"არ გამოვრიცხავ, სააკაშვილს ცოტა პირი დაბანონ, დიეტაზე დასვან, ფსიქიკა მოუწესრიგონ და ქართულ პოლიტიკაში ისევ შემოიყვანონ"
"სააკაშვილი თავშესაფარს, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღებს"
უკრიანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩამოერთვათ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობა, რომელიც პრეზიდენტმა პოროშენკომ თავის დროზე დიდი ზარზეიმით მიანიჭა, აზრთა დიდი სხვადასხვაობა უპირველესად თავად უკრაინაში გამოიწვია. უკრაინელ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა. თვით ბიზნესმენმა იგორ კოლომოისკიმ, რომელიც სააკაშვილთან მწვავედ იყო დაპირისპირებული განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ნეგატიურად აისახება უკრაინის რეპუტაციაზე მსოფლიოში.
"სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სამარცხვინო ლაქაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. უფრო სამარცხვინო კი ის არის, რომ მიუხედავად ევროპისკენ მისწრაფებისა, ეს მოხდა "საუკეთესო" საბჭოურ სტილში. მხოლოდ ისტორია განსჯის, დადებითი გმირია თუ არა ის უკრაინისთვის", - განაცახდა კოლომოისკიმ.
საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციის განმარტება, რომ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მხოლოდ ახლა აღმოაჩინა პრობლემა დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვითაც თითქოს ირკვევა, რომ მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას, სააკაშვილმა ამ სამსახურს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც შემთხვევით სულაც არ მოჰყვა საქართველოში პოროშენკოს ვიზიტს.
ისმის კითხვა, რატომ მაინც და მაინც ახლა გადაწყვიტა პოროშენკომ სააკაშვილისთვის ერთ დროს სიხარულით ბოძებული მოქალაქეობის წართმევა და ქვეყნიდან გაძევება... (მოგეხსენებათ, სააკაშვილს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს).
აქვე აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისი გუნდით უკრაინაში გადაბარგდა, არაერთი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ ამაში ლომის წილი დასავლეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს ედოთ. თუ ეს ასე იყო, რა შეიცვალა ამჯერად?!
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
- უპირველესად უნდა ითქვას, რომ ეს ისეთი თეთრი ძაფით ნაკერი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მისი პროცედურული არგუმენტაციით გამყარების ყოველი მცდელობა განწირულია. ის აზრი, რომ თავის დროზე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა დასავლური, განსაკუთრებით კი აშშ-ს გარკვეული პოლიტიკური წრეების ინიციატივა გახლდათ, ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული, თუმცა სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა გეგმა არსებობს. როგორც ჩანს, იმჟამად, გამომდინარე იქედან, რომ სააკაშვილი დასავლეთში აღიქმებოდა წარმატებულ რეფორმატორად, უკრაინაში კი სერიოზული რადიკალური რეფორმების გატარება იყო საჭირო, სააკაშვილი დასავლეთში გარკვეული ჯგუფებისთვის ამ რეფორმების განმახორციელებლად მიიჩნეოდა.
როგორც დავინახეთ, ეს მაინცდამაინც კარგად არ გამოვიდა. საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც სააკაშვილს ნამდვილად ჰქონდა ამ მიმართულებით წარმატებები, მაგრამ უკრაინა დიდი, თანაც მულტიოლიგარქიული ქვეყანაა, სადაც ის ვერაფერს გახდა. შესაძლოა, დასავლეთისთვის ის ამჟამინდელ უკრაინულ სინამდვილეში ნაკლებად საინტერესო გახდა. ამასთანავე, თავის დროზე, ჯერ კიდევ გაურკვეველი და დაულაგებელი იყო უკრაინასა და დასავლეთს შორის ურთიერთობა. ამ პროცესშიც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათ სააკაშვილი... დღეს კი ამ ურთიერთობის სტრატეგიაც დადგენილია და ფრონტის ხაზიც გავლებულია. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა უკვე დასავლურ სქემაში ზის და სააკაშვილის უკრაინულ პოლიტიკაში აქტიურობა საჭიროდ აღარ მიიჩნიეს...
რაც პოროშენკომ კარგად დაინახა და ეცადა ამით ესარგებლა. მან უკვე თავისი რესურსები შესთავაზა ვაშინგტონს და ახლა ცდილობს ძალაუფლება გაიმყაროს. როგორც ჩანს, პოროშენკოს მიაჩნია, რომ სააკაშვილის გამო დასავლეთში მას არ დაუპირისპირდებიან.
მოკლედ, მოხდა ფაქტორთა თანხვედრა...
- იქნებ მომხდარი ქართული პოლიტიკის პრიზმაში განვიხილოთ...
- თავდაპირველად ვიტყვი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, არ მგონია, პოროშენკოსთვის ეს ნაბიჯი მომგებიანი იყოს. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით მას შეექმნება პრობლემები, როგორც საერთაშორისო სამართლის გაგებით, ასევე პოლიტიკურად.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ შეიძლება ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება და ეს სააკაშვილს გარკვეული ტაქტიკური სვლების გაკეთების საშუალებას უტოვებს. ის უკრაინულ პოლიტიკაში აქტუალურობას კარგა ხანს არ დაკარგავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ბევრმა გული მოვიფხანა და ძალიან ბევრი ადამიანი "ბედნიერია" იმით, რომ სააკაშვილის თავს ასეთი ამბები ხდება, ჩვენთვის ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, როგორც კი შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, რადგან საქართველოსთვის სააკაშვილი ბევრად უფრო კომფორტული იყო, როგორც უკრაინული პოლიტიკის მარგინალიზებული პოლიტიკური ფიგურა.
ის და მისი წრე დიდად ვერ იცლიდნენ ქართული პოლიტიკისთვის.
ჩვენ ვიცით, გიულენი რა როლსაც თამაშობს თურქულ პოლიტიკაში, არ გამოვრიცხავ, დაახლოებით იგივე სქემა ამუშავდეს, სააკაშვილი ხომ ამერიკული პოლიტიკის იმ ჯგუფების პირმშოა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია... ეს რეალურად მეჩვენება, მით უმეტეს, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ინარჩუნებს, მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს. ეს კომბინაცია შეიძლება იყოს ძალიან კარგად შეფუთული. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად გადავა აქტიურ ფაზაში, მაგრამ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული გლობალური პროცესი მიდის. ესკალაცია, ანუ გლობალური პოლიტიკის პოლარიზაცია იზრდება, ამ გლობალური დაპირისპირების პერიოდში შეეთებული შტატები უფრო დინამიური და აგრესიული ხდება და მათ სჭირდებათ რაც შეიძლება მკვეთრი კონტურები ამ ფრონტის ხაზზე.საბოლოო ჯამში ის თავშესაფარს, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღებს და გამომდინარე იქედან, რომ დასავლეთისთვის უკრაინულ პოლიტიკაში გამოსაყენებელი ინსტრუმენტი აღარ არის, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა სააკაშვილი გიულენის სქემით საქართველოზე ისევ გადმორთონ.
არ გამოვრიცხავ, სააკაშვილს ცოტა პირი დაბანონ, ფსიქიკა მოუწესრიგონ, დიეტაზე დასვან, 20 კგ დააკლებინონ და როგორც აქტორი ქართულ პოლიტიკაში ისევ შემოიყვანონ. ასე რომ, პოროშენკოს ამ საქციელით უფრო დიდი პრობლემა გაგვიჩნდა...
საქართველოში, როგორც ყოველთვის, ახლაც ემოციები სჭარბობს, მომხდარით ზოგი ხარხარებს და ზოგისთვისაც ეს ტრაგედიაა.
ის იმედი, რომ აშშ-მ, სადაც ახლა სააკაშვილი იმყოფება, შეიძლება ის საქართველოს გადმოსცეს, სისულელეა... ის, რომ უკრაინაში ყოფილიყო ჩარჩენილი, ამ შემთხვევაში ასეთი რისკი იარსებობდა, ახლა კი ცხადია, რომ აშშ ჩვენ სააკაშვილს არასდროს გადმოგვცემს. მით უმეტეს, რომ სააკაშილი როგორც რეფორმისტული პროქტი, ე.წ. ფერადი რევოლუციებიდან ყველაზე წარმატებულია, მარტო აქედან გამომდინარეც, მას არავინ გაწირავს.
- არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ მომხდარი საქართველოსა და უკრაიანას შორის, კერძოდ კი ივანიშვილსა და პოროშენკოს შორის შემდგარი გარიგების შედეგია...
- ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ასეთი გარიგება იყო, არც ერთ მხარეს არ ჰქონია გააზრებული ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შედეგები. თუ ასეთი რამ მოხდა, გამოდის, ორივე მხარე ემოციებით და პირადი ვენდეტის მოტივით საზრდოობდა.
იხილეთ ასევე: "ძალას მიშას საკუთარი სიმართლე ანიჭებს, ის მსოფლიო მოქალაქეა"
ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)