"ჯერ კიდევ არის დრო, ხელისუფლებას გაუჩნდეს პოლიტიკური ნება მაფიოზურ თამაშის წესებს არ დაემორჩილოს"
"რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება"
"თავს იჩენს ასეთი მანკიერი შეკითხვები: თუ ვიღაცას ეპატია მძიმე დანაშაული, რატომ არ უნდა მაპატიონ მეც?"
ალბათ, სულ არ გვჭირდება სტატისტიკა ან ოფიციალური ციფრები იმის დასანახად, რომ ბოლო პერიოდის კრიმინალურმა ფაქტებმა შეგვაშფოთოს - თუნდაც მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებს გადავავლოთ თვალი: ზაჰესში ცოლ-ქმარი საკუთარ მაღაზიაში დახოცეს; ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე, დღისით, მზისით, კაბინეტში, სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღით მოკლეს; გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში, სამი კაცი დაჭრეს; ხაშურში შელაპარაკებისას ორი მოზარდი დაიჭრა; თამაზ ქვლივიძემ კლუბ "ბასიანთან" სამი კაცი, მათ შორის, ერთი პოლიციელი დაჭრა... ეს რაც გახმაურდა, თორემ ვინ იცის, იქნებ კიდევ დაჭრეს ვინმე ან მოსაკლავად გაიმეტეს ისე, რომ დამნაშავე მოსალოდნელმა სასჯელმა არ შეაშინა...
გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრის" სტატიიდან:
"მარგველაშვილი ხელის ერთი მოსმით იწყალებს საშიშ პირებს"
რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი:
- მე მწვავე კითხვები მაქვს პრეზიდენტთან, რომელიც უპრეცედენტო სიხშირით გამოსცემს შეწყალების აქტებს, ამ საქმეში მან სააკაშვილის ტემპსაც კი რამდენჯერმე გადააჭარბა და რაც მთავარია, მარგველაშვილმა შეიწყალა განზრახ მკვლელობასა და ორგანიზებულ დანაშაულში მსჯავრდადებულები. ამასთან, ურცხვად გვეუბნება, გადაწყვეტილების მიღება ემოციებზეა დამოკიდებულიო. რომელ ემოციებზე გველაპარაკება, როდესაც ხელს აწერს მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულების შეწყალებას?
იქნებ იმ ადამიანების ემოციებიც მოიკითხოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებსაც შეწყალებულმა მსჯავრდადებულებმა ოჯახის წევრები დაუხოცეს, გაუუპატიურეს, დაუსახიჩრეს...
"წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ სასამართლო ისევ მურუსიძის დონეზე დარჩა"
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
- ქვლივიძის საქმემ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ დომინანტურ ფიგურებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაკონტროლების სურვილი აქვთ. სახელმწიფოც გარკვეულწილად თანახმაა მათ დაემორჩილოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში იხევს უკან, თუ ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვება.
ინტერესჯგუფების სურვილი, დადგნენ კანონზე მაღლა და ხელისუფლებას უკარნახონ თამაშის წესები, ნათელია. ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ყოფილმა პროკურორმა ფარცხალაძემ ხელი დაარტყა სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს. არავინ ჩათვალოს, რომ მან კონკრეტულად ლაშა თორდიაზე იძია შური, არა, მან ხელი ასწია სახელმწიფოს მიერ შექმნილ დოკუმენტზე, რომელიც ინტერესჯგუფისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რა რეაგირება მოჰყვა ამ კონკრეტულ ფაქტს? ფარცხალაძე დღესაც პრივილეგირებული კასტის წევრია და დიდი ალბათობით, თუ ხვალაც მიუღებელი აღმოჩნდება მისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება, იმავეს გაიმეორებს. ასე რომ, საჯარო სექტორში დისციპლინა მორღვეულია, პროცესი გახდა მყიფე და არც ისე დიდი ნაბიჯი გვაშორებს სისტემურ პრობლემამდე და ტოტალურ კორუფციამდე.
ამასთან, ქვეყანაში სამართლის აღსრულება რომ არ ხდება და მართლმსაჯულების მიმართ კითხვები არსებობს, იუსტიციის სამინისტროს დამსახურებაცაა - სწორედ თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სასამართლოსადმი ნდობის ზრდა საზოგადოებაში ვერ მოხერხდა, ისევ მურუსიძის დონეზე დარჩა მთელი სისტემა და გაჯანსაღების ნაცვლად, სასამართლოს ლპობის ტენდენციას ვუყურებთ. სხვაგვარად ვერ შევაფასებ იმ ფაქტებს, რასაც მოსამართლეების გადაწყვეტილებებში ვხედავთ.
როგორც ჩანს, წულუკიანი საქმის კეთების ნაცვლად პიროვნულ კომფორტს უქმნის ვიღაცებს და ამიტომ ახერხებს ამ დრომდე მინისტრის პორტფელის შენარჩუნებას,
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმალურ სახელმწიფოში მას იუსტიციის სამინისტროს დანიშვნიდან მეორე დღესვე ჩამოაცილებდნენ.
- როგორი იქნება ამ პროცესის საბოლოო პოლიტიკური ფასი?
- თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ხელისუფლებას ორი გზა აქვს: დაბრუნდეს წარსულში და თავს მოგვახვიოს 90-იანი წლების დღის წესრიგი, ან მივიდეს ნულოვან ტოლერანტობამდე, რომელიც მეორე უკიდურესობაა,
რადგან ორივე შემთხვევაში მსხვერპლნი უდანაშაულო ადამიანებიც ხდებიან. რაც შეეხება პოლიტიკურ ფასს, ორივე შემთხვევაში იმავე გზის გავლა მოუწევთ, რაც ჯერ შევარდნაძემ და შემდეგ სააკაშვილმა გაიარეს. ვფიქრობ,
ჯერ კიდევ არის დრო, ხელისუფლებამ ოქროს შუალედი გამონახოს და გაუჩნდეს პოლიტიკური ნება, მაფიოზურ თამაშის წესებს არ დაემორჩილოს, შეუვალი გახდეს ყველა იმ "მეგობრის" თუ პრივილეგირებული კასტის წარმომადგენლისთვის, რომლებიც სისტემის შეჭმას ცდილობენ.
რუსუდან შელია