"როდესაც პრეზიდენტი გავხდი, სპეციალურად ვავალებდი სამთავრობო უწყებებს, ჩემი ნათესავები თანამდებობასთან სათოფეზე არ გაეკარებინათ" - კვირის პალიტრა

"როდესაც პრეზიდენტი გავხდი, სპეციალურად ვავალებდი სამთავრობო უწყებებს, ჩემი ნათესავები თანამდებობასთან სათოფეზე არ გაეკარებინათ"

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გადაცემა "არჩევანს". ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, ბოლო პერიოდში "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ექსპრეზიდენტმა ვრცლად განიხილა, ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის "ნაცმოძრაობიდან" გამოყოფაა. სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნულმა ჯგუფმა ვერ მოახერხა განახლება და ვერ მოერგო პარტიულ და ოპოზიციურ მოღვაწეობას.

"მართალი გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციის და დაჭაობების ნიშნები. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ის ხალხი, ვინც იყო ხელისუფლებაში, ძალიან ძნელად გადადის სხვა მდგომარეობაში. ეს არის ოპოზიციური მდგომარეობა. ის ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. ისინი ბოლომდე ვერასდროს მოერგნენ ხელახალ პარტიულ, ოპოზიციურ მოღვაწეობას. ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც ვერ მოახერხა განახლება, ჩამოშორდა პარტიას და ეს არის დადებითი პროცესი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი პროცესი „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირველად არ მომხდარა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიის განმავლობაში რაღაც ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ დავარქვი თავის დროზე?! იმიტომ, რომ სულ წინ მიდიხარ, ხდება განვითარება. განვითარების პროცესში რაღაც უჯრედები კვდებიან, რაღაც ახალი უჯრედები იბადებიან. ეს არის განახლების პროცესი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ყოფილი თანაგუნდელების ქმედებაც შეაფასა.

„მეგობრობას არასდროს ვურევდი სახელმწიფო საქმიანობაში. ჩემი მთავარი ძალა ეს არის. ჩემთვის არაფერს ნიშნავს მეგობრობა. ამისთვის მაკრიტიკებდნენ, ივანიშვილი მაგას მინუსად მითვლიდა, მაგრამ მე არასდროს მიმაჩნდა, რომ პიროვნული ურთიერთობები უნდა დავაყენოთ მაღლა სახელმწიფოსა და იდეაზე. მე არც ჩემი ნათესავების დიდი ნაწილი არ მელაპარაკებოდა ამის გამო. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, სპეციალურად ვავალებდი სამთავრობო უწყებებს, რომ ჩემი ნათესავები სათოფეზე არ გაეკარებინათ თანამდებობასთან, ფულის კეთებესთან და იმასთან, რომ ჩემს გამო არიან წარმატებულები. ადამიანურად გული მწყდება ხანდახან როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას. რა თქმა უნდა დამრჩა მეგობრები წასულებს შორის, მაგრამ სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობ. იდეა არის სახელმწიფოებრივი და პირადი ურთიერთობების ადგილი თუ არის, როცა ყველაფერს მოვრჩებით ყვარელში, რთველის დროს, სუფრაზე, თუმცა, იმის იქით სახელმწიფო უწყებებში... ბევრმა მეგობარმა, რომლების ბავშვებიც მყავს მონათლული და ახლოს ვიყავი, როგორც კი გადააბიჯა წითელ ხაზს, გულმა გაუწია კორუფციისკენ ან სახელმწიფო საქმეს აზიანებდნენ, იქ ყველაფერი მთავრდებოდა და უკანა პლანზე გადადიოდა ყოველთვის. ეს ეხებოდა ძალიან ბევრ ცნობილ სახელსა და გვარს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლებს შორის. რაც მოხდა, მოხდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისი თანაგუნდელების გარკვეულმა ნაწილმა იდეის და გამარჯვების რწმენა დაკარგა.

"პარტია არის ბრძოლისუნარიანი ორგანიზაცია, რომ შეცვალოს არსებული რეალობა. ეს შესაძლებელია თუ ის არის იდეურად სუფთა, დარწმუნებული, რასაც აკეთებს და თუ ის მოქმედებს, როგორც ერთიანი ორგანიზმი. იქ შიგნით მუდმივად გარკვევები როდესაც არის და ხალხი მთავარ რამეზე ვერ თანხმდება და ეს არის იდეა, პრაქტიკულად ეს აზარალებდა პარტიას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მათი გასვლა დადებითი მოვლენაა. დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის, გამარჯვების და ვისაც გვჯერა, ის უნდა გავატაროთ. ის ნაწილი, პლასტი, რომელიც წინ არ უშვებდა ახალ ხალხს, დიდი მასივი გაიწია გვერდზე და გაიხსნა ახალი გზა. ეს არის დადებითი პროცესი, მე ამას სხვანაირად ვერ შევხედავ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მანვე ილაპარაკა გიგი უგულავაზე. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ადამიანურად უხარია, რომ თბილისის ყოფილი მერი თავისუფალია.

„მართლა ადამიანურად მიხარია, რომ ის არის გარეთ, ახალგაზრდა ადამიანი, ჯან-ღონით სავსე რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმროში მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეძლო და როგორც შეეძლო თავისი უნარების ფარგლებში მე მეხმარებოდა თბილისის განვითარებაში, მე ამაში მადლობელი ვარ მისი, მიმაჩნია უკიდურეს უსამართლობად მისი დასჯა ამისთვის. ისიც ვიცი, რომ ის ძირითადად ჩემ გამო, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები, ივანიშვილის მთავარი პრობლემა ვარ მე. ის რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე. მესმის ფსიქოლოგია, როცა ვიღაცის გამო ისჯები, მტკივნეულია, მაგრამ ჩემ გამოც არ იყო, იდეის გამო იყო,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობასაც შეეხო.

"ყრილობაზე ხალხი მოვა და თავის სიტყვას იტყვის, ყრილობაზე ხალხი მოვა და იქნება დებატები და კამათი, ყრილობაზე ხალხი მოვა და ახალ გეგმებს დასახავს. თუ მათ მიაჩნდათ, რომ სიმართლე მათ მხარეზეა, სიმართლეს უნდა დაცვა, მე ყოველთვის ჩემ სიმართლეს ვიცავ, სად უნდა დაიცვა შენი სიმართლე თუ არა შენი მრავალათასი თანამებრძოლის წინ, როცა დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში, თუ არ ხარ დარწმუნებული, მაშინ უნდა იმოქმედო, იმ მეთოდებით, როგორც მათ იმოქმედეს, წავიდნენ ბრძოლის ველიდან, მათ წინასწარ აღიარეს დამარცხება. ჩემი აზრით, ეს მათი დამარცხება არ არის ჩემთვის, ეს არის ივანიშვილის დამარცხება".