ვინ არიან და რას მოღვაწეობენ დღეს ერთ დროს ქართული პოლიტიკის გავლენიანი ქალბატონები?!
როგორც წესი, ქართულ პოლიტიკაში, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ქალები არც თუ დიდი სიმრავლით არიან ხოლმე წარმოდგენილნი, თუმცა ხშირად ისინი საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ მამაკაცთა ჩრდილქვეშაც კი.
წარმოგიდგენთ ქალებს, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ ქართულ პოლიტიკაში, ახლა კი ნაკლებად ან საერთოდ არ ჩანან.
ნინო ბურჯანაძე
პარლამენტის სამგზის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი და აქტიური ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გახლდათ ქართულ პოლიტიკაში. როგორც ამბობენ, მან სერიოზული პოლიტიკური ნახტომის შანსი 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ გაუშვა, როდესაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დადგა დღის წესრიგში და მას მოუწია პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. ექსპერტთა ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ მას ოპოზიციისთვის მხარდაჭერით საკუთარი პოლიტიკური წარმატების უზრუნველყოფაც შეეძლო, თუმცა მან ისევ მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩენა არჩია. თუმცა გუნდში ეს არ დაუფასეს და კონფლიქტის შედეგად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ის მმართველი გუნდიდან წავიდა. ნინო ბურჯანაძე პოლიტიკურ საქმიანობას დღესაც აგრძელებს, ის ოპოზიციური პარტიის "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერია. მას დღევანდელი მდგომარეობით პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევენ. ნინო ბურჯანაძემ ძალები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მოსინჯა, თუმცა ამაოდ... ის შემოდგომაზე გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავს.
ირინა სარიშვილი
ირინა სარიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს გამოჩნდა. ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. დამოუკიდებლობის გამოცხადების და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, სარიშვილი პარლამენტარი ხდება, 1993 წელს კი ვიცე-პრემიერის პოსტს რამდენიმე თვით იკავებს. 1994 წელს ტერორისტთა სამიზნე ხდებიან ის და მისი მეუღლე - პოლიტიკოსი გია ჭანტურია, რომელიც თავდასხმისას მოკლეს, მძიმედ იყო დაჭრილი ირინა სარიშვილიც. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავად გახდა პარტიის ლიდერი. 2003 წლის არჩევნებში ის შევარდნაძის მოკავშირე გახდა, თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თანაპარტიელებმა პარტიის თავმჯდომარეობა ჩამოართვეს.
დღესდღეობით ის პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ ჩანს. ირინა სარიშვილი 6 შვილს ზრდის.
ელენე თევდორაძე
"ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი და რამდენიმე მოწვევის პარლამენტარი ელენე თევდორაძე წლების განმავლობაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გახლდათ. ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი სახე ახლა პენსიაზეა გასული.
მაია ნადირაძე
მაია ნადირაძე თავდაპირველად "ტრადიციონალისტთა კავშირის" წევრი გახლდათ, ნინო ბურჯანაძესთანაც მეგობრობდა, თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გახდა. ის მე-6 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი გახლდათ და როგორც ამბობდა, საკმაო გავლენაც ჰქონდა. სკანდალური გამონათქვამების გამო, 2006 წელს ნადირაძემ პოლიტიკურ კულისებში გადაინაცვლა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად, საჯარო სივრცეში 2012 წელს ისევ გამოჩნდა - სპორტის სასახლეში შეკრებილ ყოფილ თანაპარტიელებს შეუერთდა. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ნადირაძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და სოლიდური ანაზღაურებაც ჰქონდა. როგორც 2014 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული, 2013 წელს ხელფასის სახით 287. 110 ლარი მიიღო. ექვსი წლის განმავლობაში კი ამ საქმიანობამ მილიონ–ნახევრამდე ლარის შემოსავალი მოუტანა. მას კომისიის წევრობის ვადა 2015 წელს ამოეწურა.
მარიკა ვერულაშვილი
მარიკა ვერულაშვილის პოლიტიკური აღმასვლა 2000-2001 წლებში დაიწყო, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსობისას. 2001 წელს "ნაცმოძრაობის" პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გახდა, შემდეგ თბილისის საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი გახლდათ. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე. 2004, 2008 და 2012 წლებში აირჩიეს პარლამენტის წევრად, თუმცა 2008 წლიდან მისი გავლენა ნელ-ნელა იკლებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მის მეორე მეუღლეს აპატიმრებენ და გვარიან ფულსაც "ახევენ". "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან მალევე ის "ნაცმოძრაობიდან" წავიდა. საინტერესოა, რომ ვერულაშვილის პირველი ქმარი, პაატა ცნობილაძე, რომელმაც ცოლი შვილის გაჩენისთანავე მიატოვა, ამბობდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას მარიკამ საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენა და მასზე და მის ოჯახზე შური იძია.
ვერა ქობალია
2010 წელს, საზოგადოებისთვის უცნობ 28 წლის ვერა ქობალიას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ჩააბარეს. კანადიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალბატონი მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და თითქმის სამი წლის განმავლობაში ჭორები არ მოჰკლებია. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჯერ სააკაშვილის მრჩევლად დაინიშნა, მოგვიანებით, ტურისტული ბიზნესი წამოიწყო. ამჟმად კი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში.
ხათუნა კალმახელიძე
ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე 2009 წელს დაინიშნა და თანამდებობას 2012 წლამდე იკავებდა. ვერა ქობალიას მსგავსად, საზღვარგარეთ 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის წევრად დაბრუნდა. ამბობენ, რომ მან განათლება ამერიკაში, სააკაშვილთან ერთად მიიღო. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხათუნა კალმახელიძემ საქართველო დატოვა და ოჯახთან ერთად მონაკოში გაემგზავრა. ცნობილია, რომ კალმახელიძე მონაკოს პრინცის ოჯახთან მეგობრობს, მისი ბიძა კი ევროპის პოლიტიკურ წრეებში გავლენიან ფიგურად ითვლება.
მარიამ საჯაია
საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში 21 წლის მარიამ საჯაიას მოხვედრამ, ისიც იმ წელს, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და დეპუტატის ქვედა ზღვრული ასაკი 25-დან სწორედ 21 წლამდე დაიწია. როგორც ამბობდნენ, კონსტიტუცია სწორედ მარიამის გამო შეცვალეს.
მარიამ საჯაია ტელეეკრანებზე პირველად 2012 წელს განათლების სამინისტროს სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის სპიკერის ამპლუაში გამოჩნდა, მოგვიანებით კი "ნაცმოძრაბის" საარჩევნო სიის ათეულშიც მოხვდა და პარლამენტის დეპუტატიც გახდა. ის ყოფილი "ნაციონალის" ნაზი არონიას ქალიშვილია. ამ დროისთვის ის არის ცნობილი, რომ ყოფილი დეპუტატი ბევრს მოგზაურობს და სოციალურ ქსელში მეგობრებს მოგზაურობის ამსახველი ფოტოებითაც ანებივრებს.
თაკო ესებუა (სპეციალურად საიტისთვის)