პოროშენკო სააკაშვილზე: "ზოგიერთმა გადაწყვიტა უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ" - კვირის პალიტრა

პოროშენკო სააკაშვილზე: "ზოგიერთმა გადაწყვიტა უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ"

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც პოროშენკომ სლოვენიაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თუ მან ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური კამპანიის დაწყება გადაწყვიტა, ვიმედოვნებ, რომ ხვალ მთავრობა მის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა პოროშენკომ.

იხილეთ ასევე: "პოროშენკომ ყველაფერი თავის თავს დააბრალოს - დროულად უნდა აელაგმა მასშტაბური კორუფცია და ეკონტროლებინა სააკაშვილიც"

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეფორმების გასატარებლად, უკრაინაში მიწვეული ზოგიერთი ქართველი მოღვაწე დღემდე წარმატებით მუშაობს უკრაინის მთავრობაში, მათ შორის დაასახელა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგულავა.

„ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ“, - დასძინა პოროშენკომ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების წარდგენას ხვალ განიხილავს.

იხილეთ ასევე: პოროშენკოს ულტიმატუმი ოდესის ექსგუბერნატორს და მიშას "შავი ორშაბათი" - სააკაშვილი უკრაინაში რევოლუციას ამზადებს?

"ინტერპრესნიუსი"