რას ნიშნავს "შეჩერების მექანიზმი" და სჭირდება თუ არა ევროპას მესამე ტიპის ქვეყნები ლტოლვილთა შესაკავებლად?! - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს "შეჩერების მექანიზმი" და სჭირდება თუ არა ევროპას მესამე ტიპის ქვეყნები ლტოლვილთა შესაკავებლად?!

"ვალდებულებები ეტაპობრივად სრულდება. გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ვიზალიბერალიზაცია დროში ცოტა გაიწელოს, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, წელს საქართველოს ექნება "ვიზალიბერალიზაცია"

როგორც უკვე ვიცით, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის "შეჩერების მექანიზმთან" დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ეს მექანიზმი გარკვეულ ბუნდოვანებას სძენს უვიზო მიმოსვლის საკითხს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის, ამიტომ ხშირად ეს საკითხი კამათის საკითხიც კი ხდება. მით უფრო, რომ ქართველი პოლიტიკისების მხრიდან ამ კუთხით განმარტებები ნაკლებად კეთდება. ლაპარაკობენ მხოლოდ იმაზე, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ მოხდება თუ რა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მასიური გადინება.

ევროპა კი მწვავე კრიზისს განიცდის. სჭირდება თუ არა ევროპას ჩვენნაირი მესამე ტიპის ქვეყნები, კონფლიქტური რეგიონებიდან გამოქცეული დევნილების შესაკავებლად? არის თუ არა შანსი ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საქართველოშიც მოიმატოს კონფლიქტური რეგიონებიდან ლტოლვილთა რაოდენობამ?

აღნიშნულ საკითხებზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი მარკ ჰულსტი გვესაუბრა.

- მარკ, შეჩერების მექანიზმის ასეთ პრინციპულ დონეზე აყვანა, ნიშნავს თუ არა, რომ ევროპელები ფრთხილობენ და მაინცდამაინც ბრმად არ გევნდობიან?

- სიფრთხილის ელემენტები ალბათ არის, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ, აქ ნდობის საკითხი არ დგას. ისინი გვენდობიან, თუკი თანმიმდევრულად შევასრულებთ ვალდებულებებს. თუკი, სწორ გზას ავირჩევთ და ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგაც, არ გადავუხვევთ ევროპულ სტანდარტებს.

მარკ ჰულსტი

- რატომ არ კეთდება განმარტებები პოლიტიკოსების მხრიდან, თუ რას ნიშნავს შეჩერების მექანიზმი? რამდენმა ადამიანმა შეიძლება დაარღვიოს დაწესებული სტანდარტები, რომ "შეჩერების მექანიზმი" ამოქმედდეს?

- ვფიქრობ, ეს საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა ხშირად მოხდეს განმარტებები მოსახლეობისთვის "ვიზალიბერალიზაციასა" და "შეჩერების მექანიზმთან" დაკავშირებით, რომ ხალხს შიშის მომენტი არ ჰქონდეს.

შევეცდები თქვენთვის მოკლედ განვმარტო რას ნიშნავს აღნიშნული. "შეჩერების მექანიზმი" ამოქმედდება, თუ საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის სახელმწიფოში შესვლაზე უარს მიიღებენ, ან გაიზრდება ევროკავშირში ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა არალეგალად დამრჩენთა რიცხვი და უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვა, ასევე თუ ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით , ვგულისხმობ, მიგრანტთა დაბრუნებას და თუ აქედან ჩასული ადამიანები, საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის შიდა უსაფრთხოებას. ამ შემთხვევაში მთავარი მაკონტროლებელი ორგანო იქნება ევროკომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე პროცესს.

ევროკავშირის თითოეულ წევრს ექნება უფლება მოითხოვოს "შეჩერების მექანიზმის" ამოქმედება, თუმცა ამ პროცესის დაწყებიდან საქართველოს ექნება 27 თვე, რათა ხელისუფლებამ იზრუნოს გამოასწოროს ის საჩივრები, რამაც გამოიწვია "შეჩერების მექანიზმის" ამოქმედება.

- შეუქმნის თუ არა "შეჩერების მექანიზმი" პრობლემებს საქართველოს?

- საქართველოს შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ აღნიშნული "მექანიზმის ამოქმედების" მხოლოდ მცირე შანსი არსებობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება მოვადუნოთ რეგულაციების შესრულებისას. ხშირად, როცა საზოგადოებაში ვიზალიბერალიზაციის განხილვა ხდება, იკვეთება ისეთი საკითხები, როგორიცაა მასობრივი მიგრაცია ევროპაში, რაც ასევე ვფიქრობ, რომ არ მოხდება.

- ბოლოდროინდელი კონფლიქტების შემდგომ ევროკავშირს უამრავი მიგრანტი მიაწყდა და სწორედ მიგრანტების გამო ევროპა დღეს კრიზისშია. მარკ, პირდაპირ მიპასუხეთ, სჭირდება თუ არა ევროპას ჩვენნაირი, მესამე ტიპის ქვეყნები ლტოლვილების შესაკავებლად? არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ კონფლიქტების რეგიონებიდან დევნილები ჩვენს ქვეყანასაც მოაწყდნენ?

- არ ვიცი, რას ფიქრობს ევროპა. საქართველო მსოფლიოს ნაწილია და აქაც შემოდის და გადის სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. "ვიზალიბერალიზაციის" გარეშეც შეიძლება გახდეს ქვეყანა უარყოფითი ძალების სამიზნე და პირიქით, თუმცა მე ამის საშიშროების ზრდას ვერ ვხედავ. საქართველოს, ბოლო წლების განმავლობაში, ისედაც არაერთმა ადამიანმა მიმართა დევნილის სტატუსისა და მოქალაქეობის მიღების სურვილით.

- აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გეგმა გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები?

- ერთ-ერთი მოთხოვნა შესასრულებელ ვალდებულებებს შორის არის: ერთიანი საზღვრის, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა. უშუალოდ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე შესაბამის უწყებას უნდა ჰკითხოთ. ჩემი ინფორმაციით, ის მშვენივრად ართმევს თავს საზღვრის დაცვის უსაფრთხოებას. საქართველოში არც ისე ადვილად გაიცემა უცხოელზე საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რითაც მათ მარტივად შეეძლებოდათ ემოგზაურათ შენგენის ზონაში. ასე, რომ სანერვიულო არაფერია.

- თქვენ რეადმისიის პროგრამა ახსენეთ. რამდენად მტკივნეული იქნება ეს ძალით დაბრუნებული მოქალაქეებისთვის, როცა სახელმწიფო შესაბამის პირობებს ვერ ახვედრებს?

- რეადმისიის პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს არა მხოლოდ არალეგალების აღმოჩენას და სამშობლოში ჩამოყვანას, არამედ მათ ინტეგრაციას საკუთარ სამშობლოში.

ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებულთა რეინტეგრაციას. რამდენიმე სახელმწიფოს აქვს კარგი პროგრამა, გამოყოფენ თანხებს, რომ მათ ქვეყანაში მცხოვრები მიგრანტები ნებაყოფლობით დაუბრუნდნენ სამშობლოს. პროგრამაში ყველა ქვეყანა არ არის ჩართული. შესაბამისად, თანხასაც ზემოთ ხსენებული მიზნით თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნები გამოყოფენ. მათ შორის შვეიცარია, პოლონეთი, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ირლანდია. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით (რომელიც, ცხადია, სრულყოფილი ვერ იქნება) 2003-დან 2011 წლის 1-ელ თებერვლამდე ამ პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 1439 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში ნებაყოფლობით. ბუნებრივია, ეს მონაცემები არ მოიცავს ინფორმაციას დეპორტირებულთა ან რეადმიისის პროგრამით დაბრუნებულთა რაოდენობაზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ რეადმისიის პროგრამა 2015 წლიდან უკვე ამოქმედდა. გასულ წელს სამშობლოში დაბრუნებულთა რეინტეგრაციისათვის ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯა.

(თუ რამდენად სწორად გაიხარჯა აღნიშნული თანხები, რამდენი ადამიანი დააბრუნეს და რა პროგრამას ახორციელებს ლტოლვილთა სამინისტრო საკუთარი მოქალაქეების რეინტეგრაციისთვის "კვირის პალიტრა" სპეციალურ სტატიას ამზადებს - ნ.ც.).

- საქართველოს ხელისუფლება ხშირად პრივილეგიებსა და დადებით მხარეებზე საუბრობს. როგორ ფიქრობთ, რეალურად სრულდება თუ არა მათი მხრიდან დაკისრებული ვალდებულებები და რეალურია თუ არა შანსი მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია წელს გაზაფხულზე?

- ვალდებულებები ეტაპობრივად სრულდება. გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ვიზალიბერალიზაცია დროში ცოტა გაიწელოს, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, წელს საქართველოს ექნება "ვიზალიბერალიზაცია".

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)