სავიზოდან უვიზომდე - რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში გადაადგილებისას - კვირის პალიტრა

სავიზოდან უვიზომდე - რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში გადაადგილებისას

2017 წლის 2 თებერვალი ისტორიული დღე აღმოჩნდა საქართველოსთვის. ევროპარლამენტმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს მხარი დაუჭირა. ბრიუსელში გამართულ პლენარულ სხდომაზე ამ წინადადებას 553 დეპუტატი მიემხრო, 66 წინააღმდეგი იყო, 28 პარლამენტარმა კი თავი შეიკავა.

ეს კენჭისყრა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების გზაზე ერთ-ერთი ბოლო ეტაპია და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობის უფლებით, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან ისარგებლებენ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგი 2012 წელს გაიხსნა, რასაც წინ უსწრებდა საქართველო-ევროკავშირს შორის შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და რეადმისიის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია (2011 წლის 1 მარტიდან).

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს (გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით) ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, ხანგრძლივი სწავლის ან მუშაობის მიზნით. 90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად, ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა გარკვეული პერიოდით (5 წლამდე ვადით).

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან: შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები; ადგილობრივი კანონმდებლობა; საავტომობილო მოძრაობის წესები; საზოგადოებრივი წესრიგი; სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას ან/და დაეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით.

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის საბუთები:

ტურიზმი და დასვენება:

უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი

სასტუმროს ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.

​ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა;

სასტუმროს ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა

უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

ნათესავების, მეგობრების მონახულება

მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);

იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;

სამოგზაურო დაზღვევა;

უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.).

მკურნალობა

სამედიცინო დაწესებულების თანხმობა

რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.

სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)

პროცედურების დასრულებისათვის დარჩენილია ცალკეული პროცედურები, თუ რას გულისხმობს ეს ეტაპი, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს ვესაუბრეთ.

- ტექნიკურ საკითხებში იგულისხმება ევროპის მინისტრთა საბჭოს მიერ ამ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ კენჭისყრის ჩატარება, ამაში იგულისხმება ამ გადაწყვეტილების ხელმოწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტის და თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი მინისტრის მხრიდან, ასევე იგულისხმება შემდგომ ტექსტის თარგმნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენებზე, შემდგომ მისი გამოქვეყნება ოფიციალურ ჟურნალში, პარალელურად კენჭისყრა ევროპის პარლამენტსა და მინისტრთა საბჭოში შეჩერების მექანიზმზე და იგივე გზის გავლა ქართული მხარის მხრიდან, ანუ ხელმოწერა და ა.შ. როცა ორივე მხარის ხელმოწერა გამოქვეყნდება, გადაწყვეტილება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან  21-ე დღეს, თუ რა თქმა უნდა, სხვა ჩანაწერი გაკეთდება.

- საქართველოს საკითხის მომხსენებლის, მარია გაბრიელის თქმით, ის ამ ტექნიკურ პროცედურებს დააჩქარებს, ალბათ ეს იგულისხმება სხვა ჩანაწერში?

- კი, როგორც უკვე გითხარით, თუ ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდგომ სხვანაირი ჩანაწერი იქნა, მაშინ შეიძლება უფრო ადრე ან უფრო გვიან შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში.

- მართალია საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს შეჩერების მექანიზმი, კონკრეტულად რას გულისხმობს და თუ უკვე გამოიყენეს რომელიმე ქვეყანასთან?

- ჯერ არა იმიტომ, რომ შეჩერების მექანიზმი ახლა იხვეწება. მართალია, 2011 წელს არის მიღებული, მაგრამ იმდენად არც თუ ისე მოქნილი სისტემა იყო, რომ ჯერ არ გამოუყენებიათ, თუმცა ახლა შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანასთან გამოიყენონ.

შეჩერების მექანიზმი რამდენიმე პუნქტს მოიცავს. მას იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა ზრდის საფრთხე იყო, ან თუ საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წესრიგს და უსაფრთხოებას, ან საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უარს ეტყვიან საზღვის გადაკვეთაზე.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)