"კულტურის მინისტრობა რომ შემომთავაზონ, უარს ვიტყვი"
"პოლიტიკა არ მიყვარს, ჩემთვის საინტერესო არ არის"
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ სამთავრობო ცვლილებები იქნება, მომავალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის სავრაუდო წევრების დასახელება აქტიურ ფაზაში გადავიდა.
მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ერთ-ერთი კი, კულტურის მომავალ მინისტრს ეხება. გავრცელებული ვერსიით, შესაძლოა ამჟამინდელი მინისტრი მიხეილ გიორგაძე, "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტ ზაზა შენგელიას შეეცვალა, თუმცა როგორც ამ უკანასკნელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მასთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ გამართულა.
- მოყოლებული 2005 წლიდან, როდესაც საზოგადოებრივი ტელევიზიის თავმჯდომარეობიდან გადავდექი, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, არაერთხელ მქონია სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყების შემოთავაზება, თუმცა, მინდა, მკითხველმა გაიგოს, რომ ჩემთვის სახელმწიფო სამსახური მიმზიდველი არ არის. ეს განვლილი ეტაპია და ახლა სხვა პროექტებით ვარ დაკავებული, რომელიც ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა. რაც შეეხება პოლიტიკას, ჩემ თავს პოლიტიკაში ვერასოდეს ვხედავდი, ეს ინფორმაცია მცდარია და იმ ხალხის აგორებულია, ვისაც ჩემს ირგვლივ არაჯანსაღი აჟიოტაჟის შექმნა სურს.
- თუ შემოუთავაზებიათ თქვენთვის პოლიტიკური თანამდებობა?
- კი, როგორც წინა, ისე ამ ხელისუფლებისგანაც სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ ეს ჩემთვის განვლილი ეტაპია, ჩემი ბიზნესი მაქვს, რომელიც მაინტერესებს.
- სხვადასხვა თანამდებობები ახსენეთ და მათ შორის თუ ყოფილა კულტურის მინისტრობა?
- ამაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. პოლიტიკა არ მიყვარს, ჩემთვის საინტერესო არ არის. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემოთავაზება არ ყოფილა, მაგრამ კულტურის მინისტრობა რომ შემომთავაზონ, უარს ვიტყვი.
იხილეთ ასევე: ვინ რჩება მთავრობაში და ვინ დაემშვიდობება მინისტრის სავარძელს?! - მოსალოდნელი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)