რატომ შეაჩერა სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2" -ის საქმეზე გამოტანილი განაჩენის აღსრულება?! - კვირის პალიტრა

რატომ შეაჩერა სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2" -ის საქმეზე გამოტანილი განაჩენის აღსრულება?!

„რუსთავი 2“ უკვე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ტელეკომპანიის სასარგებლოდ დასრულებული  პირველი რაუნდი სტრასბურგში

3 მარტს "რუსთავი 2"-მა სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა და უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მოგვიანებით, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა - სრულიად უპრეცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ", - განაცხადა გვარამიამ. მისივე ინფორმაციით, აღსრულება შეჩერდა 8 მარტამდე.

ეს დაადასტურა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც, რომელმაც სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა:

"როგორც სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული კორესპონდენციიდან ირკვევა, დღეს "რუსთავი 2"-მა მიმართა ევროპის სასამართლოს, ამ საქმეს მიენიჭა ნომერი და "რუსთავი 2"-მა მოპასუხე მხარედ დაასახელა საქართველოს მთავრობა. კომპანიამ სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფა, რომელსაც დროებითი ღონისძიება ეწოდება და მოითხოვა შემდეგი:

1. საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანალ საჩივარს არსებითად არ განიხილავს და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას.

2. აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს "რუსთავი 2"-ის დახურვა.

3. აეკრძალოს ხელისუფლებას მენეჯმენტის შეცვლა კომპანიაში.

"რუსთავი 2"-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის სხვადასხვა დროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლიაში "ევროპის სახალხო პარტიის" წევრების შეფასებები, აშშ-ს საელჩოს გუშინდელი განცხადება, მედიაში გაკეთებული შეფასებები და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის ნებისმიერ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია, ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი.

ეს არის ის, რაც მოითხოვა კომპანიამ. სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათი გამოგზავნილი შეტყობინებიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო მორიგე მოსამართლემ ერთპიროვნულად, რომლის გვარი პროცედურის მიხედვით, უცნობია, ისე, რომ მოპასუხედ დასახელებული მხარე არ ყოფილა ინფორმირებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია დღის განმავლობაში არ მოუთხოვიათ.

მოსამართლემ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: არა საქმის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე მიღებული იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ხელისუფლებამ კი არ განახორციელოს რაიმე ღონისძიება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ამ საქმეს ამავე მოსამართლემ ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ ნებისმიერ საჩივარზე ადრე განიხილავენ სწორედ "რუსთვი 2"-ის საქმეს.

რა იქნება მერე? - 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და არა ისევ ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიურად იმსჯელოს შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება".