ფოტოები დღეს გამართული შეხვედრიდან, რომლის შემდეგაც გაცხადდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - კვირის პალიტრა

ფოტოები დღეს გამართული შეხვედრიდან, რომლის შემდეგაც გაცხადდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად დიდია "ქართული ოცნებისთვის" მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი.

"პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს ჩვენს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს...

უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რის შემდეგაც გაიმართება ყრილობა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც პოლიტსაბჭო, ისე საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები, ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე უკვე გავრცელდა დღევანდელი შეხვედრის ამსახველი ფოტოები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.