"აჭარას უამრავი ხარბი თვალი უყურებს" - სოციალური აფექტი თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?! - კვირის პალიტრა

"აჭარას უამრავი ხარბი თვალი უყურებს" - სოციალური აფექტი თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?!

"კარგა ხნით ადრე იგეგმებოდა და ის ადმინისტრაციული ჯარიმა, რომლიდან თითქოს ეს ყველაფერი დაიწყო, იყო მხოლოდ საბაბი..."

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი "რუსთავი 2", რბილად რომ ვთქვათ, პროცესების გამწვავებას ცდილობდა..."

მიუხედავად ქართველი საზოგადოების მრავალწლიანი საპროტესტო გამოცდილებისა, რთულია, ჩვენი უახლოესი ისტორიიდან გავიხსენოთ აქციის ისეთი აგრესიული ფორმა, რისი მომსწრეც ორიოდე დღის წინ ბათუმში ვიყავით. 12 მარტს პროტესტი, რომელიც, ერთი შეხედვით, მოქალაქეებსა და პატრულს შორის ყოფით კონფლიქტს მოჰყვა, დიდ არეულობაში გადაიზარდა. ვითარება უკიდურესად გვიან ღამით გამწვავდა, როდესაც აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პროტესტანტების აგრესიულ მოქმედებებს სამართალდამცავთა პასუხი მოჰყვა. საჭირო გახდა სპეცრაზმის მობილიზება, აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. სამწუხაროდ, შეკრებილი საზოგადოების პროტესტი გამოხატვის მშვიდობიან ფორმას გასცდა და ვანდალიზმში გადაიზარდა. რამ გამოიწვია მომხდარი და შესაძლოა თუ არა, ამ აქციის უკან პოლიტიკური ინტერესები ვეძიოთ?

გია ხუხაშვილი:

- მომხდარს შევაფასებდი სოციალურ აფექტად პოლიტიკური შეფუთვით. დარწმუნებული ვარ, ამ პროტესტის საფუძველი სწორედ სოციალურ სფეროში უნდა ვეძებოთ. მართალია, შემდგომ ცხადად გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით - "ნაციონალური მოძრაობა" შეეცადა, ყველაფერი სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი თავიდანვე პოლიტიკური იყო. მომხდარისთვის სწორი დიაგნოზის დასმა ხელისუფლებისთვის პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება იქნება.

როდესაც სოციალურ საფუძველზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ იმას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო-სტატისტიკური ქართველის სოციალური სტატუსი საგრძნობლად დაეცა, შესაბამისად, საზოგადოებაში იზრდება საპროტესტო განწყობა. წარმოიდგინეთ, ადამიანი ყოველდღიურად თავის გადასარჩენად იბრძვის, კაპიკებს ძლივს შოულობს და ამ დროს პატრული უწერს ჯარიმას, რომელიც მის შემოსავალს აღემატება. არ ვამბობ, რომ არავინ უნდა დაჯარიმდეს, მე პრობლემის არსზე ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, სწორედ სოციალურმა მიზეზებმა განაპირობა აქციის ასეთი აგრესიული ფორმა. როდესაც ადამიანს შია და სწყურია, ის ყველაფერზეა წამსვლელი. მოკლედ, ყველაფერს აქვს თავისი კრიტიკული ზღვარი. ერთია ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური აფექტის ზღვარზეა და მეორე, რომ ასეთ ვითარებაში პროვოკაციის დაგეგმვა და მოწყობა უფრო ადვილია. ამის გამოყენება შეიძლება სცადონ როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე უცხო ქვეყნების შესაბამისმა სამსახურებმაც... (იხილეთ სრულად)

მამუკა არეშიძე:

- ჩვენ ვნახეთ ერთი საყოფაცხოვრებო, ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, როგორ აქციეს პოლიტიკურ აქტად და ამაში წვლილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიტანა. არ მოერიდნენ იმას, რომ ქალაქი ლამის დაანგრიეს, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ყველაფერზე წავლენ. შევახსენებ ყველას, რომ ზოგიერთი მიზეზის გამო აჭარა ისედაც ძალიან ფაქიზი რეგიონია, რომელსაც უამრავი ხარბი თვალი უყურებს.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევა და ხალხის ქუჩაში გაყვანა. გაიხსენეთ ის წერილი, რომელიც "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გაგზავნა, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ ელოდნენ ქუჩაში არეულობას, ქაოსს, დაპირისპირებას... გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ მათ ამ წერილით გამოთქვეს პროგნოზი იმისა, რასაც თვითონ აპირებდნენ.

ხომ ფაქტია, რომ ვერ მოახერხეს "რუსთავი 2"-ის დაცვის მოწოდებით ხალხის აქციებზე კონსოლიდირება და ქუჩაში გაყვანა!

ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ის, რომ ბათუმში მიმდინარე პროცესების პარალელურად "ნაციონალური მოძრაობის" ერთმა ჯგუფმა თბილისში, პარლამენტთან დაიწყო შეკრება, მეორე ჯგუფმა - ქუთაისში... მომიტინგეებს ისე გამოუცხადეს სოლიდარობა, არც აინტერესებდათ, იქ რა ხდებოდა.

აშკარად ეტყობოდა, რომ, შესაძლოა, თავიდანვე - არა, მაგრამ რაღაც ეტაპიდან მთელი ეს აქცია ორგანიზებული იყო. გაიხსნეთ ქვებით სავსე ტომრების გამოჩენა, აირწინაღიანი ხალხი და, ბოლოს და ბოლოს, აშკარად გამოჩნდა, რომ "მოლოტოვის კოქტეილები" გამოიყენეს.

ეს ერთი ხელის მოსმით არ კეთდება. მე არ ვამბობ, თითქოს ისე იყვნენ მომზადებული, რომ ეს მოლოტოვის კოქტეილები რამდენიმე დღით ადრე გააკეთეს... სავარაუდოდ, იმავე დღეს დაამზადეს, მაგრამ ვინც ამას აკეთებდა, ის ჯგუფი მზად იყო ამისთვის, მასალა ჰქონდათ მომარაგებული და ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან ეს დასჭირდებოდათ.

ეს ყველაფერი შეიძლება სჭირდებოდეთ, უპირველესად, "რუსთავი 2"-ის თემასთან დაკავშირებით სკანდალის ასაგორებლად, განსაკუთრებით - დასავლეთის თვალში. ბოლოს და ბოლოს, სტრასბურგში გაგზავნილი წერილის შინაარსი ხომ უნდა გაამართლონ. (იხილეთ სრულად)

კორნელი კაკაჩია:

- ერთ-ერთი ვარაუდით ამ პროცესების გაღვივება დაკავშირებულია ადგილობრივი ელიტების შიდა კონფქლიტთან, კონკრეტულად კი, ძალოვანი სტრუქტურებისა და აჭარის ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებასთან. აქციას ყველა დეტალზე ეტყობოდა რომ ეს კონფლიქტი ერთ დღეში, მით უფრო, რამდენიმე საათში კი არა, კარგა ხნით ადრე იგეგმებოდა და ის ადმინისტრაციული ჯარიმა, რომლიდან თითქოს ეს ყველაფერი დაიწყო, იყო მხოლოდ საბაბი...

სხვა დანარჩენი, იგივე "თათრების" ან "აჭარა აჭარლებს" და სხვა ფრაზების ძახილი, იყო შემოგდებული თემა, ვითარების გამწვავებისთვის და აგრესიის გასაღვივებლად. ამ ყველაფრის სრულყოფილი გამოძიება უნდა მოხდეს...

ამას ემატება, ის საკადრო ცვლილებები, რომელიც აჭარის ძალოვან სტრუქტურებში განხორციელდა, - შს სამინისტროს ცვლილებებს ვგულისხმობ, რაც არ იყო შეთანხმებული ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რამაც გაორება და დაბნეულობა გამოიწვია. შედეგად ისინი სიტუაციას ბოლომდე ვერ აკონტროლებდნენ. ამით ისარგებლეს სხვადასხვა ელემენტებმა, რომლებმაც ეს კონკრეტული ფაქტი გამოიყენეს და ამ ყველაფერს რეგიონსა და ცენტრს შორის დაპირისპირების სახე მისცეს, რაც ყოვლად დაუშვებელია. გასათვალისწინებელია, კიდევ ერთი რამ, ზოგადად ქვეყანაში არსებული არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობები, თუმცა, ეს მაინც სუსტი არგუმენტი მგონია...

- ამ ფაქტს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები გამოეხმაურნენ, თუმცა, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურობდა…

- დიახ, ეს სამწუხარო ტრადიცია ბოლო 25 წელია გვაქვს, - ყველა ცდილობს ამღვრეულ წყალში სათავისოდ დაიჭიროს თევზი. ამიტომაც ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოეყენებინათ. ამას ისიც დაემატა, რომ გარკვეული მედიასაშუალებები სათანადო სიმაღლეზე ვერ იყვნენ, მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი "რუსთავი 2", რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, პროცესების გამწვავებას ცდილობდა... ხელისუფლებაც ვერ იყო თანმიმდევრული, განსაკუთრებით პროცესის პირველ ხანებში და ამან შექმნა ვითარება, რომელშიც აღმოვჩნდებით.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)