"ლაპარაკი, რომ მიწას ზურგზე არავინ მოიკიდებს, არასწორია, მოიკიდეს და წაიღეს კიდეც..." - კვირის პალიტრა

"ლაპარაკი, რომ მიწას ზურგზე არავინ მოიკიდებს, არასწორია, მოიკიდეს და წაიღეს კიდეც..."

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. ის დაჩქარებული წესით განიხილეს და პროექტს 87 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მოგეხსენებათ, ეს გადაწყვტილება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის შემდეგ მიიღეს... პროექტის მიხედვით მორატორიუმი იმოქმედებს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე. ჩვენში ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება - ამგავრი ჩანაწრი გაჩნდეს კონსტიტუციაში, პოპულისტურია...

- ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:

- ვინაიდან საზოგადოების ნაწილი მთავრობას არ ენდობა და მიიჩნევს, რომ ორგანული კანონი შესაძლოა ადვილად შეცვალონ, ამიტომაც ითხოვს ამის კონსტიტუციაში ჩაწერას.

მეც მომხრე ვარ, რომ არ გაიყიდოს მიწა უცხოელებზე, რადგან, მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს ამ რესურსის გამოყენებით დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

ლაპარაკი, რომ მიწას ზურგზე არავინ მოიკიდებს, არასწორია, მოიკიდეს და წაიღეს კიდეც... ქვეყანა ზედმეტი პრობლემებისგან უნდა დავიცავთ. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება სწორად მიუდგება ამ საკითხს, შეიძლება იმგვარი რეგულაციების ამოქმედება, რაც არც ინვესტიციებს შეუშლის ხელს, არც ქვეყანას და კორუფციული გარიგებებს შესაძლებლობასაც გამორიცხავს.

სანდრო თვალჭრელიძე, ექსპერტი:

- ეს გადაწყვეტილება ნამდვილად პოპულისტური თემების ჟანრიდან გახლავთ, მეტიც, ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის და ჩემი, როგორც მოქალაქის უფლებების შეზღუდვაა... საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება ვის მიჰყიდის მიწას, თვითონ გადაწყვიტოს. ჩემი სამეწარმეო საქმიანობა სრულიად თავისუფალია და დაცულია კონსტიტუციით, თუმცა ამავე კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაჩენით უკვე იზღუდება ეს თავისუფლება.

- ერთ-ერთი მოსაზრებით, მიწის თავისუფალი გაყიდვით განუვითარებელი სოფლის მეურნეობის პირობებში, მითუმეტეს, როდესაც ამ მიწის მფლობელები მისი დამუშავებისთვის საჭირო ჩვევებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს არ ფლობენ, 15-20 წელიწადში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს სრულიად დემოგრაფიული სურათი...

- კატეგორულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. რას აკეთებს მერე სახელმწიფო?! რისთვის არის შექმნილი ლოჯისტიკური ცენტრები?! თუ არ არის შესაბამისად განვითარებული, დაეხმარონ, რათა ეს ცენტრები თავის მხრივ გლეხებს თანამდეროვე ცოდნისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში დაეხმარონ... აი, აკრძალეს უცხოელებზე გაყიდვა, აგარ შპს-ზე გაყიდვა არ არის აკრძალული, ჰოდა, დაარსებენ ამ შპს-ს და ისე იყიდიან მიწას. დავუშვათ, აკრძალეს ისიც, რომ მის დამფუძნებლებში უცხო ქვეყნის მოქალაქე არ იყოს, ადგებიან და როგორმე მოახერხებენ საქართველს მოქალაქეზე დარეგისტრირებას. მოკლედ, გაჩნდებიან ყალბი დამფუძნებლები, ანაც სესხს გააფორმებენ და მერე ვითომ სესხში "წაართმევენ" მიწას... ათასი ასეთი მაქინაციის თუ კორუფციული გარიგების მოფიქრება შეიძლება. მერე რაღას იზამს სახლმწიფო?! (იხილეთ სრულად)