრები სხვადასხვა უწყებებში წამყვან თანამდებობებზე ვიხილოთ?

- ვერ გეტყვით, ამის თაობაზე არაფერი ვიცი.

- ითქვა, რომ შესაძლოა, პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანდეთ...

- არა, არავისთან არ ვგეგმავთ ალიანსს. თუმცა რა თქმა უნდა, შემდგომში, ვისთანაც საერთო ინტერესები გვექნება, ყველასთან ვითანამშრომლებთ.

- ირაკლი ალასანიასთან გაქვთ კონსულტაციები?

- დიახ, რასაკვირველია, მასთან ყოველდღიური კავშირი გვაქვს და ერთად ვგეგმავთ პარტიაში განსახორციელებელ ცვლილებებს.

- რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის მისი გადაწყვეტილება?

- ჩვენთვის ისიც მოულოდნელი იყო, რომ ასე გაიკრიფებოდა ქართული საზოგადოება და ამომრჩევლის ხმებს მხოლოდ "ქართული ოცნება" და "ნაციონალები" მიიღებდნენ...

- თუმცა, საზოგადოების ერთი ნაწილის თქმით, ირაკლი ალასანია მისი ამომრჩევლის წინაშეც იყო პასუხისმგებელი...

- დიახ, მესმის, საზოგადოების გაბრაზების, ყველა თავისუფალია თავის შეფასებაში და ვიცი, რომ ზოგიერთი გაბრაზდა კიდეც ირაკლის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ის ზოგიერთი პოლიტიკოსივით არ მოქცეულა, რომ წააგებენ და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ... ირაკლიმ პოლიტიკიდან წასვლით აიღო პასუხისმგებლობა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)