"ახალაიების და ბაქრაძე-ბოკერიას ფლანგებს შორის, სამწუხაროდ, მიშამ პირველ ჯგუფზე გააკეთა ფსონი" - კვირის პალიტრა

"ახალაიების და ბაქრაძე-ბოკერიას ფლანგებს შორის, სამწუხაროდ, მიშამ პირველ ჯგუფზე გააკეთა ფსონი"

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს პარტიის წევრი, ოთარ კახიძე ეხმაურება. სოციალურ ქსელში მან ამ საკითხს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"1. პარტიის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში ახალაიების ფლანგსა და ბაქრაძე-ბოკერიას ფლანგს შორის, სამწუხაროდ, მიშამ პირველ ჯგუფზე გააკეთა ფსონი. ეს ჯგუფი ელექტორალურად უპერსპექტივოა და უსიტყვო მორჩილებისა და მიშას "უპირობო ლიდერად" აღიარების ფონზე იყენებენ მის ავტორიტეტს, ხოლო მიშა, თავის მხრივ, მათ იყენებს "ყოფილ თანამებრძოლთა" პარტიიდან განკვეთის მიზნით.

2. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია და იგი არავის უჭირავს, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არის ასეთი პრინციპული მიშასთვის ამ პოსტის "შენახვა". განა მისი ლიდერობა ცარიელ სკამზეა მიბმული? როგორ შეიძლება პოსტიდან გადააყენო ის, ვისაც ეს პოსტი არ უკავია?

3. პარტიული დაპირისპირება მიშამ წამოიწყო პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურების ბოიკოტის იდეით, რასაც უჭერდა მხარს ახალაიების ფლანგი. შემდგომ ეს კიდევ უფრო გამწვავდა და უკვე მძიმე ფორმა მიიღო. არადა, მიშას მარტივად შეეძლო ეს დაპირისპირება დაესრულებინა, თუკი შეწყვეტდა ივანიშვილთან გარიგებაში თანამებრძოლების დადანაშაულებას და მათ მოხსენიებას "ყოფილ თანამებრძოლებად", ახირებულ ბლანჟეიანებად და პეროიანებად. თავად შეეძლო დაესახელებინა თავმჯდომარის კანდიდატურა, რითაც გაიზრდებოდა ყრილობის პოლიტიკური ლეგიტიმაცია, იქნებოდნენ სხვა კანდიდატებიც, ჩატარდებოდა კენჭისყრა და პარტია გადადგამდა მორიგ ნაბიჯს წინ, დემოკრატიული განვითარებისკენ.

4. ელექტორალურად სააკაშვილი არის სერიოზული კაპიტალი, ვინაიდან მის სახელს უკავშირდება ქვეყნის წინსვლა, ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ იგი ტვირთიცაა, ვინაიდან მისი მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც აქვს პასუხისმგებლობა. მისგან დისტანცირების თემა არავის წამოუწევია, გარდა ახალაიების ფლანგისა, რაც, სამწუხაროდ, შემდგომ თავადაც დაადასტურა და საკითხი ასე დასვა - თუკი ცარიელი სკამი ვინმემ დაიკავა, ეს ჩემგან დისტანცირებაა.

5. სააკაშვილის გაწევა არავის ამოცანა არ არის, ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგაც სააკაშვილი დარჩება პარტიის ლიდერად, ხოლო თავმჯდომარის აურჩევლად იგი მაინც ვერ იქნება ფორმალური თანამდებობის პირი და კვლავ ლიდერის სტატუსს უნდა დასჯერდეს.

6. სააკაშვილი ნამდვილად არის ემოციური მუხტის მატარებელი პოლიტიკოსი, ოღონდ უკრაინიდან შექმნილი მუხტი ვერ უქმნის ივანიშვილს პრობლემას. საქართველოში რომ იყოს, მას შეეძლებოდა სიტუაციის გამწვავება და ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა, მაგრამ იგი უკრაინული ოპოზიციის ლიდერია და იქ გეგმავს პოლიტიკურ საქმიანობას, უბრალოდ, არც აქაურობა "ეთმობა" და თანამებრძოლებზე ეჭვიანობის ნიადაგზე მის მიერვე დაფუძნებულ პარტიას უთხრის ძირს.

7. და კიდევ ერთი საკითხი - ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ პარტიის ლიდერები არიან გაყიდულები და ეფ-ეს-ბე-ს აგენტები - არ არიან ამ პარტიის მხარდამჭერები. ან მაშინ გაყიდულების და აგენტების მხარდამჭერები ყოფილან. განსხვავებული პოზიცია და პოლიტიკური სტრატეგია ერთია, ცილისწამება და ასავალ-დასავალის მეთოდებით მოქმედება - მეორე", - წერს ოთარ კახიძე "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: სააკაშვილის "დიდგორი" 20 იანვარს სპორტის სასახლეში - სააკაშვილმა ბოკერიას პარტიის"ახევის" მცდელობა არ აპატია?!