"ძირითად პარტიებს + ჯიბის პარტიები = ფინანსურ მაქინაციას"
პოლიტიკოსებმა საქართველოში ბიუჯეტისგან მაქსიმალური ფინანსების გამოსაზიდად საკუთარი არითმეტიკული ფორმულა შეიმუშავეს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მოქალაქეების გადასახადიდან ოთხი პარტია აღარ დაფინანსდება, ესენია:"რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", თუმცა ორი საარჩევნო სუბიექტი მაინც დაემატა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები კვალიფიციური სუბიექტების სიას - ედპ და "თავისუფალი საქართველო". ლოგიკურადაც იკითხავთ, რატომ მიიღეს ამ პარტიებმა დაფინანსებაო. ედპ-ს სახელმწიფო ბიუჯეტი იმიტომ დააფინანსებს, რომ არჩევნებში "ნაცმოძრაობასთან" ერთად ბლოკად დარეგისტრირდა, "თავისუფალი საქართველო" კი "ევროპულ საქართველოსთან" ერთად მონაწილეობდა არჩევნებში. 2018 წლის ბიუჯეტში ჯერ არ დათვლილა, პარტიების დასაფინანსებლად რამდენი მილიონი გამოიყოფა, თუმცა 2017 წელს 20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი მოქალაქეებმა 9.687.096 ლარით დავაფინანსეთ.
ლევან ალაფიშვილი, ექსპერტი: - სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან კვალიფიციური სუბიექტები, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში ხმების, მინიმუმ, 3% აიღეს და ინარჩუნებენ შემდეგ არჩევნებამდე.
ყოველწლიური დაფინანსება სპეციალური ფორმულით განისაზღვრება, რომლის თანახმადაც, საბაზო დაფინანსება 300.000 ლარს შეადგენს, ამას ემატება პარლამენტში მიღებული მანდატებისა და არჩევნებში მიღებული ხმების შესაბამისად დამატებითი თანხები. თუ პარტიამ ხმების 6% აიღო, მაშინ ის საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას, 600.000 ლარს იღებს ყოველწლიურად. თუ პარტია საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით ხმების, მინიმუმ, 5%-ს მიიღებს, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად უნაზღაურდება საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯი არა უმეტეს მილიონი ლარის ოდენობით. საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსება ასევე მილიონი ლარია, თუმცა სუბიექტმა 10%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. საკრებულოების არჩევნების შემთხვევაში ბარიერი 3%-ს შეადგენს, ხოლო დაფინანსება არა უმეტეს 500.000 ლარს. პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, თუ წარდგენილ საარჩევნო სიაში დაცულია გენდერული ბალანსი (სულ მცირე, 30%-ით), მიიღებს დამატებით დაფინანსებას, საბაზო დაფინანსების 30%-ს, ანუ 90.000 ლარს. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, ასევე, შეუძლიათ მიიღონ მიზნობრივი დაფინანსება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან. თანხა გაიცემა კვლევების, კონფერენციების, მივლინებების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტის ფარგლებში.
- ნაკლებად ცნობილი პარტიებისა და ძირითადი მოთამაშეების ბლოკში გაერთიანება აპრობირებული მეთოდია.
- პოლიტიკოსებმა საქართველოში ბიუჯეტისგან მაქსიმალური ფინანსების გამოსაზიდად საკუთარი არითმეტიკული ფორმულა შეიმუშავეს - ძირითად პარტიებს ჰყავთ ე.წ. ჯიბის პარტიები, ბლოკს ქმნიან მათთან და ამ გზით ფინანსებთან ერთად, ახერხებენ კომისიებში დამატებითი წარმომადგენლების უზრუნველყოფას, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრების ანაზღაურების გაზრდას - ყველა პარტია ბიუჯეტის ხარჯზე უხდის ხელფასს საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებს და ა.შ. დიახ, ეს არის ბიზნესი და ბევრს ამისთვის თანხის ხარჯვაც უღირს იმ იმედით, რომ უფრო მეტს მიიღებს როგორც სახელმწიფოსგან, ისევ სხვა გზებით. ალბათ, გახსოვთ რამდენიმე სკანდალიც, როდესაც პარტიის წევრები ლიდერს უჩიოდნენ, ფინანსები გაფლანგა და ჩვენ ხელფასიც კი არ მოგვცაო. დღეს სწორედ ლიდერზეა დამოკიდებული პარტიის ფინანსების ხარჯვითი პოლიტიკაც. პოლიტიკური ბიზნესის ნაწილია სიის ფორმირებაც. ხშირად პარტიის წევრებმაც კი არ იციან, ვინ არის მათ გვერდით სიაში - პოლიტიკური ვაჭრობა საარჩევნო სიაში მოხვედრისთვისაც აპრობირებული მეთოდია ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ეს კორუფციული სისტემა და მისი განვითარებისთვის სასათბურე გარემოს შექმნა კანონმდებლობით მართლაც ქმნის საფუძველს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი საკანონმდებლო დონეზე შეიცვალოს და სახელმწიფომ მხოლოდ მინიმალური დანახარჯების ანაზღაურება უზრუნველყოს პარტიებისთვის, მათ შორის, ოფისისა და საარჩევნო კამპანიისთვის პლაკატები და ა.შ. თუმცა, ვიმეორებ, მინიმალურ დონეზე. ამ შემთხვევაში გამოირიცხება ფინანსების პერსონალურ დონეზე გამოყენების პრეცედენტები.
- ოპოზიციამ რომ საკანონმდებლო შესაძლებლობებით ისარგებლა, ეს გამოჩნდა ორი პარტიის შემთხვევაში, თუმცა თავად ხელისუფლება როგორ იყენებს მას სათავისოდ?
- მარტივად. "ქართულმა ოცნებამ" "მრეწველებს" წელიწადში 600 ათასზე მეტი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მისცა მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიამ ერთი მაჟორიტარი შეიყვანა პარლამენტში და ფრაქცია თავად შეუქმნა იმით, რომ ხუთი დეპუტატი საკუთარი ფლანგიდან "მრეწველების" ფრაქციაში გადაისროლა. სახელისუფლებო პარტიასაც უამრავი შესაძლებლობა აქვს, რომ მისთვის ნაკლებად მტკივნეული პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზრუნველყოს - სწორედ ამიტომაა სისტემის გონივრულად შეცვლა აუცილებელი, თუმცა იმედია, "ქართული ოცნება" საბოლოოდ ბევრად მძიმე მოდელს არ შემოგვთავაზებს.
"ასეთი მანიპულაციები პოლიტიკას ბიზნესად აყალიბებს"
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი: "გვჭირდება რეალურად კონკურენტუნარიანი გარემო და არა მანიპულირებული მოქმედებები, რაც პოლიტიკას მცირე და საშუალო ბიზნესად აყალიბებს. წესრიგი უნდა დამყარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად მოგვიწევს იმ პარტიების შენახვა, რომლებიც ქართული პოლიტიკისთვის ბალასტად იქცნენ, ტივტივებენ და, ფაქტობრივად, მცირე ბიზნესად გადააქციეს პოლიტიკური აქტივობა. ასეთი პარტიები ხან ვის მიეკედლებიან და ხან ვის, თუმცა საბოლოოდ ხელის მოთბობას ისევ გაღატაკებული ხალხის ხარჯზე ახერხებენ.
რუსუდან შელია