"ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ გამარჯვება იზეიმონ" - როგორ ეხმაურება სააკაშვილი ლორთქიფანიძის გადადგომას - კვირის პალიტრა

"ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ გამარჯვება იზეიმონ" - როგორ ეხმაურება სააკაშვილი ლორთქიფანიძის გადადგომას

ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა, გიორგი ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა. ლორთქიფანიძის შესაბამისი განცხადება ძალოვანი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვემთვის დიდი პატივი იყო ოდესის ოლქის პოლიციის უფროსად მუშაობა. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს ლოგიკური დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული. ოდესის პოლიციის ხელმძღვანელად დანიშვნიდან წელიწადნახევარში თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა პოლიციელს, რომელთანაც ერთად სირთულეებით სავსე გზა გამოვიარეთ“, - აცხადებს გია ლორთქიფანიძე. (იხილეთ: "ყველაფერს აქვს ლოგიკური დასასრული" - რატომ დატოვა თანამდებობა ოდესაში სააკაშვილის კიდევ ერთმა კადრმა)

გია ლორთქიფანიძის მიერ თანამდებობის დატოვებას "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, ლორთქიფანიძეს ჯერ ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყო.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში ოდესის ისტორიაში ის იყო პირველი სამართალდამცავი მაღალჩინოსანი, რომელიც ქრთამს არ იღებდა. თავიდან მას ფუნქციები წაართვეს, ხოლო შემდეგ ყოველი მხრიდან შეუტიეს. რა თქმა უნდა, მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ მადლობა, რომ შეინარჩუნეთ მშვიდობა და ოდესას დაუბრუნეთ ნორმალური, მშვიდი ცხოვრება. მადლობა, რომ ამ დამპალ სისტემაში ბოლომდე სუფთა დარჩი და ღირსება არ დაკარგე! ახლა კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ გამარჯვება იზეიმონ, თუმცა მათ ვარწმუნებ რომ ეს დროებითია და დიდხანს არ გაგრძელდება!", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. (წყარო)

"ინტერპრესნიუსი"