"ლტოლვილთა ბანაკის იდეას ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს" - კვირის პალიტრა

"ლტოლვილთა ბანაკის იდეას ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს"

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის ინტერვიუს გამოცემა "ბილდში" საქართველოში უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე მის მშობლიურ ავსტრიაში, მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის კურცი პოპულარობის ზენიტშია და ევროპული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. საქმე ის არის, რომ ევროკავშირის გარეთ ლტოლვილთა ბანაკების შექმნაზე საუბრისას კურცმა ერთ-ერთ სავარაუდო ლოკაციად საქართველოც დაასახელა. რბილად რომ ვთქვათ, ქართველი საზოგადოება ამ იდეით არცთუ ისე მოხიბლული დარჩა. ვითარება გაამწვავა რუსული მედიასააგენტოების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ლტოლვილთა ბანაკების შექმნა საქართველოში იყო ის საფასური, რაც ჩვენ ბრიუსელიდან ვიზალიბერალიზაციის მიღების სანაცვლოდ უნდა გაგვეღო. დგას თუ არა ლტოლვილთა ბანაკის გახსნის საკითხი საქართველოში, ამ თემაზე "კვირის პალიტრას" ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო ესაუბრა:

- "ლტოლვილთა ბანაკები ევროკავშირის გარეთ, მაგალითად, ეგვიპტეში, საქართველოში ან ბალკანეთის რომელიმე ქვეყანაში" - სებასტიან კურცის ამ სიტყვებმა საქართველოში ბევრი შეაშფოთა.

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მინისტრს არასწორად გაუგეს. ევროკავშირს გარეთ ლტოლვილთა ცენტრის შექმნის იდეა არც ახალია და ასე ვთქვათ, არც ავსტრიული ექსკლუზივი - ეს იდეა უკვე რამდენიმე თვეა ბრიუსელში მინისტრების დონეზე განიხილება. მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, და აქ მინდა მაქსიმალურად მკაფიო ვიყო - ეს გაჟღერდა მხოლოდ როგორც იდეა, არანაირი კონკრეტული შეთავაზება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს მინისტრის ვიზიტთან თებერვალში - ეს საკითხი საქართველოს მთავრობასთან არ განხილულა!

- მომიტევეთ პირდაპირობისთვის, მაგრამ საქართველოს საკუთარი ლტოლვილებიც საკმარისად ყავს - 230000 ადამიანზე მეტი. რატომ უნდა გვინდოდეს ლტოლვილთა ბანაკის შექმნა საქართველოში? რატომ ჩათვალა მინისტრმა, რომ საქართველოსთვის ეს მისაღები იქნებოდა?

- კიდევ ერთხელ გეტყვით - საქართველო, როგორც რეალური ვარიანტი, არც კი განხილულა. მესმის, რომ მინისტრის სიტყვები ბევრმა ნეგატიურ ჭრილში გაიგო. მე ასე განვმარტავდი - ავსტრია, იმის გათვალისწინებით თუ რა წარმატებით ვთანამშრომლობთ ბევრ სხვადასხვა სფეროში, საქართველოს მიგრაციასთან ბრძოლაშიც პარტნიორად აღიქვამს და მინისტრმაც სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი - ეს არის სრულიადევროპული პრობლემა და დისკუსია, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. მესმის, რომ ადვილი იყო ამ გზავნილის მისინტერპრეტაცია, რაც ბევრმა სათავისოდ გამოიყენა.

- მშვენივრად გამოიყენა ეს რუსულმა მედიამაც, რომელმაც გამოაცხადა, რომ ეს იყო საფასური, რომელიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიღების სანაცვლოდ უნდა გაეღო. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს? არის თუ არა რაიმე კავშირი კურცის იდეასა და ვიზალიბერალიზაციას შორის?

- არანაირი კავშირი! არავითარი! მინდა იცოდეთ, რომ ავსტრია მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას - იყვნენ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებიც, მაგრამ ჩვენ მათ რიცხვში არ ვიყავით! ჩვენ განუხრელად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ კურსს და სწორედ ამიტომ გავხსენით აქ საელჩოც. ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენს მიერ საქართველოს ევროპულობის კიდევ ერთი აღიარება და ჩვენ ვიცით, თუ რამდენი იშრომა საქართველომ ამის მისაღებად. და სრულიად დამსახურებულად მიიღო კიდეც. რაც შეეხება ლტოლვილთა ბანაკს საქართველოში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იდეა, ფიქცია, არავითარი კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა, არასდროს განგვიხილავს ეს საქართველოს მთავრობასთან და არასდროს გვიმსჯელია, რა მოყვებოდა, თეორიულად, ლტოლვილთა ბანაკის შექმნას საქართველოში - აქამდეც კი არ მისულა საქმე! ძალიან ვწუხვარ, რომ რუსულმა მედიამ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა მაგრამ ცალსახად, მკაფიოდ და გადაჭრით გეუბნებით - ამას არაფერი აქვს საერთო ვიზალიბერალიზაციასთან!