"ესენი არიან პარტიაში ახლად მოთრეულები და ბოკერიას წყალობით, სრულიად დაუმსახურებლად აღზევებულები" - კვირის პალიტრა

"ესენი არიან პარტიაში ახლად მოთრეულები და ბოკერიას წყალობით, სრულიად დაუმსახურებლად აღზევებულები"

"გიგა ბოკერია ამპარტავანი და უსაფუძვლოდ ამბიციური ადამიანია, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაფუჭებული როგორც პარტიისათვის, ისე ქვეყნისთვის და ახლაც განაგრძობს მავნებლურ საქმიანობას"

"როგორ შეიძლება პუტინის "ქართული ოცნების" და გიგა ბოკერიას კლანის ინტერესები ემთხვეოდეს ერთმანეთს, თუ იქ გარიგება არ არის?

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირებაა, რაც ბოლო ხანს ყველასთვის ცხადად გამოჩნდა. პარტიის ლიდერები უკვე სოციალურ ქსელებში უპირისპირდებიან ერთმანეთს.  ერთ-ერთი, ვინც საკუთარ მოსაზრებებს ღიად აფიქსირებს, დათა ახალაიას ადვოკატი და როგორც თვითონ ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" ვეტერანი წევრი ირაკლი ზაქარეიშვილია:

- "ნაციონალური მოძრაობა" ჯგუფებად დაყოფილი არაა, პარტია დღეს ერთიანია ისე, როგორც არასდროს, მაგრამ არის ერთი მუჭა პოლიტიკანების, მოღალატეების, კონფორმისტების და პარტიის მეხუთე კოლონიის ჯგუფი, რომლებიც თავს წარმოაჩენენ რაღაც ძალად. 20 იანვარს, როცა გაიმართება ყრილობა, ყველაფერს დაერქმევა სახელი და ყრილობა მიიღებს მათ მიმართ შესაბამის გადაწყვეტილებას.

- შეგიძლიათ ამ პიროვნებების დასახელება?

- რატომ ჩამოვთვალო, ეს ისედაც ყველასთვისაა ცნობილი. მიმაჩნია, რომ ეს ხალხი გარიგებულია ხელისუფლებასთან და ყველაფერზე მიდიან, რომ თავისი ბინძური ზრახვები და სახელისუფლებო დაკვეთები განახორციელონ და საკუთარი ღალატი "გააპრავონ".

- ოთო კახიძის თქმით, პარტიის განვითარებას სააკაშვილის სახელს ამოფარებული ახალაიების ჯგუფი უპირისპირდება... (იხილეთ)

- ეგ არის ერთ-ერთი ის პოლიტიკანი, ვისზეც ვლაპარაკობ. ოთო კახიძე ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე, მაშინ როდესაც არაფერს წარმოადგენს. ყველა ის ადამიანი, ვინც პარტიის წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას, ვინც დაგმო მხარდამჭერები, ვისაც მიაჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ზედმეტია და მისგან დისტანცირებას ცდილობდნენ, ვინც პროვოკატორობს და აყოლილია ამ ერთი მუჭა კოლაბორაციონისტების ფეხის ხმას, ყველა პოლიტიკანია. მათგან განსხვავებით, მე გამაჩნია ჩემი პოზიცია. ვარ პარტიის ვეტერანი - მისი წევრი ვარ 2001 წლიდან. ესენი კი არიან პარტიაში ახლად მოთრეულები და ბოკერიას წყალობით, სრულიად დაუმსახურებლად აღზევებულები.

- რატომ შეუწყო ხელი გიგა ბოკერიამ ამ ხალხის აღზევებას?

- იმიტომ, რომ გაეკეთებინა ის, რასაც ახლა აკეთებს. გიგა ბოკერია ამპარტავანი და უსაფუძვლოდ ამბიციური ადამიანია, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაფუჭებული როგორც პარტიისათვის, ისე ქვეყნისთვის და ახლაც განაგრძობს ამ საქმიანობას.

- და თუ ქვეყნისთვის მავნებლურ საქმიანობას ეწეოდა რატომ არ ამბობდით აქამდე?

- ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. ამ მოცემულობაში ყველამ წარმოაჩინა საკუთარი თავი.

- ანუ მიმდინარე ფაქტებმა დაგარწმუნათ, რომ ბოკერია სახელმწიფოსთვის საზიანო საქმეს ეწეოდა?

- არა მხოლოდ ამ ფაქტებმა, მანამდეც ყველასთვისაც ნათელი იყო ბევრი რამ, მაგრამ იყო სახელმწიფო და პარტიული ინტერესი. გარწმუნებთ, რომ 20 იანვარს მათი პოლიტიკური კარიერის დასარული იქნება.

- ეს ალბათ გაჭირდება, რადგან მათი უმეტესობა პარლამენტარია უკვე, თან "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ...

- რომ შეხტნენ პარლამენტში, რისი მაქნისები არიან და რას აკეთებენ?! პარლამენტში არ უნდა შესულიყვნენ, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, მათ აბსოლუტურად არაფერი გააკეთეს ხმების დასაცავად და ბაქიბუქის მიუხედავად, შეცვივდნენ პარლამენტში და დაიკავეს წითელი სკამები. ახლა კი ამბობენ, რომ ვითომდა არჩევნები რეალურად წავაგეთ და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ და რაღაც 8-წლიან ციკლებზე ლაპარაკობენ. ეს არის სისულელე, ისინი დახარბდნენ სკამებს და თანამდებობებს, წლების განმავლობაში იყვნენ მუქთახორები და მუქთამჭამელები. "ნაციონალურ მოძრაობას" ხომ ჰქონდა ლოზუნგი - "საქმე ლაპარაკის ნაცვლად", ესენი იქცეოდნენ პიქირით - "ლაპარაკი საქმის ნაცვლად" და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში გაურიგდნენ ხელისუფლებას. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება პუტინის "ქართული ოცნების" და გიგა ბოკერიას კლანის ინტერესები ემთხვეოდეს ერთმანეთს თუ იქ გარიგება არაა?

- ცოტა ხნის წინ დეპუტატმა ლელა ქებურიამ, განაცხადა რომ სოციალურ ქსელში მას ემუქრებიან...

- ეს ფრთა აწყობს პროვოკაციებს, თითქოს ვიღაცეები ემუქრებიან. ეს არის სუს-ის ხელწერა და ესენი ამ თამაშში ხელისუფლებასთან ერთად არიან ჩართულები, რაც ძალიან სამწუხაროა. ოთო კახიძე წლების განმავლობაში სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებდა, ელენე ხოშტარია დადიოდა გირგვლიანის აქციებზე და საერთოდაც გირგვლიანის დაქალია.

- და თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ შეიყვანეთ ეს ხალხი სიაში?!

- მე ვინ მეკითხებოდა სიაში ხალხის შეყვანას?! აი, ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი დახურულ წრეში წყდებოდა და არაფერი იყო გამჭვირვალე. ეს ყველაფერი გიგა ბოკერიას ოინებია. მიმდინარე პროცესებმა გამოაჩინა ვინაა ერთგული და ვინ ორგული.

- დათა ახალაიას თუ ელაპარაკეთ ამ საკითხზე?

- არა, რა თქმა უნდა, და საერთოდაც, ის არაფერ შუაში არაა ამ საკითხთან.

იხილეთ ასევე: "გავიგე, ახალაიების და მეგისის დაბრუნება არ გინდათ, მაგრამ დაბრუნდებიან და პასუხი გექნებათ გასაცემი" - "ნაცმოძრაობაში" "ფეისბუკბრძოლა" გრძელდება

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)