"ხანძრების სერია დიდი ალბათობით ხელოვნურად ჩნდება" - ვის აწყობს საქართველოს გადაწვა?!
საქართველო ხანძრებს ახლა კახეთში ებრძვის, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებს მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები დილითვე განახლებულია. თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ ცეცხლის კერები გუშინ გაჩნდა.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაციაც.
"დილიდან განახლდა აქტიური სამუშაოები. ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია. ლოკალიზაციის წერტილებში შეყვანილია ცოცხალი ძალა, რომელიც აღჭურვილია ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით. ჩართულია ავიაციაც. ცეცხლს ორი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი აქრობს. რაც მთავარია, ცეცხლის ახალი კერები არ არის", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ის, რომ ხანძრების სერია საქართველოში არა და არ წყდება კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი დივერსიული გეგმის ნაწილია.
მამუკა არეშიძე, ექსპერტი:
- დივერსიის ნიშნები ნამდვილად არის. გარდა იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდროულად გაჩნდა ხანძარი, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალშიც ცეცხლი სხვადასხვა ადგილას მოედო, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ კერა ხელოვნურად გაჩნდა.
- თქვენი აზრით, ვის ინტერესში იყო დივერსიული აქტი და რატომ?
- იოლად შეგვიძლია ხელი რუსეთისკენ გავიშვიროთ, მაგრამ თან შეკითხვა დავსვათ: ვინ რა შედეგი მიიღო დივერსიით? თუ ორგანიზატორი ორიენტირებული იყო ხელისუფლების დისკრედიტაციასა და საქართველოს ეკონომიკის განადგურებაზე, მაშინ ეს ნაწილობრივ მოახერხა, მაგრამ რუსეთს საქართველოზე ზეწოლის იმდენი ბერკეტი აქვს, ხანძრების სერია რაში სჭირდებოდა?! არ გამოვრიცხავ, ოპოზიციური პარტიების ინტერესებთანაც გვქონდეს საქმე, რომლებსაც წინასაარჩევნოდ დაძაბული ფონის შექმნა აწყობთ
- თუ ვინმეს უნდოდა ხელისუფლების სისუსტის ჩვენება, ეს ოპოზიცია იყო.
- ყოფილ ხელისუფლებას გულისხმობთ?
- არ დავაკონკრეტებ, ისედაც ნათელია ყველაფერი. თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთია თუ ოპოზიციური პარტია, დივერსიის მომწყობმა მიზანს სრულფასოვნად მაინც ვერ მიაღწია - ხელისუფლების ასპროცენტიანი დისკრედიტაცია ვერ მოხერხდა. საზოგადოება მიხვდა, რომ ხანძრების სერია დიდი ალბათობით ხელოვნურად ჩნდება, რადგან რამდენიმე ლოკაციას ერთდროულად ეკიდა ცეცხლი, ხელისუფლება კი, ბუნებრივია, ასეთ მასშტაბებს ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ გასწვდებოდა. მეტიც, ბევრს ხელისუფლებისადმი სოლიდარობის განცდაც კი გაუჩნდა. კიდევ შეიძლება არაერთი ასეთი სტიქიური უბედურება თავს დაგვატყდეს, ამიტომ როგორც ინტელექტუალური, ისე ტექნიკური რესურსების მაქსიმალური მობილიზებაა აუცილებელი.
რუსუდან შელია