"მეკითხებიან, თუ რატომ არ გამოიყენეს მესაზღვრეებმა იარაღი?" - კვირის პალიტრა

"მეკითხებიან, თუ რატომ არ გამოიყენეს მესაზღვრეებმა იარაღი?"

10 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაანონსებული შესვლა წარმატებით განახორციელა. მან თავის მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთი-უკრაინის საზღვრის "შეგინის" გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვია და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდა.

უკრაინის შსს-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს 16 ადამიანი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულთაგან 11 ეროვნული პოლიციის წარმომადგენელია, 5 კი სახელმწიფო დაცვის სამსახურის. მათ სხეულის დაზიანებები მიიღეს.

მათივე ცნობით, 10 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, აგრესიულად განწყობილი პირების ჯგუფმა "შეგინის" საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებთან ჩხუბი გამართა, შეიჭრა საკონტროლო პუნქტზე, დაარღვია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის დარღვევას ხელი შეუწყო, რომელთა შორის იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და სახალხო დეპუტატები.

სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ოდესის ექსგუბერნატორის უკრაინაში შესვლას უკვე გამოეხმაურნენ ქვეყნის მაღალჩინოსნები.

ვლადიმერ გროისმანი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი:

"ის, რაც "შეგინში" მოხდა არა მხოლოდ საზღვრის დარღვევაა, არამედ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე მორიგი თავდასხმაა. უკრაინის საზღვრის ძალადობრივი გარღვევა დანაშაულია და ვისაც კავშირი აქვს ამის ორგანიზებასთან პასუხი უნდა აგოს... არაფერს ვიტყვი მიხო სააკაშვილზე, მას თავისი მიზნები და მოტივები ამოძრავებს. მე იმ პოპულისტ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობ, ვინც მოქმედებენ პრინციპით - რაც უფრო ცუდად არის საქმე, მით უკეთესია".

არსენ ავაკოვი, უკრაინის შს მინისტრი:

"თითოეული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საზღვრის გარღვევაში და მესაზღვრეებზე და პოლიციელებზე თავდასხმაში პასუხს აგებს კანონის საფუძველზე...

სააკაშვილმა და ყველამ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიონ: მივიდნენ "შეგენის" გამშვებ პუნქტზე და პროცედურები გაიარონ და/ან საიმიგრაციო სამსახურის დანაყოფს ეწვიონ".

იაცეკ სარიუში, ევროპარლამენტარი:

"სააკაშვილს უფლება აქვს, გაასაჩივროს უკრაინის ხელისუფლების უკანონო გადაწვეტილება, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება. ჩვენი სოლიდარობა მიხეილ საააკაშვილს!".

იური ლუცენკო, უკრაინის გენერალური პროკურორი:

"კანონი ითხოვს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმათ მიცემას, ვინ მოაწყო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ვინც ხელმძღვანელობდა ან ხელს უწყობდა ასეთ ქმედებებს. ეს გაკეთდება. ასევე შეფასება მიეცემა სახელისუფლებო ინსტიტუტების დღევანდელ ქმედებებს".

ოლეგ სლობოდიანი, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწე:

"ჟურნალისტები მეკითხებიან, თუ რატომ არ გამოიყენეს მესაზღვრეებმა იარაღი? ვპასუხობ: მესაზღვრეებმა ბრძანება მიიღეს, არ გამოიყენონ იარაღი და ფიზიკური ზემოქმედების საშუალებები, ვინაიდან "მშვიდობიანი აქცია" იმართებოდა".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით