"საფრთხე იმისა, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს და ბირთვული ტრაგედია მივიღოთ, ძალიან მაღალია" - კვირის პალიტრა

"საფრთხე იმისა, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს და ბირთვული ტრაგედია მივიღოთ, ძალიან მაღალია"

დღეს მსოფლიოში არაერთი კონფლიქტის კერაა. უკიდურესად არის დაძაბული ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე, არანაკლებ მწვავე მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, გრძელდება კონფლიქტი უკრაინაში, მაგრამ გამოდის, რომ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დიდი პოლიტიკის დაფაზე არ იკლებს, რასაც მოწმობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზტი, რასაც მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის სოხუმში ჩასვლა...

ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ზესახელმწიფოებს თითქოს არ უნდა ეცალოთ ჩვენთვის, მაგრამ გლობალური დაპირისპირება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით ხდება რესურსების მობილიზება. პროცესები როგორ განვითარდება, ძნელი სათქმელია, რადგან დღეს ვითარება სამყაროში ძალიან მყიფეა.

განსაკუთრებით გააქტიურებულია ჩრდილო კორეის პრობლემატიკა. იმდენად დიდია დაძაბულობა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეაში ხალხმა მშრალი საკვების მომარაგება დაიწყო. მოკლედ, ომის მოლოდინი ძალიან მაღალია.

თითქმის ყოველდღიურად ორმხრივად გვესმის ძალიან რადიკალური, სახიფათო რიტორიკა. ამას ჩრდილო კორეის რეჟიმისგან თითქოს შეჩვეული ვართ, მაგრამ უკვე იმავე ტონის განცხადებები გვესმის ამერიკისგანაც, რაც უარესის მოლოდინს ამძაფრებს. იმედია, ეს ყველაფერი დიდ ომში არ გადაიზრდება.

არ არის გამორიცხული, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ რიტორიკით ცდილობდეს, გადაფაროს პრობლემები შიდა პოლიტიკაში, ანუ კორეის თემის აქტუალურობა სჭირდება, რათა მასზე მიტანილი შეტევა რუსეთთან კავშირის თაობაზე დროებით მაინც გადაიტანოს მეორე პლანზე.

მოკლედ, ყველაფერი აღრეულია ერთმანეთში - შიდა, გარე თუ პირადი პოლიტიკური პრობლემები.

თითქოს შემაკავებელი ინსტრუმენტები დღევანდელ სამყაროს იმდენად დიდი აქვს, რომ ეს დაპირისპირება დიდ კატაკლიზმსა და ბირთვულ ტრაგედიაში არ უნდა გადაიზარდოს, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, საფრთხე იმისა, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს და ბირთვული ტრაგედია მივიღოთ, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად