"ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში" - კვირის პალიტრა

"ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში"

"მინდა ყველა მოვიკითხო საქართველოში, მე ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში ასვლამდე "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის პოლონეთიდან უკრაინაში მხარდამჭერებთან, ევროპარლამენტარებთან და უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად მიემგზავრება.

"მინდა ყველა მოვიკითხო საქართველოში, მე ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში, ჩემთვის ეს არის ცხოვრების მიზანიც, ისევე, როგორც უკრაინის დახმარება ახლა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მატარებელში მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან ერთად ავიდა. ის უკრაინაში მიემგზავრება, თუმცა "ინტერსითის" მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, გამოაცხადეს, რომ მატარებელი არ დაიძვრება, ვინაიდან მატარებელში იმყოფება მგზავრი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს.

მიხეილ სააკაშვილს მატარებლის დატოვებას სთხოვენ.

"ჩვენ ვიცით, რომ "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე ასობით ჩემი მხარდამჭერია, მაგრამ იქ ასევე არიან "ტიტუშკები", რომლებიც პროვოკაციას ამზადებენ. რათა თავიდან ავიცილოთ ეს, ჩვენ შესაძლოდ მივიჩნევთ უკრაინაში "ინტერსითის" მატარებლით გამგზავრებას", - განმარტა სააკაშვილმა, როდესაც მატარებლით გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მატარებლით გამგზავრების შემთხვევაში საბუთების შემოწმება არა გამშვებ პუნქტზე, არამედ მატარებელში ხდება.

"ინტერპრესნიუსი"