"ვინ უფრო მოიგო ამ ტიპის სპეცოპერაციით - სახელმწიფომ თუ ნარკომაფიამ?"
ბიძინა ივანიშვილი უკვე ოფიციალურად გახდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ის პარტიის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს. ყველა დიდი ინტერესით ელოდა მის პირველ საჯარო სიტყვას. ივანიშვილის 23-წუთიანი მოხსენება "ქართული ოცნების" მიღწევების აღნიშვნით დაიწყო და იმ მიზეზებზე საუბრით გაგრძელდა, რამაც აიძულა ექსპრემიერი, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.
შეიძლება ითქვას, "ქართული ოცნების" საეტაპო ყრილობა თითქმის გადაფარა მეორე დღეს თბილისის ღამის კლუბებში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ეგიდით ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რაც ზოგიერთმა ივანიშვილის დაბრუნებასაც კი დაუკავშირა.
როგორ შეიძლება შეფასდეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლა, მის მიერ დასახელებული ამ ნაბიჯის განმაპირობებელი მიზეზები და ექსპრემიერის პირველი განცხადებები? - ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- თუ გავიხსენებთ 2014-15 წლებში გაკეთებულ მის განცხადებებს, როდესაც ის პოლიტიკაში დაბრუნებას მხოლოდ დიდი უბედურების შემთხვევაში განიხილავდა, გვეძლევა საშუალება დასკვნისთვის, რომ მან დაინახა სიმპტომები იმისა, რომ პროცესები ძალიან ცუდი მიმართულებით შეიძლება წასულიყო და როგორც ჩანს, ივანიშვილს ინტუიციამ არ უმტყუნა: ის, რაც თბილისში 12 მაისს განვითარდა, სწორედ ამის დასტურია.
- დიდი ხმაური მოჰყვა 12 მაისის ღამეს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას. საზოგადოების ნაწილი ამას ძალიან კრიტიკულად აფასებს და თვლის, რომ ნარკორეალიზატორების დაკავებისთვის არ იყო საჭირო კლუბებში შეჭრა.
- დავიწყოთ იმით, რომ ნარკორეალიზატორები უნდა დააკავონ კლუბებშიც, ოჯახებშიც, ქუჩებშიც - დანდობა არ შეიძლება. ვერანაირი ღამის ეკონომიკა ვერ შედგება, თუ თაობა ამოწყდა - ვისთვის გვინდა ტურიზმი და ეკონომიკა, თუ ახალგაზრდობა დაიღუპება რამდენიმე ადამიანის ჯიბის გასქელებისთვის?! რა ქმნის ქვეყნის იმიჯს - ნარკოტიკებით თავგასული და დაუსჯელი ვაჭრობა?! ვინ თქვა, რომ კლუბები ხელშეუხებელია ან ქართული ტურიზმის საძირკველია და ვინმე საქართველოში ჩამოსვლაზე უარს იმიტომ იტყვის, რომ კლუბებში ნარკოტიკების გასაღებას ებრძვიან? თუ გვინდა, რომ ტურიზმი საქართველოში მსოფლიო ნარკომანიის მოზიდვის ხარჯზე გავზარდოთ? ისიც ცხადია, რომ სამართალდამცავებს სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა ჩვენი მომავლის განადგურებისგან დაცვის საქმეში.
იმავდროულად, ჰაერში კიდია კითხვები: ვინ უფრო მოიგო ამ ტიპის სპეცოპერაციით - სახელმწიფომ თუ ნარკომაფიამ? ამ ტიპის ოპერაციებით ნარკობარიგებისგან ხომ არ ვქმნით ჩაგრულისა და ახალი თაობის "გმირების" იმიჯს? ხომ არ იყო ეს საჩვენებელი აქცია მაშინ, როცა ყველა ამბობს, რომ ნარკოტიკი თავისუფლად იყიდება ლამის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას - მათ შორის, მეტროებში?! ხომ არ იყო ეს სპეცოპერაცია ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების ირიბი გამოძახილი?! - იმიტომ, რომ ამ აქციით დაზარალდა "ქართული ოცნების" მინიმუმ სამი ლიდერის იმიჯი - თავად ივანიშვილით დაწყებული, კალაძისა და გახარიას ჩათვლით. ან რატომ დაიგეგმა ეს სპეცოპერაცია მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევის დღეს? ანუ მაშინ, როცა ოფიციალურად კვლავ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუ ვინმემ იფიქრა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალის დემონსტრირებას უნდა დაჰკავშირებოდა?
მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის - პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდობას არ სჯერა ხელისუფლების: ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ კონტაქტი დაკარგა საზოგადოებასთან და რაც მთავარია, ახალგაზრდებთან. ხელისუფლებას არა აქვს ახალგაზრდული პოლიტიკა, არ იქმნება ახალი ფასეულობები და მოძრაობები.
ნათია დოლიძე