პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში - რამ დაიმსახურა მარგველაშვილის კრიტიკა?
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოხსენების მოსასმენად პარლამენტში იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლები და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები.
პრეზიდენტის თქმით, მისი დღევანდელი გამოსვლა ხუთ წლიანი საპრეზიდენტო ვადის შემაჯამებელი გამოსვლაა.
"ამ ხუთი წლის შეჯამებით შევეცდები წარვსდგე თქვენ წინაშე. ბუნებრივია, ეს პროცესი ვერ იქნება სრული, თუ არ შევეხებით 2012 წელს და იმ ცვლილებას, რომელიც მაშინ მოხდა. დღეს საქართველის პარლამენტში არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც შემოქმედი იყო ამ პროცესის, მაგრამ მთელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა - ეს იყო საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გახდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წასწია", - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, 2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის, მიზანმიმართული შესუსტება პოლიტიკური პარტიების, როგორც მთავარი მოთამაშეებისა პოლიტიკურ სივრცეში: "ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის, რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არც ერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით. საერთოდ, როცა მახსენდება 2015 წელს წამების კადრების საჯარო ჩვენება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული პოლიტიკური კულტურიდან და კლასიდან ნამდვილად გვაშორებს ასეთი ნაბიჯები. თუმცა ნამდვილად, ამ წლების განმავლობაში შეიცვალა სახელმწიფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს სახელმწიფოსი აღარ ეშინია. განსხვავებით წინა წლებიდან. ეს ნიშნული თავიდანვე 2012 წელს დაიდო ხელისუფლების ცვლილების დროს და ეს ნიშნული შენარჩუნებულია".
მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხსაც შეეხო: "რუსეთთან ამ ვითარებში მყოფი ქვეყანა აუქმებს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე - აუქმებს უშიშროების საბჭოს! ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ და ასეთ თემებზე მაინც ვიყოთ გაერთიანებული და გვქონდეს ნათელი ხედვა, რომ ჩვენ სამშობლოს დასაცავად ერთიანი ვართ".
მარგველაშვილის თქმით, ბიზნესი დღეს თავისუფალია.
"ჩვენ შევძელით და ის წნეხი, რომელიც იყო ბიზნესზე, ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია. ეს ნამდვილად პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯია. მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით. ესეც გვაჩვენებს, რომ პოზიტიური ნაბიჯია. მივესალმები სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას, თუმცა 2020-ის მიზანი სოციალური თანასწორობის მიმართულებით სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაში მაღალი უთანასწორობაა, და ეს ფაქტია. ამ უთანასწორობის ფონზე სერიოზული დარტყმა იყო ჩვენი მოსახლეობისთვის ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ეროვნული ბანკს მადლობა გადაუხადა იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ის დგამს, სტაბილურობისა და მომავლის განჭვრეტისთვის.
მისი თქმით, სამართალდამცველი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა.
"ჩვენი მიზანი და მანდატი იყო ეს, როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება, ეს ინიდივიდები არიან ამ სტრუქტურებში და ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უვადოდ არის გადადებული სასამართლო სისტემის რეფორმა.
"არ შემიძლია ზუსტად იგივე კონტექსტში არ შევეხო სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემა მართლაც ძალიან რთულია რეფორმისთვის და ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ, თუმცა საფუძვლის ჩაყრა სასამართლო სისტემის ცვლილებისთვის ჩვენი საერთო ვალდებულება იყო. ჩვენ უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილი არსებულ განათლების სისტემასაც შეეხო: "მახსენდება 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო. მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის რაც გააკეთა დათო სერგეენკომ, რაც გააკეთა დათო კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულია, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე; იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რიგითი ქართველის ყოფა შეცვლილიყო. ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, რათა ეს მუშაობა გაგრძელებულიყო", - განაცხადა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადა რის შემდეგაც პლენარული სხდომა დებატების ფორმატში განახლდება.
პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, ვიცე-სპიკერებს – 10-10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი.
ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური ანგარიში გიორგი მარგველაშვილის ბოლო მოხსენებაა არსებული საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში.