დაძაბულობა უკრაინის საზღვარზე - სააკაშვილი უკვე უკრაინაშია? - კვირის პალიტრა

დაძაბულობა უკრაინის საზღვარზე - სააკაშვილი უკვე უკრაინაშია?

უკრაინის საზღვარზე ვითარება დაიძაბულია. უკრაინის მხარეს შეკრებილმა მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილის მიმართულებით გაიქცნენ.

მათ მოჰყვებიან სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები. კორდონი გაარღვია მიხეილ სააკაშვილმაც და ის მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის ტერიტორიისკენ გაემართა. მისი მომხრეები ექსპრეზიდენტის სახელს სკანდირებენ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა, თუმცა ექსპრეზიდენტს სასაზღვრო ზონა ჯერ არ დაუტოვებია. ის მხარდამჭერებთან ერთად მიემართება სასაზღვრო ზონის გარე პერიმეტრისკენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის ნაცვლად "შეგინის" გამშვებ პუნქტზე მივიდა.

მანამდე როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის გავლით აპირებდა მას შემდეგ, რაც მატარებლით დაბრუნება ვერ მოახერხა

"შეგინის" გამშვებ პუნქტზე პოლონელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკრაინის მხარეს გაატარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის "შეგინის" გამშვებ პუნქტზე, უკრაინის მხარეს მოქალაქეთა სასაზღვრო კონტროლი შეჩერებულია.

როგორც "შეგინის" გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და იქ მის მხარდასაჭერად ჩასულ რადას დეპუტატებს განუცხადეს, მიზეზი ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებაა.

ნეიტრალურ ზონაში შეკრებილებთან რამდენიმე წუთის წინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასაზღვრო კონტროლი განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 3-4 საათში აღდგება.

"პატივცემულო დეპუტატებო, გაცნობებთ, რომ ამჟამად მუშაობას შეუდგნენ სპეციალისტები, ეროვნული პოლიცია, რომელიც ახორციელებს გამშვები პუნქტის შემოწმებას. როგორც კი სამუშაოები დასრულდება, განიბლოკება გამშვები პუნქტი და სიხარულით დაგელოდებით გამშვებ პუნქტთან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კანონიერი საფუძვლები და შესაბამისი დოკუმენტები. მაქსიმუმ 3-4 საათი დასჭირდება პროცედურების დასრულებას", - მიმართა უკრაინის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებს.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ძალოვნებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

იხილეთ ფოტოგალერეა: მიხეილ სააკაშვილის "იდისეა" პოლონეთიდან უკრაინისკენ