"ევროპაში ვიმოგზაურებ..." - რა გეგმები აქვს მოქალაქეობაჩამორთმეულ სააკაშვილს? - კვირის პალიტრა

"ევროპაში ვიმოგზაურებ..." - რა გეგმები აქვს მოქალაქეობაჩამორთმეულ სააკაშვილს?

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, უკრაინის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში, უკრაინის პასპორტს ჩამოართმევს.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვებს.

საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით კი, ის არ აპირებს უკრაინაში არალეგალურად დაბრუნებას და ამ ეტაპზე "ევროპაში იმოგზაურებს".

"ის, რაც პოროშენკომ გააკეთა, არაკანონიერია. მან უკრაინის კონსტიტუცია, მოქალაქეობის შესახებ კანონი დაარღვია. მან ყველაფერი გათელა, რისი გათელვაც შეიძლებოდა და ეს ტიპიურ საბჭოურ სტილში გააკეთა. იფიქრა, ახლა ზაფხულია, მსოფლიო ამას ყურადღებას არ მიაქცევსო და რომ მე ვერ შევძლებ უკრაინაში დაბრუნებას და ჩემი უფლებების დაცვას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "უკრაინელები ამას არ დაივიწყებენ, ვინაიდან ისინი არასოდეს ივიწყებენ დიდ უსამართლობას".

მან ასევე ისაუბრა თავის პოლიტიკურ გეგმებზე და როგორც აღნიშნა, ის უკრაინას უკავშირდება.

"ჩემი გეგმები უკრაინას უკავშირდება. მივიჩნევ, რომ უსამართლობა მოხდა. მე უნდა დავბრუნდე უკრაინაში და სასამართლოში ჩემი უფლებები დავიცვა. ეს არის ახლა მთავარი. ევროპაში ვიმოგზაურებ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს შევხვდები", - განაგრძო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, "ის ოჯახთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მიემართება".

"შემდეგ კი ბრიუსელში გავემგზავრები, რიგ სხვა ევროპულ ქვეყნებში, სადაც ლიდერებთან გავმართავ შეხვედრებს", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"