"ვირეშმაკოლოგი ბოკერია ექსკლუზიური გავლენის მოპოვებისთვის იბრძვის" - კვირის პალიტრა

"ვირეშმაკოლოგი ბოკერია ექსკლუზიური გავლენის მოპოვებისთვის იბრძვის"

"დღეს რეალური კონტროლი გიგა ბოკერიასა და მისი ჯგუფის ხელშია, მეტიც, სწორედ ის ახდენს გავლენას პარლამენტში შემავალ სადეპუტაციო ჯგუფზეც, რასაც სააკაშვილი იოლად არ შეეგუება"

"ავირჩიოთ პარტიის ახალი თავმჯდომარე" - თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სახელით გავრცელებულმა წერილმა, ექსპერტთა აზრით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილისგან გათავისუფლებას ცდილობს.

"არჩევნები/ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ"

- გიგი უგულავას წერილი ციხიდან (ამონარიდი)

...ჩემი აზრით, ჩვენი პარტიის სტრატეგიული ამოცანაა, გამოვიდეთ ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის მდგომარეობიდან. უფრო ზუსტად კი, ისეთი ალყაშემორტყმული მდგომარეობიდან, როცა იცი - ციხე-სიმაგრე დაეცემა და მაინც გმირულად იბრძვი. თუ მხატვრულ ლიტერატურაში ეს მთელი ჟანრია, თანამედროვე პოლიტიკაში - ფატალური შეცდომა და სრული უპერსპექტივობაა... აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს; აირჩიოს ახალი პოლიტიკური საბჭო, რათა მოხდეს იმ ახალი და წარმატებული ადამიანების პარტიის მართვაში ინტეგრირება, რომლებმაც ამ არჩევნებზე თავი გამოიჩინეს, იქნება ეს ცენტრალურ საბჭოში თუ რეგიონებში. გასაგებია, რომ ივანიშვილი შეეცდება "ნაციონალური მოძრაობა" ნახევრად პარტიზანულ მდგომარეობაში ამყოფოს, თუმცა ამ არჩევნებმა ივანიშვილის რეალურად ერთადერთი ოცნება დაამსხვრია - "ნაციონალური მოძრაობა" არა თუ გაქრა, მას ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი...

მე კარგად მესმის, თუნდაც თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული შფოთვები. ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის. ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით, საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა. არ ვიცი, რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს. მეტიც, მე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვაპირებ გადავდგე, რათა მივცე შესაძლებლობა - თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ერთი სიტყვით, პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უნდა ჩატარდეს არჩევნები..."მეგობრებო, გთავაზობთ მსჯელობას ამ თემაზე, ხოლო პარტიის თბილისის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გადადგომა შემდგარ ფაქტად მიიღეთ...

"ყრილობაზე ტექნიკურ თავმჯდომარეს აირჩევენ, ქარიზმატულ ლიდერად კი ისევ სააკაშვილს გამოაცხადებენ"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ნაცმოძრაობაში" კონტროლისთვის ბრძოლა აშკარაა. ნაწილი რევოლუციურ სცენარს ითხოვს, ნაწილი კი პარტიის მომავალს გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს. ერთ მხარეს სააკაშვილია, ის პროცესის დაჩქარებას ითხოვს, მეორე მხარეს - ბოკერია. დღეს რეალური კონტროლი გიგა ბოკერიასა და მისი ჯგუფის ხელშია, მეტიც, სწორედ ის ახდენს გავლენას პარლამენტში შემავალ სადეპუტაციო ჯგუფზეც, რასაც სააკაშვილი იოლად არ შეეგუება. ორივე ჯგუფს კარგად ესმის, აშკარა კონფლიქტი პარტიას აზარალებს, ამიტომ შედარებით უმტკივნეულო გამოსავალს მოძებნიან - ყრილობაზე ტექნიკურ თავმჯდომარეს აირჩევენ, ქარიზმატულ ლიდერად კი ისევ სააკაშვილს გამოაცხადებენ".

"მზად არიან, ხელისუფლებას გაურიგდნენ"

რა სცენარით განვითარდება მოვლენები, კითხვებს "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი უპასუხებს:

- ვირეშმაკოლოგი ბოკერია და მისი მცირეოდენი მხარდამჭერები პარტიაში ექსკლუზიური გავლენის მოპოვებისთვის იბრძვიან, თანაც ამას საკუთარი პოლიტიკური რესურსის ხარჯზე კი არა, შიდა მანიპულაციებით ცდილობენ. ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე პირს სურთ, სააკაშვილი პარტიის პოლიტიკურ ტვირთად წარმოაჩინონ, რეალურად კი, სწორედ ის ხმები, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა, მხოლოდ სააკაშვილის რეიტინგის დამსახურებაა. ყველაფერი მარტივია - ბრძოლას იოლი და მშვიდი პოლიტიკური გზა არჩიეს. მზად არიან, 5%-იანი ოპოზიციის როლი მოირგონ, ხელისუფლების შეცვლა კი მათ თვითმიზანს აღარ წარმოადგენს. მშვიდ პოლიტიკურ გზაში გარიგებებს ვგულისხმობ.

- უშვებთ ვერსიას, რომ ხელისუფლება "ნაცმოძრაობას" და პირიქით, "ნაცმოძრაობა" "ქართულ ოცნებას" გაურიგდა?

- დეტალების დაკონკრეტებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. მთავარი ის არის, რომ ბოკერია უსინდისოდ იქცევა, არჩევნებში რეალურად სააკაშვილის მეშვეობით მოპოვებული ხმებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ხელისუფლებასთან გარიგებით ბევრი ცდილობს სიმშვიდის შენარჩუნებას, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთს კონკრეტული საკითხების ამოქექვისა ეშინია.

- ვინ ცდილობს გარიგებას?

- მოვა დრო და საჯაროდ ვიტყვი.

- არის თუ არა დღეს "ნაციონალური მოძრაობა" დაშლის ზღვარზე?

- დიდი ალბათობით, პარტიას გარკვეული ჯგუფი დატოვებს, შესაძლოა, პირიქით, გადაჯგუფება მოხდეს და "ნაცმოძრაობა" სხვა მიმართულებით გაფართოვდეს. ბოკერიას გამო ამის პროგნოზირება ძნელია. პარტიაში ყოფნისას მუდმივად ვითხოვდი ახალი ლიდერებისთვის კარის გაღებას, თუმცა ბოკერიამ და კიდევ რამდენიმემ ყველაფერი გააკეთეს, რომ ახალი ჯგუფის ინტეგრაციისთვის ხელი შეეშალათ.

- ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე?

- სავარაუდოდ, დავით ბაქრაძე, თუმცა პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს, მხოლოდ ლაპარაკი იცის და ეს მოსწონს ბოკერიას.

გიგი უგულავას წერილს მიხეილ სააკაშვილი მალევე გამოეხმაურა: "კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებისთვის თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა... გთავაზობთ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის მოწვევას რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატით, ჩვენი გმირული აქტივის ფართო წარმომადგენლობით. გთავაზობთ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას იმ ხალხისგან, ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ, გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით".

"უგულავას აზრს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს"

შიდა კონსულტაციის შემდეგ, "ნაცმოძრაობაში" ყრილობა მართლაც დაიგეგმა, დეტალებზე პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი გვესაუბრა:

- ივანიშვილის დამსახურებით, სააკაშვილი წელიწადია პარტიის თავმჯდომარე აღარ არის. მას საქართველოს მოქალაქეობა არა აქვს. შესაბამისად, საკითხის დაყენება, გადავაყენებთ თუ არა თავმჯდომარის პოსტიდან, არასწორია. ის ფორმალურად "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ახლაც არ არის.

- მაშ, რას გულისხმობს უგულავას წერილი თავმჯდომარის შეცვლის მოწოდებით?

- უგულავას აზრს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მის წერილში განახლების აუცილებლობაზეა ლაპარაკი. რაც შეეხება პრობლემებს, მერწმუნეთ, კარგად ვხვდებით, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს. არ ვეთანხმები აზრს, რომ პარტია ჩაკეტილია, პირიქით, განახლების პროცესს მომავალშიც ინტენსიურად გავაგრძელებთ.

- სააკაშვილის წერილში ნათქვამია, რომ ლიდერებმა არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

- არ ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგების ერთმანეთზე გადაბრალება გამართლებულია.

პოლიტსაბჭოზეც გადაწყდა, რომ სამდივნომ კამპანიის ანალიზი უნდა წარმოადგინოს და ყრილობისთვის მოვემზადოთ...

რუსუდან შელია