4 555 993 ლარი "ქართულ ოცნებას", დანარჩენებს კი... - პარტიულ შემოწირულობათა ქართული თავისებურებები - კვირის პალიტრა

4 555 993 ლარი "ქართულ ოცნებას", დანარჩენებს კი... - პარტიულ შემოწირულობათა ქართული თავისებურებები

როგორც წესი, ჩვენში პოლიტიკურ პარტიებს  მოქალაქეები თუ კომპანიები საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკურ ძალთა იდეოლოგიის მიხედვით კი არ ეხმარებიან ფინანსურად, არამედ ძირითადად იმის მიხედვით ვინ არის ხელისუფლებაში... შესაბამისად, როგორც წესი, შემოწირულობების დიდი ნაწილი სწორედ სახელისუფლო ძალაზე მოდის ხოლმე, თავის დროზე ეს "მოქალაქეთა კავშირი" იყო, შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა", ახლა კი "ქართული ოცნება". ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  2017 წლის აგვისტოს ანგარიშიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც "ქართულმა ოცნებამ"  შემოწირულების სახით 4 555 993 ლარი მიიღო.

ამ მონაცემებით, "ქართული ოცნების" შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულება "ევროპულ საქართველოს" ერიცხება, რომელსაც 287 439 ლარი შესწირეს. 9 769 ლარი შეადგინა ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულებამ.

დანარჩენი პარტიების შემოწირულებები კი შემდეგნაირად განაწილდა: "გირჩი" - 7 000 ლარი, "ნაციონალური მოძრაობა" - 5 330 ლარი, "ეროვნული ფორუმი" - 2 415 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" - 1 112 ლარი, "ერთიანი კომუნისტური პარტია" - 136 ლარი, "რესპუბლიკური პარტია" - 20 ლარი.

სულ პარტიების შემოწირულებებმა გასულ თვეში 4 869 215 ლარი შეადგინა.