"ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს" - ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა - კვირის პალიტრა

"ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს" - ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ რამდენიმე წუთის წინ, ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

„დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა. თქვენ ხედავთ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდა პარტიას, რომლებმაც იბრძოლეს წლების განმავლობაში და რომელთა დამსახურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არსებობს როგორც პარტია. ეს ხალხი ის სახე და ხერხემალი პარტიის და არასწორია შეფასებები, რომლებიც ისმის ბოლო დღეების განმავლობაში.

ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის გამოსვლის შემდეგ, სიტყვით თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა გამოვიდა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავედ გააკრიტიკა.

”არ მიყვარს მიკიბ-მოკიბული საუბარი, ეს ერთი კვირა რასაც ვაკვირდებოდი, ძალიან მძიმე სურათი დამხვდა და თუ რამე შანსი იყო, რომ პარტიის ერთიანობა შენარჩუნებულიყო, მე მაქსიმუმს დავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ეს პარტია გადარჩენილიყო. ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს, ის იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი. ეს პარტია შექმნა ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა, იმიტომ, რომ დღეს ებრძოლო ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და ყველა სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში, ნიშნავს იყო თავზე ხელაღებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა, მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერმა ლელა ქებურია გაიხსენა და მიხეილ სააკაშვილი მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

”მას შემდეგ, რაც ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ლელა ქებურიას, რომელიც 2013 წლის შემდეგ მოვიდა პარტიაში, იმ პერიოდში, როცა ივანიშვილის „ტიტუშკები“ კვერცხებს და კარტოფილებს ისროდნენ, კორცხელში მუტრუკებს გადაეფარა, დაუწყებს „პრავების კაჩავს“, არ არის ლიდერობის ღირსი. ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულის ტკივილით, რადგან ეს არ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ლიდერობას ასხივებდა, რომელიც ხალხს აძლევდა იმედს 2002 წელს”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრები საქმიანობას ”ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა.

პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.

უფრო კონკრეტულად, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.