რა განაცხადა ერდოღანმა ბათუმზე და რა განმარტებას აკეთებს საქართველოში თურქეთის ელჩი?! - კვირის პალიტრა

რა განაცხადა ერდოღანმა ბათუმზე და რა განმარტებას აკეთებს საქართველოში თურქეთის ელჩი?!

ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბერძნული მედიის მიერ გაავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რამდენიმე დღის წინ, ქალაქ რიზეს უნივერსიტეტში, სასწავლო წლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, 1920 წელს, თურქეთის საზღვრების შესახებ მიღებული პაქტი მოიცავდა კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, ერბილს, კურკუკს, ბათუმს, სალონიკს და სხვა ტერიტორიებს. The Athens News Agency-ის ცნობით, ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ: "აღმოსავლეთ თრაკიას" საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს". მის ამ განცხადებას როგორც უცხოურ, ისე ქართულ მედიაში არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

ერდოღანის მიმართვასთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, რომ საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით.

„მადლობას გიხდით, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გავფანტო რაიმე სახის გაუგებრობა. პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას. ხალხების, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების. დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა, რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, - განუცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

იხილეთ ასევე: ერდოღანის გაზრდილი "მადა" და დაკითხვაზე დაბარებული გორბაჩოვი - ვისთან იწყებს პუტინი ომს?!