ნინია კაკაბაძე "საზმაუს" ბორდში, გედი ფოფხაძე უმრავლესობის გარეთ? - დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" - კვირის პალიტრა

ნინია კაკაბაძე "საზმაუს" ბორდში, გედი ფოფხაძე უმრავლესობის გარეთ? - დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში"

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიცისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები აირჩია, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზად იქცა.

ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 93 ხმით აირჩიეს. უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს მხარი 55–მა დეპუტატმა დაუჭირა, 12- მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კაკაბაძე კენჭისყრის ამ შედეგით საზოგადოებირივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ყოვლად მიუღებელია.

"თუ "ქართული ოცნება" თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, "ქართულ ოცნებას" და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს...

მიმაჩნია, რომ ეს ჯერ საპროცედურო კომიტეტის განხილვის საგანი გახდება. მე ამას გპირდებით, გაირკვევა, 55 ხმიდან იმყოფებოდა თუ არა ყველა ხმის მიმცემი დარბაზში. თუ ასე დადასტურდება, შემიძლია, ვუთხრა, საზოგადოებას, რომ არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პარტიარქის და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი იყოს მაუწყებლის ბორდის წევრი, პრინციპულად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს არის წახალისება რეაქციული ჯგუფების, რომლებიც ცხოვრების წესიც სხვა ადამიანების გინებაა. ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, ჩვენი შემადგენლობიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამას", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.