"რესპუბლიკური პარტია" უსუფაშვილის შესაძლებლობებს ძალიან ავიწროებდა და უპერსპექტივოდ აქცევდა" - კვირის პალიტრა

"რესპუბლიკური პარტია" უსუფაშვილის შესაძლებლობებს ძალიან ავიწროებდა და უპერსპექტივოდ აქცევდა"

"უსუფაშვილის გარეშე არა მგონია "რესპუბლიკური პარტია" ვინმემ შეიკედლოს"

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა. როგორც უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ეს იყო ადამიანურად მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ის არ იზიარებს პარტიის სხვა წევრების ხედვებს შემდგომი საქმიანობის თაობაზე.

დავით უსუფაშვილმა უკვე დაანონსა ისიც, თუ სად და როგორ აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

"ინდივიდუალურ რეჟიმში ვაგრძელებ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს 2-3 თვეში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით - მეტი პრობლემის გამო მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის. ამ დიალოგის და ერთობლივი განსჯის შემდეგ შევჯერდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც არსებული გამოწვევების ადეკვატური იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- ჩემი აზრით, დავით უსუფაშვილი ქართული პოლიტიკისთვის არ არის დასაკარგი ადამიანი. "რესპუბლიკური პარტია" მის შესაძლებლობებს ძალიან ავიწროებდა და უპერსპექტივოდ აქცევდა. სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელი გვყავს ადამიანები, ვისაც სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი და შემართება აქვს. ვფიქრობ, ეს კანოზომიერი გადაწყვეტილებაა.

- უსუფაშვილმა უკვე დაანონსა მომავალი საქმინობაც, თქვენი აზრით, რა შანსები აქვს მას?

- ასეთი თეორიული შანსი ყველა ადამიანს აქვს. უსუფაშვილის შანსები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სხვების, მაგრამ ერთია შანსი, ხოლო მეორეა, როგორ გამოიყენებს ამ შანსს, ამის წინასწარ თქმა კი ძნელია. არ ვიცი, პარტიას შექმნის თუ სხვა ტიპის აქტიურობას აპირებს, ამას ვნახავთ.

- როგორი იქნება "რესპუბლიკური პარტიის" შემდგომი მოღვაწეობა?

- "რესპუბლიკური პარტია" იქნება ისეთი, როგორი სულ იყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოლიტიკური კლუბი, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც ერთობლივი ფასეულობები აერთიანებთ, ამას დამაკნინებლად არ ვამბობ, მაგრამ პარტია ყოველთვის ორიენტირებული იყო ფასეულობებზე და არა ელექტორატზე. მათ ამ ფასეულობებსა და ელექტორალურ სვლას შორის მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, მათი პოლიტიკური პერსპექტივაც ყოველთვის ბუნდოვანი იყო, თუ ისინი ხელისუფლებაში ხვდებოდნენ, მხოლოდ ჩაჭიდებული რაღაც სხვა ძალას. ეს ეპოქაც დასრულდა იმიტომ, რომ უსუფაშვილის გარეშე არამგონია "რესპუბლიკური პარტია" ვინმემ შეიკედლოს, რადგან უსუფაშვილი ერთადერთი აქტივი იყო, რომელიც ამ პარტიის ბმას უზრუნველყოფდა საზოგადოებასთან და ხალხთან. საბოლოოდ ჩაწყდა საზოგადოებას და ამ პარტიას შორის კავშირი. ალბათ კლუბის სახით გააგრძელებენ მოღვაწეობას და ვუსურვებ წარმატებას.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)