ფარცხალაძის საქმე №
ლაშა თორდია: "შემთხვევით შევხვდი ოთარ ფარცხალაძეს. აგრესიულად მითხრა, ჩემზე კომპრომატებს რატომ აგროვებ, თანამდებობრივი ვადა რომ გაგივა, ცხოვრების გაგრძელებას როგორ აპირებო. ვუპასუხე, რომ ეს მისი საქმე არ იყო... ამ დროს საუბარში მისი თანმხლები პირი ჩაერთო, ალბათ, დაცვის თანამშრომელი. მანაც აგრესიულად მომმართა და ამ დროს გვერდიდან ხელი დამარტყეს... ხუთი კაცი მირტყამდა"
"კარგად გვახსოვს ფარცხალაძის დანიშვნის ისტორია გენერალურ პროკურორად. როგორც ამბობენ, დღესაც გავლენა აქვს სამართალდამცავ სისტემაზე, ახალ გია უდესიანადაც კი ჩამოყალიბდა და ზონდერჯგუფებიც ჰყავს"
გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ცემა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თორდიამ ისიც აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლეულ მასალებში ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს. კომპეტენტურმა წყარომ "კვირის პალიტრას" მიაწოდა ინფორმაცია, თუ რის გამო მოხდა ეს კონფლიქტი. აი, რა გვიამბო მან.
რა კომპენსაცია მიიღო ფარცხალაძემ მერიისგან
"ყოფილი მთავარ პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას დაპირისპირებამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ლაპარაკია ვერეს ხეობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის სანაცვლოდაც ფარცხალაძემ ორი ნაკვეთი ვეძისის დასახლებაში მიიღო.
მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ: ვერეს ხეობაში ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრიც მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანიაც იყო, საკუთრებაში სამ ნაკვეთს ფლობდა. ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ფართობი დაახლოებით 2300 კვადრატული მეტრია, მაშინ ახალი გზის გაყვანა დაიწყო. გზის ყველა მონაკვეთის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართულ-ებრაული კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის 74% ახალმა გზამ დაფარა, რის სანაცვლოდაც მან მერიისგან კომპენსაცია მოითხოვა...
მერიისა და ქართულ-ებრაული კომპანიის დავაში ფარცხალაძე 2016 წლის თებერვალში ჩნდება. კერძოდ, 2016 წლის 19 თებერვალს კომპანიამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა კომპენსაცია მერიას, თუმცა, რამდენიმე დღეში, ვერეს ხეობაში არსებული ერთ-ერთი ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა. 2016 წლის 29 თებერვალს ფარცხალაძემ ვერეს ხეობაში რამდენიმე დღის წინ ნაყიდი ნაკვეთის ნაცვლად, კომპენსაციის სახით ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საკმაოდ დიდი ნაკვეთი მიიღო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს ამ ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია უკვე კორპუსებს აშენებს.
ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ორი დასკვნა დევს. ერთი დასკვნის მიხედვით, მერიამ 2016 წლის 19 თებერვალს ქართულ-ებრაულ კომპანიას კომპენსაციად ნაკვეთების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერეს ხეობაში კომპანიისგან ნაკვეთი ფარცხალაძემ შეიძინა, 2016 წლის 29 თებერვალს, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ყოფილ მთავარ პროკურორს კომპენსაციაზე თანხმობა განუცხადა და ვეძისში დიდი ფართობი გადასცა.
მეორე დასკვნის მიხედვით კი, 2016 წლის 19 თებერვალს მერიამ ქართულ-ებრაულ კომპანიას კომპენსაციის სახით ორი მიწის ნაკვეთი შესთავაზა, თუმცა კომპანიამ ამაზე უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ ნაკვეთი, რომელზეც გზა გადის, ფარცხალაძემ იყიდა და უკვე ახალმა მეპატრონემ (ყოფილმა მთავარმა პროკურორმა) თანხმობა განაცხადა კომპენსაციად მიეღო ორი ნაკვეთი.
სხვათა შორის, თავად აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს იმის გარკვევა, თუ რატომ დაიწერა ამ საქმესთან დაკავშირებით ორი ერთმანეთისგან გასხვავებული დასკვნა. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თავად ფარცხალაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აუდიტის სამსახურმა მასსა და მერიას შორის შეთანხმების დეტალების შესწავლა დაიწყო და სწორედ ამის გამო მოხდა ეს ინციდენტი". "
"ხუთი კაცი მირტყამდა"
ლაშა თორდია, გენერალური აუდიტორი: - "ელ ცენტროში" დაბადების დღეზე გახლდით, სადაც შემთხვევით შევხვდი ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც თან ხუთი პირი ახლდა. შეხვედრისას აგრესიულად მითხრა, ჩემზე კომპრომატებს რატომ აგროვებ, თანამდებობრივი ვადა რომ გაგივა, ცხოვრების გაგრძელებას როგორ აპირებო. ვუპასუხე, რომ ეს მისი საქმე არ იყო, რაზეც უფრო აგრესიული გახდა. ჩვენს საუბარში მისი თანმხლები პირი ჩაერთო, ალბათ, დაცვის თანამშრომელი, რადგან ვერ ვიცანი. მანაც აგრესიულად მომმართა და ამ დროს გვერდიდან ხელი დამარტყეს... ხუთი კაცი მირტყამდა.
- რა მასალები გაქვთ?
- საქმე ეხება მერიის მიერ მიწის ნაკვეთების ჩანაცვლებას, სადაც კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს.
- ადასტურებთ, რომ თქვენი და ფარცხალაძის დაპირისპირება უკავშირდება კომპენსაციის საკითხს? მართალია თუ არა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ქართულ-ებრაულმა კომპანიამ მერიისგან კომპენსაცია ვერ მიიღო, თუმცა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ის საკმაოდ სოლიდური კომპენსაციით დაკმაყოფილდა?
- დაახლოებით ასეა, მაგრამ ახლა ვერ ვილაპარაკებ...
- ადასტურებთ, რომ აუდიტის სამსახურში ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებული ორი შინაარსით განსხვავებული დასკვნა მოხვდა?
- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ...
ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ მერიაშიც, თუმცა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, კომენტარს მას შემდეგ გაავრცელებენ, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური დეტალურ ინფორმაციას გაასაჯაროებს. რაც შეეხება საგამოძიებო ნაწილს, როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
"ჯერ კიდევ უგულავას მერობის დროს კომპანია ითხოვდა კომპენსაციას"
ნიკა ალასანია, ქართულ-ებრაული კომპანიის ბორდის ყოფილი წევრი: - ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრიც 2011 წლამდე ვიყავი, მართლაც ფლობდა ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთებს, რომელთა ნაწილიც ახალმა გზამ დაფარა. ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს კომპანია ითხოვდა მერიისგან კომპენსაციას. მაშინ ეს საკითხი ვერ გადაწყდა, თუმცა იყო პირობა, რომ კომპენსაციას კომპანია აუცილებლად მიიღებდა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მართალია, კომპანიის საქმიანობას ჩამოვშორდი, მაგრამ ინფორმაცია მომაწოდეს, რომ აღნიშნული ქართულ-ებრაული კომპანიის ჯერ პარტნიორი, შემდეგ კი 100%-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძე გამხდარა. გამიკვირდა, თუმცა, რადგან მართვაში არ ვმონაწილეობდი, ბუნებრივია, ვერაფერს შევცვლიდი. ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ ოთარ ფარცხალაძე ამ კომპანიის გამოყენებით სხვა ქონების მესაკუთრე გახდა. თუმცა, როგორც გითხარით, ჩემთვის უცნობია დეტალები, როგორ და რა პირობებით მიიღო კომპანიამ კომპენსაცია.
"მხედრიონის" პერიოდს თუ არ გავიხსენებთ, მსგავსი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსენდება"
გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - საქართველოს უახლოეს ისტორიაში მსგავსი ქმედება უპრეცედენტოა - თავს დაესხნენ მოქმედ მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც ზედამხედველი ორგანოს ხელმძღვანელია. თავს დაესხა პირი, რომელიც პროკურატურასთან დაახლოებულია. როდესაც გენერალური აუდიტორი აღმოაჩენს სამართალდარღვევას, ვალდებულია, პროკურატურას გადასცეს. სწორედ ამაშია სკანდალის თავიდათავი. ეს არის ვითარება, როდესაც წითელი ხაზი გადაკვეთილია, ამის შემდეგ ქაოსი იწყება. მომხდარი იქნება ტესტი ხელისუფლებისთვის. თუ ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყვა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში შიდაკლანური დაპირისპირება სახიფათო ფაზაში გადადის. თუ მცდელობა იქნება, საქმე ჩაიფარცხოს, ეს ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას... კარგად გვახსოვს ფარცხალაძის დანიშვნის ისტორია გენერალურ პროკურორად. როგორც ამბობენ, დღესაც გავლენა აქვს სამართალდამცავ სისტემაზე, ახალ გია უდესიანადაც კი ჩამოყალიბდა და ზონდერჯგუფებიც ჰყავს.
"მხედრიონის" პერიოდს თუ არ გავიხსენებთ, მსგავსი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსენდება.
P.S. ჩვენ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა მან მეგობრების პირით შემოთვალა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს.
რუსუდან შელია