ერდოღანის გაზრდილი "მადა" და დაკითხვაზე დაბარებული გორბაჩოვი - ვისთან იწყებს პუტინი ომს?! - კვირის პალიტრა

ერდოღანის გაზრდილი "მადა" და დაკითხვაზე დაბარებული გორბაჩოვი - ვისთან იწყებს პუტინი ომს?!

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში განვითარებული რამდენიმე "საინტერესო" მოვლენიდან ქართველებისთვის ალბათ განსაკუთრებით საყურადღებო თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ქალაქ რიზეს უნივერსიტეტში წარმოთქმული სიტყვა უნდა იყოს.

თურქეთი ჩვენი ისტორიული მეზობელია. საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყანასთან გარკვეული (ხშირ შემთხვევაში მძიმე) ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და მათი გახსენება ერთი წერილის ფორმატს არ ეყოფა. საბედნიეროდ, ამჟამად 21-ე საუკუნეა და ამ ერთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს. კი, გვაქვს (ამჟამად), მაგრამ რა იქნება მომავალში?

განგაშის საფუძველს ერდოღანის მომატებული "იმპერიალისტური და დამპყრობლური" ზრახვები მაძლევს. ბატონმა ტაიპმა შემდეგი განცხადება გააკეთა.

"თურქეთის 79 მილიონი მაცხოვრებლის გარდა კიდევ არსებობს ასობით მილიონი ჩვენი ძმა, სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში, ვისთანაც გვაქვს ისტორიული კავშირები. არაერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს კვიპროსი, მუსული, არბილი, კირკუტი, ბათუმი, თესალონიკი, კირძალი, ვარნა, დასავლეთი თრაკია და ეგეოსის კუნძულები".

ბოლო პერიოდში თურქები საეჭვოდ "გააქტიურდნენ". ჯერ იყო და გავრცელდა დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ თურქმა "რუხმა მგლებმა" სარფი თავიანთი ქვეყნის ტერიტორიად გამოაცხადეს, ეხლა კი ერდოღანის ზემოთმოყვანილი განცხადება. შეიძლება საფრთხის წინაშე არც ვდგავართ, მაგრამ ზემოთმოყვანილი მაგალითი ბჭობასა და განხილვას აუცილებლად იმსახურებს, მით უფრო ბოლო ხანს როგორ ჩაეხუტა ერდოღანი ავადსახსენებელ პუტინს.

ბოლო დღეებში გავრცელებულ არაერთ ინფორმაციაში ჩემი ყურადღება ერთმა "ნიუსმა" მიიპყრო. ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ვილნიუსის საოლქო სასამართლომ დაკითხვაზე სსრკ-ის ყოფილი პირველი პირი მიხეილ გორბაჩოვი დაიბარა.

ცოტა ხნის წინ ლიტვის დედაქალაქის სასამართლოში ვინმე რობერტას პოვილაიტისმა გორბაჩოვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და 1991 წლის 13 იანვარს, მამამისის აპოლინარას პოვილაიტისის განზრახ მკვლელობაში ბრალი დასდო. გარდაცვლილი ვილნიუსის ტელეცენტრის მიდამოებში იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც საბჭოთა ჯარებმა ლიტვის სახელმწიფო ტელევიზიაზე შეტევა მიიტანეს და ამ დაპირისპირებას 15 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

მიმდინარე წლის იანვარში ლიტვის პროკურატურამ სსრკ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, 92 წლის დიმიტრი იაზოვი დაკითხვაზე გამოიძახა, მაგრამ უხუცესი რუსი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი ვილნიუსში საერთოდ არ გამოჩენილა.

ლიტველი სამართალდამცავები ამჟამად უკვე ყოფილ გენსეკს მიადგნენ და 85 წლის გორბაჩოვს დაკითხვაზე გამოძახების უწყისი გაუგზავნეს. დიდი ალბათობით სსრკ-ის ყოფილი ლიდერი თავდაცვის ყოფილი მინისტრის მსგავსად სასამართლოზე არ გამოცხადდება, მაგრამ თავად ეს ფაქტი ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ რამდენიმე ათეული წელია გასული. მიუხედავად იმისა, რომ იმ ტრაგედიის შესახებ თითქოს ყველაფერი ბოლომდეა გამოძიებული, არაერთი თეთრი წერტილი მაინც რჩება. რითი არიან ლიტველები ჩვენზე უკეთესები, ვილნიუსის ცნობილი ამბების გამოძიებას დღემდე რომ ბოლომდე მიყვებიან და დამნაშავეების დასჯას მართალია უშედეგოდ, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობენ.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი ერთ "სახალისო" ინფორმაციას გაგაცნობთ. რუსული მასმედიის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა პოლტავჩენკომ მოსალოდნელი ომის შემთხვევაში ქალაქის მოსახლეობის პურის მომარაგების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ომს დაიწყებს, სანკტ-პეტერბურგელები დღეში 300 გრამ პურს მიიღებენ. საინტერესოა, რომ ლენინგრადის ბლოკადის დღეებში, რომელიც 872 დღე გაგრძელდა, პურის ნორმა თითოეული ადამიანისთვის 125-800 გრამის ფარგლებში მერყეობდა.

საკითხავია, რა ისეთი უჭირს რუსეთის ეკონომიკას, რომ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში საკუთარი მოსახლეობისთვის დღეში მხოლოდ 300 გრამი პურის დარიგება შეუძლია. საინტერესოა ისიც, პუტინი ომს ვისთან იწყებს და ზემოთმოყვანილი ბრძანების მიღება რატომ დასჭირდათ.

იხილეთ ასევე: რა განაცხადა ერდოღანმა ბათუმზე და რა განმარტებას აკეთებს საქართველოში თურქეთის ელჩი?!

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)