"ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება. ამას მეორედ მოსვლას ვადარებ" - რას ამბობდა ივანიშვილი 2015 წელს?
ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მან პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წელს დატოვა, ამ გადაწყვეტილებიდან ერთ წელიწადშიპრემიერ-მინისტრის მისი პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა "მეორედ მოსვლას" შეადარა.
"საზოგადოებამ ამ 20 წლის მანძილზე გაიგო, რა არის ხელისუფლება და რომ ხელისუფლება უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. თუ არ აკონტროლე ხელისუფლება, ჩვენ გვქონდა, ამის მაქსიმუმი გამოვლინება, როგორ შეიძლება მოექცე საკუთარ ხელს - ეს გახლდათ "ნაციონალური მოძრაობა". საზოგადოებამ გააცნობიერა, თუ აირჩიე და ვერ აკონტროლე, მიიღებ იმას რაც მიიღო ჩვენმა ხალხმა, ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა ხალხზე.
მთავარი ბერკეტი რომ გყავდეს კარგი ხელისუფლება, არის საზოგადოება, თუ საზოგადოება მოახერხებს მართვას ხელისუფლების, ის იქნება ისეთი, როგორიც სურს საზოგადოებას. ამ ჩვევის გამომუშავება დაიწყო ხალხში. ის ჭარბი ნდობა, რაც მე გამაჩნდა საზოგადოებისგან და რის საფუძველზეც მოვედით მთავრობაში, ამით სარგებლობა - რაც მეტს დავრჩებოდი ხელისუფლებაში, მეტად საზიანო იქნებოდა საზოგადოებისთვის, რამეთუ კარგი მმართველი იქნება იმდენად, რამდენადაც მას საზოგადოება მიუთითებს რა უნდა და უნდა იცოდეს ხელისუფლებამაც, რომ მას ხალხი არ აპატიებს შეცდომებს და გადახვევებს.
აქედან გამომდინარე, რამდენი ხნით მეტს დავრჩებოდი პოლიტიკაში, მით უარესი იქნებოდა საზოგადოების განვითარებისთვის. ნდობა რაც მე გამაჩნდა, არ უნდა დახარჯულიყო მხოლოდ პრემიერის პოსტზე, ან მთავრობაზე. ჭარბი ნდობა მოადუნებდა და შეანელებდა იმ მუხტს, რომ საზოგადოებას გაეცნომიერებინა, რომ პატრონი ამ ქვეყნის თვითონაა და არა ხელისუფლება, პრემიერი, ან პრეზიდენტი.
ჩემი წამოსვლით, ეს ჭარბი ნდობა, რაც დათვურ სამსახურს უწევდა საზოგადოებას, მოვაშორე, დავბრუნდი საზოგადოებაში და აქედან გავაკეთებ საქმეს. საზოგადოებას ვავსებ მათგან მიღებული ნდობით... ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი... ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი დაბრუნება. მეორედ მოსვლას ვადარებ ამას..." - თქვა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 2015 წლის იანვარში.