კახა ცისკარიძემ ბათუმის მერობის კანდიდატად რეგისტრაცია დააგვიანა, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს - კვირის პალიტრა

კახა ცისკარიძემ ბათუმის მერობის კანდიდატად რეგისტრაცია დააგვიანა, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ განუცხადა, მერობის მსურველ კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი 25 აგვისტომდე უნდა გაეკეთებინა.

"ოლქში არ შემოსულა მათი განაცხადი. საინიციატივო ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა 25 აგვისტოს ჩათვლით შემოეტანა განაცხადი. პროცედურულად, ჯერ ჯგუფი რეგისტრირდება თავის წარმომადგენელთან ერთად, შემდეგ მხარდამჭერთა სია იქნება წარმოდგენილი, რომლის შემოწმების შემდეგაც კანდიდატი რეგისტრირდება. კახაბერ ცისკარიძეს ეს პროცედურები არ გაუვლია, შესაბამისად, ის ვერ იქნება ბათუმის მერობის კანდიდატი", - განაცხადა ციალა შავაძემ.

მომღერალმა ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დღეს ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმის მომავლის შეცვლა სურს.

"კახაბერი უნდა გადაიქცეს "კახა მერად", - განაცხადა ცისკარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"