"მარგველაშვილი წუხს, ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები" - ვინ მისცა სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები?!
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - უფრო კონკრეტულად კი, მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეწყალებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცნო დამნაშავედ. სასამართლოს პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, საქართველოს პრეზიდენტისთვისაც - გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური მუხლით დევნა რეალურად პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას ნიშნავს. "კვირის პალიტრას" მიხეილ სააკაშვილის ბრალმდებელი პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- გირგვლიანის საქმეში ყოფილ მსჯავრდადებულთა ჩვენებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ მათ გარკვეული შეთანხმების სანაცვლოდ შეწყალებას ჯერ კიდევ დაკავებამდე სამი კვირით ადრე დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოება აღაშფოთა გირგვლიანის მკვლელობამ და ითხოვდა საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას, სააკაშვილმა საქმის წარმოება დაავალა დათა ახალაიას, რომელმაც 2006 წლის თებერვალში შეკრიბა გირგვლიანის გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და მოსთხოვა, საკუთარ თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა, არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები, სანაცვლოდ კი დაჰპირდა, რომ მათ პრეზიდენტი შეიწყალებდა და მათი ოჯახებიც ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებოდნენ. ასე რომ, გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულებმა ზუსტად იცოდნენ დაკავების დღე, როგორ პირობებში უნდა მოეხადათ სასჯელი და ისიც, რომ წელიწად-ნახევარში გათავისუფლდებოდნენ. ამის გარანტიას მათ მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც აძლევდა.
- თქვენ ახლა საუბრობთ დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის მონაწილეობაზე, თუმცა კონკრეტულად სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებზე გეკითხებით - ოლეგ მელნიკოვის გარდა, კიდევ ვინ მისცა ჩვენება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ და სხვა რა მტკიცებულებები წარადგინეთ სასამართლოში?
- მელნიკოვის გარდა, მსჯავრდადებულებიდან სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ბიბილურიძემ და აფციაურმა, რომლებიც მაშინ კუდ-ის თანამშრომლები იყვნენ, ასევე მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. საქმეში არსებობს პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლების ჩვენებებიც, რომლებიც შეწყალების კომისიის საქმიანობაში იყვნენ ჩართული. გარდა ამისა, ჩვენი პოზიცია ემყარებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასამართლოში წარვადგინეთ არაერთი ვიდეოსიუჟეტი, სადაც სააკაშვილი, ფაქტობრივად, აღიარებდა დანაშაულს, თუმცა ამას პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევდა.
- და მაინც, შეწყალება არის თუ არა პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და როგორ აფასებთ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას, რომ სასამართლომ მსოფლიოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომ მთელი ეს პროცესი სინამდვილეში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვისკენ არის მიმართული?
- კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია. რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩანს, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები.
- ეს მინიშნებაა, რომ შესაძლოა პროკურატურა მომავალში მარგველაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტებითაც დაინტერესდეს, მაგალითად, რატომ შეიწყალა ცოლისძმა?
- მინიშნებებით ლაპარაკს არა ვარ შეჩვეული - არსებობს კონკრეტული საქმე და კვალიფიკაცია, ასევე პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ისევე როგორც სასამართლო, პროკურატურის მუშაობის რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და არა პრეზიდენტს.