რა "დაგვიბარა" პომპეომ - კვირის პალიტრა

რა "დაგვიბარა" პომპეომ

"ამერიკაში ვიზიტმა დაადასტურა, რომ კვირიკაშვილის საგარეო პოზიციები მყარია და მას ამ როლის შესრულება კიდევ დიდხანს მოუწევს"

21 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა გახსნა. მასთან ერთად იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. პლენარული სხდომის გახსნამდე მხარეებმა იმსჯელეს. პომპეოს თქმით, აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. მან 2016 წელს თბილისში მაიკ პენსის ვიზიტი გაიხსენა და საქართველოსა და ქართველ ხალხთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაქო. პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში პლურალისტული პოლიტიკური გარემოს შექმნის აუცილებლობაზეც. რა გზავნილით დაბრუნდა აშშ-დან პრემიერ-მინისტრი? ჩვენს კითხვებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "შენების მოძრაობის" დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი პასუხობს:

- აშშ-ში პრემიერის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილებით გამოირჩეოდა და მისასალმებელია, რომ მიუხედავად ამერიკის ადმინისტრაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის გართულებული ურთიერთობისა თუ სხვა გამოწვევებისა, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს დელეგაციას სათანადო დრო და ყურადღება დაუთმო. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ პომპეოსთან შეხვედრაზე კვირიკაშვილის პერსონალური ფაქტორი გამოიკვეთა, რაც შიდაპოლიტიკური პროცესების ფონზე საინტერესო გამოჩნდა. საქართველოში ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ არის მოსალოდნელი პრემიერის ცვლილება, ამერიკაში ვიზიტმა კი დაადასტურა, რომ კვირიკაშვილის საგარეო პოზიციები მყარია და მას ამ როლის შესრულება კიდევ დიდხანს მოუწევს.

- აშშ-ში პრემიერის პერსონალური ფაქტორის გამოკვეთის პარალელურად საქართველოში გაჩნდა ვერსიები, თითქოს ეს იმით იყო განპირობებული, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს არ უჭერს გიორგი გახარიას შესაძლო პრემიერობას წარსულში მისი რუსეთთან კავშირის გამო. როგორ ფიქრობთ, საქართველოში გაქარწყლდა კვირიკაშვილის გახარიათი ჩანაცვლების მოლოდინი? - აშშ-ც და ევროპაც მკაფიოდ მიანიშნებენ, რომ ქვეყანაში პრემიერის შეცვლა, შესაძლოა, საქართველოს საგარეო პარტნიორებმა არასწორად გაიგონ. ასეთ მიდგომას მეც პოზიტიურად ვაფასებ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მმართველ პარტიაში ქაოსია და კვირიკაშვილს, ძირითადად, საგარეო მინისტრის ფუნქციის შესრულება უწევს, რადგან მთავრობაში უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე პასუხისმგებელი სხვა ფიგურები გამოჩნდნენ, მისი საგარეო პოზიციების განმტკიცება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. "ქართულ ოცნებაში" კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად შერჩევისას მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ მან საგარეო საქმეთა მინისტრობისას საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრება მოახერხა.

დღეს "ქართული ოცნების" არც ერთ სხვა სახელისუფლებო ფავორიტს ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე მოწესრიგებული არა აქვს. შესაბამისად,

თუ ივანიშვილს ოდესმე გაუჩნდება კვირიკაშვილის შეცვლის სურვილი, მან უნდა იზრუნოს პოტენციური შემცვლელის საგარეო მხარდაჭერაზეც. თუ ეს არ მოხდება, კითხვები გაჩნდება არა სხვა, კვირიკაშვილის შემცვლელ პრემიერთან, არამედ ქვეყნის კურსთან, რაც საგანგაშო იქნება ჩვენი მომავლისთვის.

- აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრემიერთან შეხვედრისას აშკარად მიანიშნა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებლობაზე. რა შეიძლება შეიცვალოს ამ განცხადების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში? - როგორც აშშ, ასევე ევროპაც, დიდი ხანია, შეშფოთებას გამოთქვამენ ერთპარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის გამო. საქართველოს დელეგაციის ვიზიტის პარალელურად კერძო შეხვედრები გავმართე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით მათთვის უფრო მკაფიო გახდა საქართველოში ერთპარტიულობის პრობლემა და შეშფოთებამაც იმატა. ყველა შეხვედრაზე ითქვა, რომ ერთპარტიული მონოპოლია დააზიანებდა სახელისუფლებო სისტემას. ივანიშვილის ნაბიჯმა ზუსტად ამაში დაარწმუნა ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები. რა თქმა უნდა, საქართველოს უცხოეთიდან არავინ აკადრებს, მმართველ პოლიტიკურ ძალას მიანიშნოს, უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტი მმართველი პარტიის კანდიდატი, მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ისინი უფრო ყურადღებით დააკვირდებიან, საპრეზიდენტო არჩევნებისას იქნება თუ არა მედია მონოპოლიზებული და ბიზნესწრეების დონაცია - შეზღუდული. სწორედ ახლა უნდა გადაწყვიტოს ივანიშვილმა, 2012 წლის პოლიტიკურად ჯანმრთელ პოზიციას დაუბრუნდება თუ ბოლო წლებში უკუღმა წასულ საქმეს უფრო უკან დასწევს და ძალაუფლების ვერტიკალს განამტკიცებს.

- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოთქმული ეს პოზიცია აღიქვით მინიშნებად, რომ თუ ფაქტობრივად უუფლებო მომავალი პრეზიდენტი მმართველი პარტიის წარმომადგენელი იქნება, "ქართული ოცნებისადმი" ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება? - სწორედ იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების საკითხი არ წყდება, სახელისუფლებო გუნდის ლიდერებს უკეთესი შანსი აქვთ, დაადასტურონ, რომ ხარვეზები აღმოიფხვრა და "ოცნებამ" პრობლემების გადაჭრაზე დაიწყო ფიქრი. უნდა გავიაზროთ, რომ დღეს ჩვენი და ამერიკის ინტერესების თანხვედრაა. არ აღმოვჩნდით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მარგინალიზებული ქვეყანა, რომელიც ახალ ადმინისტრაციასა და აშშ-ის არაორდინარულ პრეზიდენტს არ აინტერესებს, თუმცა აქ მთავარია ღირებულებათა თანხვედრა - როგორი საქართველო აინტერესებს აშშ-ს. სამწუხაროდ, ამ მხრივ სირთულეები გვაქვს.

- აშშ-ში წარმატებული ვიზიტის მეორე დღესვე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. ეს არის პრობლემა - ღირებულებები და ჩამოუყალიბებული პოზიციები? - პრობლემა ის არის, რომ სახელისუფლებო გუნდი არ არის გაჟღენთილი დომინანტი ღირებულებით და ცდილობს, ყველაფერი თავის თავში მოაქციოს. დღეს "ქართულ ოცნებაში" ლიბერალებიც არიან, კონსერვატორებიც, რადიკალური ჯგუფებიც. როდესაც გუნდი ამბობს, რომ ყველაფერი თვითონაა და ამიტომ არ სჭირდება სხვა პარტია თუ სხვისი მოსაზრება - ეს მესიანიზმის გამოვლინებაა. არადა, ამ დროს არ ხარ მაგარი და ყოჩაღი. დიახ, აშშ-ში წარმატებული ვიზიტის კვალდაკვალ, ქვეყანაში ორი კვირაა, ადამიანებს არ აქვთ ბარიერი, ღიად გამოხატონ გულწრფელი სურვილი მეორე ადამიანის გაგლეჯის, თავის გატეხის... საგანგაშოა ისიც, რომ ქვეყანაში აგრესიის ამხელა მუხტია, ამას კი ხელისუფლება ვერ ხედავს და ყველაფერი გახარიას მარიფათის იმედად არის დატოვებული.

ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა და ქვეყანაში ასეთი უსუსურობის გამოვლინება ერთმანეთს ვერ უთავსდება.

რუსუდან შელია