"გალაკტიონის და ვაჟას სამშობლოში ლაშა ბუღაძემ გადაწყვიტა რომ პოეტია" - რას ერჩის სააკაშვილი ბუღაძეს? - კვირის პალიტრა

"გალაკტიონის და ვაჟას სამშობლოში ლაშა ბუღაძემ გადაწყვიტა რომ პოეტია" - რას ერჩის სააკაშვილი ბუღაძეს?

"წითელი ინტელიგენციის ნაწილმა ჩათვალა, რომ "რუსთავი2"-ის საქმე უკვე წასულია და დაკავდნენ ჩემზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმით", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამ დღეებში გამოჩნდა, წითელი ინტელიგენციის შედარებით ახალგაზრდა თაობის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ "რუსთავი 2 "-ის საქმე უკვე წასულია და დაკავდნენ ჩემზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმით. უნდა ვთქვა ახლა, გალაკტიონის და ვაჟას სამშობლოში ლაშა ბუღაძემ გადაწყვიტა რომ პოეტია, ყველას შეუძლია იყოს, მაგის ნაწერი მე მაინცდამაინც არაფერი მახსოვს, არადა პოეზია ძალიან მიყვარს, მაგრამ მახსოვს, რომ გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის გვერდზე უგანებს ჩვენს ქვეყანას. მე ვამბობ, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც საუბარია, რომ გადამწყვეტ მომენტებში ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფრის გადმობრალება იმ ხალხისთვის, რომლებმაც შექმნეს ქართული სახელმწიფო, შენ როცა არაფერი შეგიქმნია, არის ამორალურობა, არაწორი და უზნეო საქციელი. არც გამიკვირდა, თამარ მეფის გმობით დაიწყო კარიერა და ჩემსას რომ გმობდეს რა გასაკვირია? უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ ამ ხალხმა ბოლომდე ვერ გაითავისა, რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო, რომელსაც შენატრის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო და აღმოსავლეთ ევროპა. ყველა რეიტინგით საქართველო საერთოდ სხვა ლიგაში თამაშობს", - განაცხადა სააკაშვილმა და საქართველოს წარმატებულ რეიტინგებზე ისაუბრა.

ყოფილი პრეზიდენტი მიმართავს ადამიანებს, რომლებსაც "ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია".

"ის ხალხი, ვინც იძახის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მე წარსული ვართ, რა შექმნეს ისეთი, რომელზეც ხალხი იტყვის, რომ ეს უკეთესია. სანამ ახალი არ შეუქმნიათ, ჩვენ არასდროს ვიქნებით წარსული და ჩვენ ვართ მომავალი თქვენთან ერთად. ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს წინ, ერთ-ერთი მთავარი გეგმა არის სწრაფი განვითარება და სიღარიბიდან გამოსვლა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული, ქუთაისის აეროპორტს ეხება და სინამდვილეში, ეს აეროპორტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ქუთაისი-ლონდონის, ქუთაისი-მილანის რეისები სრულდება.

"რატომ ამაზე არ ლაპარაკობს ლაშა ბუღაძე? წავა ალბათ წამოიჭიმება ამ ჩვენს აშენებულ აეროპორტში და იტყვის, ოხ, ეს საზიზღრებიო. ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ეს ჩვენი სამშობლოა და ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"